როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი საახალწლოდ ისეთ საჩუქარს ელის, რომელსაც ვერ ვყიდულობთ – მედეა ზირაქაშვილი ახალი წლის დადებითი მხარეებითა და რეკომენდაციებით

14
მედეა-ზირაქაშვილი

„რა როლი და დატვირთვა აქვს ახალ წელს ბავშვების ცხოვრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია საახალწლო სამზადისში მშობლის და ბავშვის ერთობლივი ჩართულობა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი ძვირადღირებულ საჩუქარს ითხოვს, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბაღის საახალწლო ზეიმებს და რამდენად სტრესულია ეს ბავშვისთვის“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქიატრმა, ნევროლოგმა – მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.

მედეა, რა როლი და დატვირთვა აქვს ახალ წელს ბავშვების ცხოვრებაში?

დავიწყოთ პოზიტივით: ახალ წელს ნამდვილად აქვს ჯადოსნური დატვირთვა, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც და ერთი შეხედვით, მაინც უფრო დადებითთან ასოცირდება, ვიდრე უარყოფითთან. თუ გენერალიზებას გავაკეთებთ და დღესასწაულზე ზოგადად ვიმსჯელებთ, უფრო საინტერესო იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი წელი არ არის ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც ასე აქტიურად ველოდებით და რომელსაც ნამდვილად შეიძლება, ჰქონდეს თავისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები. ახალი წლის დღეები, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია. მე ნამდვილად ძალიან პოზიტიურად ვუყურებ და ვიტყვი, რომ მთელი წლის მანძილზე, ეს არის დაახლოებით ის პერიოდი, როდესაც ადამიანების უმრავლესობა თავს უფლებას ვაძლევთ, ყოველდღიურობაზე უარი ვთქვათ, რაღაცნაირად გავაჩეროთ, დავაპაუზოთ ის და გადმოვერთოთ ჩვენთვის ბრჭყვიალა, სასიამოვნო, სასწაულების მომცველ დღესასწაულზე, რომ გამოვნახოთ ჩვენთვის ცოტა უფრო მეტი დრო და ჩვენთვის ახლობელ ადამიანებთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე.

აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს იმას, თუ რატომ ინარჩუნებს ეს დღესასწაული თავის სიკაშკაშეს. ჩვენ ამ დროს ძალიან აქტიურად ვზრუნავთ სოციალურ ურთიერთობებზე. ეს არის ის პერიოდი, როცა შეიძლება მთელი წლის უნახავი ნათესავი, მეგობარი ახლობელი ნახო. ვამზადებთ გარკვეულ საჩუქრებს, რომ ამით ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. აღმოჩნდა, რომ ამ საჩუქრის ჩუქებასაც თავისი ძალიან ბევრი დანიშნულება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტივისთვის. საჩუქრის ჩუქება ხელს უწყობს სიამოვნების ჰორმონების გამომუშავებას თავის ტვინში, ასტიმულირებს: დოფამინის და ენდორფინების გამომუშავებას.ასევე ოქსიტოცინის კონცენტრაციას ზრდის და ამაღლებს კმაყოფილების და მადლიერების განცდას.საჩუქრის ჩუქება გადამდებია გარემოცვისთვის, ბედნიერი სახეების ყურება განმეორებადი ჩუქების რეაქციას ასტიმულირებს.ჰოპკინსის და ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარების მონაცემებით, საჩუქრის შერჩევაზე ზრუნვა, ასევე  საჩუქრის გაცემის პროცესი აქვეითებს სტრესს, ხელს უწყობს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

ახალი წლის პერიოდს ყველა იმედით ელის, რადგან სიახლესთან ასოცირდება. თუ წლის მანძილზე ცუდად მიეწყო ჩვენი ცხოვრება, გვაქვს იმედი, რომ ახალი წლიდან უფრო პოზიტივისკენ შეიცვლება რაღაც. რეალურად, ითვლება, რომ ახალი წლის და შობის დღესასწაულები ჩვენს ღირებულებებთან, ფასეულობებთან ასოცირდება და როდესაც ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში, სწავლობენ  ურთიერთობების მნიშვნელობას,ზრუნვის ფასს, იძენენ დადებით  მოგონებებს და ა.შ. მიიჩნევა, რომ სწორედ ეს ყველაფერია იმის წინაპირობა, რომ ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ასე უყვართ ახალი წლის დღესასწაული.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ახალი წლის პერიოდში მშობელს შეიძლება ჰქონდეს, არის ბავშვის მოლოდინები საჩუქრებთან დაკავშირებით, რადგან ხანდახან ეს მოლოდინები საერთოდ არ ემთხვევა მშობლის შესაძლებლობებს და მშობლისთვის ძალიან რთულია, ახსნას, რომ ის კონკრეტული ნივთი ძალიან ძვირია. რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია, ისე როგორ უნდა ახსნას მშობელმა, თუ რატომ ვერ მოხერხდება კონკრეტული საჩუქრის შეძენა, რომ ბავშვი იმედგაცრუებული არ დარჩეს?

ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მას, ალბათ, ერთი კონკრეტული პასუხი ვერ ექნება, იქიდან გამომდინარე, რომ მშობელმა ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მიუდგეს თავის შვილს, იცის, ის ფასეულობები, რის მიხედვითაც ბავშვი ადგენს თავის მოთხოვნებს. ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლისთვის რთულად შესაძენი საჩუქრები, აბსოლუტურად არ არის აუცილებელი ემთხვეოდეს ახალ წელს და ჯადოსნურ ღამეს.  შეიძლება, რომ მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილებაც მშობელს არც თუ ისე თავისუფლად შეუძლია, მთელი წლის მანძილზეც იყოს აქტუალური პრობლემა. აქ მე საკითხს ისე დავსვამდი, რომ მოლაპარაკების გზით უნდა მივიდნენ კონსენსუსამდე მშობელი და ბავშვი.  სირთულის მთავარი არსი მდგომარეობს არა იმაში, რომ ბავშვს უარს ვეუბნებით რაღაც კონკრეტული ნივთის შეძენაზე, არამედ იმაში, თუ რა ფორმით ვეუბნებით უარს. სხვადასხვა რეკომენდაციებში, რომელიც  მოწოდებულია, მე ერთი კონკრეტული, ჩემთვის ძალიან მისაღები მეთოდი ამოვარჩიე და ალბათ, ამას გამოვიყენებდი ჩემს შვილებთან, ოჯახის წევრებთან, პაციენტებთან. ყველაზე მთავარი წინაპირობა იმის, თუ რატომ არ შეუძლია ბავშვს განსაზღვროს, რამდენად მშობლისთვის შეუძლებელ რამეს ითხოვს, გახლავთ – „ძვირადღირებულების“ მნიშვნელობა. ბავშვს, რომელიც არ მუშაობს, ფულის ყადრი ნაკლებად  ესმის. ჩემს მიერ აღნიშნული რეკომენდაცია, ზუსტად ამას ასწავლის და გვეუბნება, რომ მთავარი არის ის, რომ სწორედაც, ძვირადღირებულის განმარტებით და გაცნობიერებით დავიწყოთ, რომ შვილს ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ძვირი. აღსანიშნავია, რომ არა თუ ბავშვებს, არამედ ხშირად, ზრდასრულებსაც კი გვაქვს ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ჩვენს ბიუჯეტს არ შეესაბამება, მაგრამ ამ დროს ბევრ თანამედროვე მიდგომას, მაგალითად, განვადებას და ა.შ. ვიყენებთ. რას ვაკეთებთ შვილის შემთხვევაში, ვკიდებთ მას ხელს და მიგვყავს მაღაზიაში, სადაც ერთად ვამოწმებთ იმ კონკრეტული ნივთის ფასს, რომელიც მას სურს. ვპირდებით თანხის შეგროვებას. ვაყენებთ ბავშვს საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხის მოგროვება დაგვჭირდება და რა დროში, ჩვენი ხელფასიდან გამომდინარე, რომ მის მოთხოვნას შევწვდეთ. გეგმის სახით ვაკეთებთ  დღეების გაწერას, გარკვეული პერიოდული გადასახადის საფუძველზე, თუ რამდენ ხანში შეიძლება შევაგროვოთ თანხა, რომ მან ეს საჩუქარი მიიღოს. (თანხის ოდენობას და ჩარიცხვის პერიოდულობას, მშობელი საზღვრავს).ვიღებთ მთლიან თანხას, მის ოდენობას გარკვეულ პერიოდზე ვანაწილებთ და ვეუბნებით, რომ ჩვენ შეგვიძლია, მას პერიოდულობით მივცეთ თანხა, რომელსაც შემდგომ სასურველი საჩუქრის შესაძენად გამოვიყენებთ. შესაბამისად, ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ ის საჩუქარი, რომელიც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია, მარტივად შესაძენი არ არის, რომ ამ საჩუქრის შესაძენად დრო, მოთმინება და თანხის გარკვეული რაოდენობა გვჭირდება. ვაჩვენებთ, რომ უარს არ ვეუბნებით, ვიღებთ ამ მოთხოვნას, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობა ასეთია. ვეუბნებით, რომ  გპირდები, აუცილებლად შეიძენ ამ ნივთს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ და ნაწილ-ნაწილ შეგროვებული თანხის მეშვეობით, რადგან მეტის საშუალება უბრალოდ არ გვაქვს.

ძალიან ბევრი გამოგონილი ისტორიაა ახალ წელთან დაკავშირებით, მაგალითად, საიდან მოდის სანტა-კლაუსი, როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რა რიტუალები უნდა გავაკეთოთ და ა.შ. პრაქტიკულად, მთელი წელი ამ კონკრეტულ დღესთან არის დაკავშირებული. ასეთი რწმენა და მოლოდინი, ამდენი ზღაპარი ერთად ცოტა უტრირებული ხომ არ არის?

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა. ძალიან ბევრი მკვლევრის აზრია, რომ ბავშვს აქვს უფლება მის ცხოვრებაში არსებობდეს ჯადოქრობები და არ არსებული არსებები, რომლებიც მათ ცხოვრებას ულამაზებენ. პირდაპირ არის ასეთი პარალელი გავლებული, რომ ბავშვი ცხოვრებაში ისედაც იმდენად ბევრ ტყუილს ხვდება, რომ თუ ეს ახალ წელთან დაკავშირებული წარმოდგენები პოზიტიური იქნება, ხელს შეუწყობს მის კრეატიულობის, ფანტაზიის განვითარებას, რატომაც არა, არსებობდეს მის ცხოვრებაში ასეთი ჯადოქრობები.

ძალიან საინტერესოა ისიც, თუ სადამდე უნდა სჯეროდეთ ამ ყველაფრის, რა ასაკში გავუმხილოთ ბავშვს სიმართლე? პასუხი ასეთია, ბავშვს უნდა სჯეროდეს მანამ, სანამ ის ამას დაიჯერებს. კონკრეტული ასაკი, თუ რა ასაკში უნდა გავაჟღეროთ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ალბათ, არსად იქნება მითითებული, რადგან პასუხი ასეთია, ნებისმიერი ბავშვი თვითონ მწიფდება იმისთვის, რომ საკუთარ შეკითხვებზე პასუხი იპოვოს. აღმოჩნდა, ჯადოსნური არსებების არსებობა მხოლოდ მათი პოზიტივისთვის არ არის აუცილებელი, რომ ეს კიდევ ერთი დამატებითი წყაროა იმისთვის, რომ ბავშვმა ინფორმაცია მოიძიოს, დასვას შეკითხვები, დააკვირდეს, გააკეთოს დამოუკიდებელი დასკვნები. ჟურნალი „Child development“, რომელიც ყოველთვის კვლევებზე აფუძნებს იმ ინფორმაციას, რომელსაც ავრცელებს და ისინი 2000 წლიდან ატარებენ კვლევებს საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით, გვაწოდებს ინფორმაციას, ბენეფიტებზე, თუ რატომ უნდა სჯეროდეთ ჩვენს პატარებს ამ ჯადოსნური არსებების. ითვლება, რომ ბავშვს, რომელსაც სასწაულების სჯერა, კრეატივის და ფანტაზიის გაცილებით კარგი უნარი აქვს. ამ უნარების მქონე ბავშვს კი  გაცილებით კარგად ესმის სხვების, მათი ემოციების. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ სოციალურ-ემოციურ განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენცია სოციალური შემეცნებაა, ე.ი ეს ბავშვები თავიანთი თანატოლების მიმართ  გამორჩეული ლოიალობით ხასიათდებიან. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რატომ არის ეს კვლევა მომხრე იმის, რომ ბავშვებს ამ ყველაფრის სჯეროდეთ, არის ის, რომ როდესაც ისინი საუბრობენ ან ესაუბრებიან წარმოსახვით არსებებს, წერილებს წერენ თოვლის ბაბუას, უკეთესად  ივითარებენ კომუნიკაციურ უნარებს, მათ შორის, წერილების წერის უნარს, დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. იგივე კვლევა გვეუბნება, რომ კითხვის და ენობრივი განვითარების უნარები გაცილებით უფრო მაღალი აქვთ იმ ბავშვებს, რომელთაც უფრო დიდხანს რჩებათ ამ ჯადოსნობის რწმენა.

ანუ ფრაზა, რომ შენ დიდი ხარ და რაღა დროს შენი თოვლის ბაბუაა მცდარია ხომ?

რა თქმა უნდა. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს დავიჯერებ თუ არ დავიჯერებ ან რა დროით დავიჯერებ, ამას ასაკი არ გააჩნია.

მე მახსენდება, როცა ჩემმა შვილმა 7 წლის ასაკში მითხრა, რატომ არ მითხარი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, ამის გამო ბავშვებთან მომიწია კონფლიქტში შესვლაო. მაშინ, როდესაც მისი კლასელები ამტკიცებდნენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა, აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი ამტკიცებდა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს.

ითვლება, რომ ბავშვებს, რომელთაც ამ ჯადოსნობის დაჯერების შესაძლებლობა გვიან ასაკამდე აქვთ, ემოციების რეგულირების გაცილებით კარგი უნარი უვითარდებათ, ქცევის  დარეგულირებისთვის კი მშობლებს მეტი ბერკეტი… თუ ბავშვს სჯერა, რომ მთელი წელი თოვლის ბაბუა აკვირდება მის ქცევას, აკადემიურ მოსწრებას და მან უნდა დაიმსახუროს სასურველი საჩუქარი,  სანიმუშო ქცევით და დადებითი აკადემიური მოსწრებით, ის ამისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

რომ შევაჯამოთ, „Child development“-ის კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბავშვებს, რომელთაც გვიან ასაკამდე უნარჩუნდებათ ჯადოქრობების რწმენა, შედარებით უკეთესად აქვთ განვითარებული – ქცევა, ემოციების რეგულირება, ემპათიის უნარი, აკადემიური უნარები… შესაბამისად, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვლევები ასეთ პოზიტიურ პასუხებს გვაძლევს.

რა დატვირთვა აქვს საახალწლო სამზადისში როგორც მშობლის, ისე ბავშვის ჩართულობას?

დადასტურებულია, რომ ბავშვებისთვის, მათი განვითარებისთვის, დღესასწაულის პოზიტიურად აღქმისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების, ახლობელი ადამიანების, საახალწლო სამზადისში, აქტიური ჩართულობა. ბავშვებთან ერთად მეტი დროის ერთად გატარება არის ის უძვირფასესი შესაძლებლობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. რაც არ უნდა გაკეთდეს, თუ ის ერთად კეთდება, გაცილებით სასიამოვნოა. ძალიან კარგია, თუნდაც, გემრიელობების მომარაგება, ფილმის შერჩევა და ერთად ყურება, დეკორაციების შექმნა.

საახალწლო სამზადისის მთავარი ატრიბუტი ბავშვებთან ერთად პოზიტიურ გარემოში რაღაც საქმიანობით დაკავებაა, იქნება ეს წიგნის ერთად კითხვა, მთავარი ნაძვის ხის განათების ერთად ნახვა თუ სხვა რამ… ამ ყველაფრის მთავარი არსი არის თავად პროცესი, ერთად გატარებული დრო და ბევრი პოზიტივი.

ორად იყოფა საზოგადოების აზრი ბაღის საახალწლო ზეიმებთან დაკავშირებით. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ზეიმები უნდა დამთავრდეს, რადგან ბავშვისთვის ეს დიდ სტრესთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული, ნაწილი კი თვლის, რომ ეს პირიქით, ძალიან სასიამოვნო პროცესი და შემდგომ უკვე მოგონებაა ბავშვისთვის. როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით და რა რეკომენდაცია არსებობს ამ მიმართულებით?

ჩემთვის ძალიან რადიკალურია ეს მიდგომები და მოდით, ორივე მიმართულებაზე ვისაუბროთ, ვთქვათ ასეთი ზეიმების ნეგატივიც და ბენეფიტიც.

პირველ რიგში, ვთქვათ, რომ მთავარი მესიჯი ნებისმიერი აქტივობის, რომელიც ასაკობრივ სოციუმში იგეგმება, უნდა იყოს ის, რომ ბავშვებმა, მშობლებმა, სასწავლო გარემომ, სიამოვნება მიიღონ პროცესით და არა შედეგით.

მენტალური ჯანმრთელობის კუთხით მივუდგეთ ამ საკითხს… საბავშვო ბაღის გარემო, არის პირველი ასაკობრივი სოციუმი, როდესაც ჩვენი პატარა დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს, როდესაც პირველად ემიჯნება ოჯახს. ერთგვარი სოციალური უნარია , რომ მე ჩემი შესაძლებლობები სოციუმისთვის გავაზიარო. პროცესის მთელი ხიბლი უნდა იყოს ის, თუ როგორ წაახალისებს ამ უნარებს, მაგალითად, საბავშვო ბაღი. რამდენად არიან მშობლები და პედაგოგები ორიენტირებულნი იმაზე, რომ ბავშვის სადღესასწაულო გამოსვლა აბსოლუტურად ემსახურებოდეს ისეთი ახალი სოციალური უნარის გამომუშავებას, როგორიცაა საკუთარი შესაძლებლობების „ფართო აუდიტორიამდე“ მიტანა. ლექსი თავიდან ბოლომდე მივა მაყურებლამდე, ცეკვა თავიდან ბოლომდე შესრულდება თუ არა,  როგორც კი მეასეხარისხოვანი მიზანი გახდება, დამერწმუნეთ, რომ საბავშვო ბაღის აქტივობები იმ მთავარ ფუნქციას შეიძენს, რის გამოც, ალბათ, ეს აქტივობები შეიქმნა.

ბავშვს, რომელიც დადის სხვადასხვა წრეზე,ან ზოგადად, რომელსაც სხვადასხვა სოციალურ გარემოსთან გაცილებით აქტიური შეხება აქვს, გაცილებით მაღალი სოციალური თავისუფლება აქვს გარემოს მიმართ. ამ ბავშვის შფოთვითი რეაგირება გარემოსთან მიმართებაში გაცილებით ნაკლებია. ასევე მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ საკუთარი უნარების დემონსტრირება. შესაბამისად, თუ ამ ნიშნით მივუდგებით, გამოვა, რომ საბავშვო ბაღის ზეიმები ეს არის ტრამპლინი, ეს არის ბაზისი, რომლითაც ამ ბავშვების ფართო საზოგადოებაში გასვლა იწყება. უბრალოდ, აქ არ უნდა იყვნენ აღმზრდელების ფავორიტები,  მთავარია,ნებისმიერ ბავშვთან აქცენტი, ბავშვის ძლიერ მხარეებზე გავაკეთოთ და შევქმნათ მხარდამჭერი გარემო, რომ ბავშვმა აუდიტორიის წინაშე თავი მოიწონოს. ასევე, აუცილებელია, რომ ეს იყოს ნებაყოფლობითი. ბავშვს უნდა დავეკითხოთ, უნდა თუ არა მონაწილეობა. დედას თუ უნდა, რომ მის შვილს თავზე ბაფთა მოაბას და თოჯინას სახით წარადგინოს აუდიტორიის წინაშე, ეს სულ არ არის ბავშვის მოთხოვნილება, თუმცა ამის პარალელურად, არსებობენ ბავშვებიც, რომელთაც პირიქით, სურთ საკუთარი შესაძლებლობების საზოგადოების წინაშე დემონსტრირება. ეს ყველაფერი უნდა იყოს ბავშვის ღირებულებებზე, მოთხოვნებზე, შესაძლებლობებზე მორგებული და უნდა იყოს პოზიტიურად მხარდაჭერილი გარემოს მხრიდან.

როდის შეიძლება წავიყვანოთ ბავშვი საახალწლო კონცერტის, სპექტაკლის, დადგმის და ა.შ. სანახავად , როდის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ის ასაკია, როცა ბავშვი ამ ყველაფრით ისიამოვნებს და არ იტირებს?

ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს არა კონკრეტულად ასაკს, არამედ ბავშვის იმ სფეროების განვითარებას რაც აუცილებელია წარმოდგენაზე კომფორტულად დასასწრებად, როგორიცაა: შინაარსის გაგება, ყურადღების კონცენტრირება,მოტორული აქტივობა.

ვიღაცისთვის ეს პერიოდი შეიძლება 2-3 წლის ასაკი იყოს, მაშინ, როცა სხვისთვის შესაძლოა 13 წელიც არ იყოს საკმარისი მარტივად  2 საათიან წარმოდგენაზე გასაძლებად.

პირველი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ჩვენ გავაკეთოთ მოდელირებული დასწრება ამ კონცერტებზე. ჩავრთოთ იმ წარმოდგენის მსგავსი დადგმა, სადაც ბავშვის წაყვანას ვგეგმავთ, ასევე ჩავრთოთ წამმზომი და დავაკვირდეთ ბავშვის ქცევებს.

აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ ღონისძიების ხანგრძლივობაა მნიშვნელოვანი, არამედ დაწყების დროც. ითვლება, რომ 20:00 შემდგომ დაწყებულ ღონისძიებებზე დასწრება შედარებით პატარა ასაკის ბავშვებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ, რადგან მათ ეწყებათ ძილის წინა აჟიტირება. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ 3 წლის ბავშვი გარკვეულ საახალწლო საღამოზე გვიან წავიყვანოთ, უკვე ფიასკოსთვის არის განწირული ჩვენი მცდელობა.

მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა გაცემული იმაზეც, თუ სად უნდა იჯდეს შედარებით პატარა ასაკის ბავშვი, რომელსაც ცოტა მეტი მიდრეკილება აქვს ჰიპერაქტიურობისკენ? გასასვლელებთან ახლოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მარტივად შეძლოს მშობელმა, ბავშვთან ერთად ღონისძიების დატოვება  რა თანხაც არ უნდა გქონდეთ გადახდილი ბილეთში, არ ღირს თქვენი და თქვენი შვილების სტრესი, იმად, რომ იძულებით გააძლებინოთ იმ საღამოზე.

თავდაპირველად არ უნდა ავირჩიოთ ხანგრძლივი, მაგ. მაინცდამაინც 2 საათიანი ღონისძიება, უმჯობესია შედარებით პატარა, გარე სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებით დავიწყოთ. ყველაფერი ისევ და ისევ ინდივიდუალურ შესაძლებლობებამდე დადის. უნდა გავითვალისწინოთ ღონისძიების ხანგრძლივობა, ბავშვის ჰიპერაქტიურობა, ყურადღების კონცენტრირების შესაძლებლობა, ენობრივი განვითარების უნარები, ღონისძიების დაწყების დრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები