LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოირგო ცისანა სეფიაშვილმა ბებიის ამპლუა და როგორ ერთობა შვილიშვილებთან ერთად: „ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? უბრალოდ, ბებიას არ მეძახიან…“

846
ცისანა სეფიაშვილი

ცისანა სეფიაშვილმა ახლახან შვილიშვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მისი უფროსი ვაჟი და რძალი შვილებთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოს სტუმრობენ ხოლმე… ეს მათი ოჯახებისთვის დიდი დღესასწაულია…

მართალია, ცისანა სეფიაშვილს პატარები ბებიას არ ეძახიან, მაგრამ ბებიობა სრულად აქვს შეგრძნებული, თუმცა ემოციების სიტყვებით გადმოცემა უჭირს…

ცისანა, ახლახან გამოაქვეყნეთ ფოტოები შვილიშვილებთან ერთად. ბებიობის შეგრძნება როგორია, დედობის შემდეგ რა განცდები დაგეუფლათ?

ბოლომდე კიდევ ვერ ვხსნი, რა შეგრძნებაა. უკიდეგანოდ გიყვარს, უჯრედულ დონეზე, თავიდან ბოლომდე ხარ მოცული ამ სიყვარულით, მაგრამ პასუხისმგებლობა ნაკლებია. ჩემი რძალი ძალიან კარგი დედაა.

ახალგაზრდა უფრო მარტივად უყურებ ამ ყველაფერს, როცა ბებია ხდები, სხვა შეგრძნებაა, როცა შენი ნაწილია, შენი შვილის ნაწილი იბადება. შენი შვილის მიმართ გიჩნდება კიდევ სხვა განცდა, რომ ის უკვე მამაა, მას უკვე ჰყავს თავისი ნაწილი… შენ გვერდიდან ხარ ჩართული, მხოლოდ სიყვარულისა და სითბოს მიმცემი, როცა დავჭირდები, მაშინ ვიყო მათთან ერთად. ამ ემოციების სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. ყველა ბებია დამეთანხმება, საერთოდ სხვა ემოციაა, რომელსაც ვერაფერს შეადარებ.

უფროს შვილიშვილთან ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორიც პატარასთან. უფროსთან სხვა თემებით ვერთობი, უმცროსთან, უფრო სხვანაირად. უფროსთან თამაშებია, საუბრები, რაღაცების ნახვა ერთად, პატარასთან ხოხვა, სიარული, სიცილი, ძალიან მოუსვენარია (იღიმის).

ბებიას რომ გეძახიან, ეს თქვენზე როგორ მოქმედებს?

(იღიმის) ჩვეულებრივად. ჩემი შვილის ოჯახი არ ცხოვრობს საქართველოში. როცა დაგვირეკეს ვიდეოზარით და გვამცნეს, რომ პირველ შვილიშვილს ველოდებოდით, ცრემლები დამსკდა. რომ ვნახე, უკვე გულსა და სულში ჩამიძვრა. მართლა პირველად ხდება, როცა არ ვიცი, რა ვთქვა… ჩემი შვილი და მისი ოჯახი პერიოდულად ჩამოდის ხოლმე საქართველოში, ზოგჯერ ბავშვებს გვიტოვებენ ბებიებს ძიძებთან ერთად, რადგან ორივე ბებია დაკავებულები ვართ, თუმცა ვცდილობთ, ერთმანეთს ჩავენაცვლოთ, რომ ბავშვებს ყურადღება არ მოაკლდეთ. მთავარი კი ის არის, რომ გვევალება სიყვარული, მზრუნველობა… ახლაც ვესაუბრებოდი მეორე ბებიას ბავშვთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვართ ჩართულები… ზაფხულსა თუ ზამთარში თითო თვე გვაქვს ხოლმე მათთან ურთიერთობისთვის ხანგრძლივად. აქ რომ არიან, მაქსიმალურად ვცდილობთ დროის გამოყენებას მათთან ყოფნისთვის. უფროსს ძალიან უყვარს ჩემთან დარჩენა… ეს ამბავი ძალიან მახარებს… ძალიან მარტივად მოვირგე ბებიის ამპლუა, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? უბრალოდ, ბებიას არ მეძახიან (იცინის). ცისანა, ცისა… როგორც ჩემი უფროსი შვილი მეძახის ცისას… პატარა ჯერ ვერაფერს ამბობს, მაგრამ ბებიას დაძახება არ წარმომიდგენია და არც მქონია ამის სურვილი, არც მეძახიან…

ბატონი ჯემალი და ქალბატონი მანანა როგორი დიდი ბებია და დიდი ბაბუა არიან?

ეს ცალკე ფენომენია, რადგან გიორგი მათთვის არის შვილივით. თითქოს, ისევ ახალგაზრდები არიან, როდესაც პირველი შვილიშვილი შეეძინათ.

ცისანა, თქვენს მეუღლეს რთული პერიოდი ჰქონდა, როცა რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ახლა როგორ გრძნობს თავს? გადალახეთ ის რთული პერიოდი?

ჩემი მეუღლე საკმაოდ მძიმედ იყო წინა წელს, მაგრამ ისიც იზიარებს ჩემს ბედნიერებას. ეს ის ბედნიერებაა, რომელსაც ვერ მოიკლებ, არ ყოფილა ეგოისტური მომენტი, რომ უნდა გამყოს შვილიშვილებთან. თვითონ არის ძალიან კარგი მამა და ძალიან კარგი ბაბუა. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვყავს შვიდი შვილი და სამი შვილიშვილი.

ბევრი სხვადასხვა ეტაპი გქონიათ ცხოვრებაში. დღეს რა ეტაპია? როგორ მოგწონთ ის, რაც დღეს ხდება თქვენს თავს?

ძალიან მომწონს – თუ ასე პირდაპირ მეკითხებით, ასე გიპასუხებთ (იცინის). იმდენად კარგად ვარ, იმდენად მშვიდად ვარ და ბედნიერად, ვფიქრობ, იყო წარსული, რომელმაც რაღაცები მასწავლა, გამზარდა, რაღაცები გადამაფასებინა, რომ არა ეს ყველაფერი, შეიძლება, ასე ბედნიერი დღეს არ ვყოფილიყავი. კარგი იქნებოდა, რომ ცუდი არაფერი ყოფილიყო, მაგრამ უფალს მადლობა ყველაფრისთვის, მყავს ოთხი არაჩვეულებრივი შვილი. მინდა, ქალბატონებს ვუთხრა, არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი და არ იყვნენ იმ განწყობით, რომ რაღაც დასრულდა. თუ გვაქვს სიყვარული გულში, თუ ვართ ღია ლამაზი და ტკბილი ურთიერთობისთვის და არ მაქვს საუბარი მხოლოდ მამაკაცთან ურთიერთობაზე, თუ სხვების ბედნიერებაც გვაბედნიერებს, ის ჩვენთანაც მოვა. არასდროს არის გვიან, რომ ცხოვრება დაიწყო თავიდან…

magti 5g