LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ევროპული საახალწლო კერძები

436

ევროპელებისთვის, ახალი წელი ერთკვირიანი მხიარულების დამაგვირგვინებელი დღესასწაულია, რომელსაც ყველა საკუთარი, მათ შორის კულინარიული ტრადიციებით აღნიშნავს. მაგალითად, ინგლისსა და ბულგარეთში სადღესასწაულო ღვეზელს მონეტასთან ერთად აცხობენ, ის კი, ვინც მას იპოვის მთელი წელი იღბლიანი იქნება. რუმინეთში დიასახლისები მონეტის ნაცვლად ღვეზელში მცირე ზომის ბარათებს დებენ ჯანმრთელობის, სიყვარულის და წარმატების სურვილებით. ესპანეთში, სანამ საათი თორმეტს ჩამოკრავს, სურვილის ჩაფიქრებასთან ერთად ყურძნის თორმეტ მარცვალსაც მიირთმევენ, რათა ჩაფიქრებული გარანტირებულად ასრულდეს. პოლონეთში საახალწლო მენიუს მთავარი კერძი კობრია, მისი თავი ოჯახის უფროსს ეკუთვნის ფარფლებს კი, საფულეში ინახავენ სიმდიდრის მოსაზიდად.

ღვეზელი საქონლის ხორცით და თეთრი სოკოთი (ინგლისი)

evropeyskie-blyuda_1

ხორცის ღვეზელი ინგლისელების და შოტლანდიელების საყვარელი საახალწლო კერძია. მისი მომზადება საკმაოდ შრომატევადია, ამიტომ  ფხვიერი ცომის ნაცვლად თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე გამზადებული ცომი.

ინგრედიენტები ცომისთვის – 300 გ. პურის ფქვილი, 125 გ. ნაღების კარაქი, 1 კვერცხი, 2-3 სუფრის კოვზი გაყინული წყალი და მარილი გემოვნებით.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის – 1 კგ. საქონლის ხორცი,  200 მლ. საქონლის ბულიონი, 20 გ. თეთრი მშრალი სოკო, 1-2 ცალი ხახვი, 2-3 ცალი სტაფილო, დაფნის 2 ფოთოლი, 300 მლ. ელი (ან ხარისხიანი მუქი ლუდი), 2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა, წიწაკა და მარილი გემოვნებით.

შიგთავსის მომზადების წესი – დაასხით სოკოს 100 მლ. წყალი და  20-30 წუთის შემდეგ წვრილად დაჭერით, ნაყენი კი, შეინახეთ. საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილ, ტაფაზე ზეთში ნახევრად შემწვარ ხორცს აურიეთ ცალკე წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და რგოლებად დაჭრილი სტაფილო, მერე კი,  დაუმატეთ ტომატის პასტა, ელი, სოკო და სოკოს ნაყენი. თუ სითხე ცოტა აღმოჩნდა დაუმატეთ ხორცის ბულიონი. დაახურეთ ტაფას თავსახური და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 1 საათით,  სანამ ხორცი არ დარბილდება.  დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და მანამდე მოთუშეთ, სანამ ხორცის სოუსი არ შესქელდება. ქურიდან გადმოღების წინ ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

ცომის მომზადების წესი – გაცერით ფქვილი მარილთან ერთად და მოზილეთ კუბიკებად დაჭრილ ცივ კარაქთან ერთად (შეგიძლიათ გააკეთოთ ხელით ან გამოიყენოთ სამზარეულოს კომბაინი). მოაგროვეთ ცომი ერთ გუნდად. თუ იფშხვნება დაუმატეთ ცოტა გაყინული წყალი, მერე კი, საკვებ პოლიეთილენში გახვეული 30 წუთით შეინახეთ მაცივარში. ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გააბრტყელეთ, მოათავსეთ ფორმაში და გაავსეთ შიგთავსით. დარჩენილი ცომი თავიდან გააბრტყელეთ, დააფარეთ შიგთავსს და კარგად შემოკეცეთ გვერდები. გაუკეთეთ რამდენიმე ნაჩხვლეტი ორთქლის გამოსასვლელად. გადაუსვით კვერცხი და 200 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში 30-40 წუთით გააჩერეთ.

იხვი ნიგვზით და ბალზამის სოუსით (საფრანგეთი)

evropeyskie-blyuda_2

თუ გიყვართ იხვი, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა.

ინგრედიენტები – იხვის ფილე, 5 ცალი ლეღვის ჩირი, 50 გ. ნიგოზი (ან ნუში), 50 მლ. ბალზამის სოუსი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 50 გ. ნაღების კარაქი, მარილი და წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი – ოთხ ნაწილად დაჭრილ ლეღვს დაასხით ცხელი წყალი. მოხალეთ ნიგოზი მშრალ ტაფაზე, ბალზამის სოუსი კი, ჩაასხით პატარა ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ურიეთ. დაუმატეთ კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ კი, თბილად შეინახეთ.

შეკმაზეთ იხვის ფილე მარილით და წიწაკით, გაუკეთეთ კანზე პატარა ჭრილები, ისე რომ არ გაჭრათ ბოლომდე. შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, შემდეგ გაახვიეთ ფოლგაში და 10 წუთით გააჩერეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. გამოღების შემდეგ ცოტა ხნით გააჩერეთ ფოლგაში. ბალზამის სოუსს დაუმატეთ ნიგოზი, ლეღვი და კარგად აურიეთ. მიირთვით იხვი სოუსთან, ნიგოზთან და ლეღვთან ერთად.

თბილი კარტოფილის სალათი შებოლილი თევზით (ფინეთი)

evropeyskie-blyuda_3_1

ფინელი დიასახლისები სადღესასწულო ვახშმისთვის აუცილებლად ამზადებენ თევზის კერძებს – სხვადასხვა სალათებს ან ღვეზელს  ნაკლებმარილიანი ან შებოლილი თევზით.

ინგრედიენტები – 400 გ. კარტოფილი, 1 კონა კამა, 100 გ. შებოლილი თევზის ფილე, მაიონეზი და მარილი გემოვნებით.

კარტოფილის სალათის მომზადების წესი – ძაფით შეკრული კამის კონა და 10 წუთით ჩააგდეთ მდუღარე წყალში, მერე კი, ცივი წყალი გადაავლეთ. მოაჭერით ღეროები, ფოთლები კი (ხის კოვზით) პასტად აქციეთ, შეურიეთ მაიონეზს და დაუმატეთ ცოტა ლიმონის წვენი. გაფცქვნილი და დაჭრილი კარტოფილი იმავე ქვაბში მოხარშეთ სადაც მანამდე კამა იხარშებოდა და დაუმატეთ ცოტა მარილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარტოფილი არ ჩაიხარშოს და არ დაიშალოს. შებოლილი თევზი დაჭერით ნაჭრებად და აურიეთ მაიონეზის სოუზით შეკმაზულ კარტოფილთან. სტუმრებს სალათი თბილი მიართვით.

ბანიცა (ბულგარეთი)

evropeyskie-blyuda_4

ფენოვან ღვეზელს ყველით, ბულგარელები თითქმის ყველა დღესასწაულისთვის აცხობენ და არც ახალი წელია გამონაკლისი. ცომი შეგიძლიათ თვითონ მოამზადოთ ან უკვე გამზადებული ფენოვანი ცომი შეიძინოთ.

ინგრედიენტები ცომისთვის – 400 გ. პურის ფქვილი, 1 კვერცხი, 50 გ. ნაღების კარაქი, 1 სუფრის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 150 მლ. წყალი.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის – 400 გ. ყველი (საუკეთესო ვარიანტია ბრინზა), 3 კვერცხი და 300 გ. იოგურტი.

დამატებითი ინგრედიენტები – 1 კვერცხის გული და ნაღების კარაქი ცომზე წასასმელად.

მომზადების წესი – აურიეთ ცომის ინგრედიენტები და ნელ-ნელა წყლის დამატებით მოზილეთ რბილი ცომი, გაახვიეთ პირსახოცში და ცოტა ხნით დაასვენეთ. შიგთავსის მოსამზადებლად წვრილად დაჭრილი ყველი აურიეთ იოგურტის და კვერცხის მასასთან. გააბრტყელეთ ცომი და ჯერ ზეთი გადაუსვით, მერე კი, ნაღების კარაქი. გაანაწილეთ შიგთავსი გაბრტყელებულ ცომზე ისე რომ საკმარისი ადგილი დაგრჩეთ კიდეებში. დაახვიეთ ცომი რულეტის ფორმით და შეუკარით ბოლოები. გადაუსვით კვერცხის გული და 30-40 წუთით გამოაცხვეთ მანამდე 180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g