ყოველ ოთხშაბათს 17:00 საათზე, რადიო „არ დაიდარდოს“ მსმენელს გადაცემა „გზაჯვარედინი“ თაკო მელიქიშვილთან და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიასთან ერთად ელის. 9 მარტს, გადაცემის მთავარი თემა თილისმები გახლდათ. რადიოს მსმენელმა ისწავლა, თუ როგორ დაამზადოს ფინანსური წარმატების თილისმა, როგორ დაიცვას თავი ნეგატიური ენერგეტიკისგან და როგორ გაწმინდოს სახლში არსებული უარყოფითი ენერგიისგან.
ანზორ ოდიშარია: ძალიან საინტერესო და უცნაური ინფორმაციები უნდა გაგიზიაროთ თილისმებთან დაკავშირებით. სანამ რელიგია იარსებებდა, თილისმა იყო პირველი რწმენის ინსტრუმენტი, პირველყოფილმა ადამიანმაც კი იცოდა, რომ სჭირდებოდა თილისმა წარმატებისთვის, იმისთვის, რომ ნადირს არ შეეჭამა, ოჯახი დაეცვა, ძლიერი ყოფილიყო და ა.შ. თილისმის დატვირთვას ისინი სხვადასხვა ნივთებს აძლევდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თილისმა თვითონ ირჩევს ადამიანს, ყველა ადამიანის ცხოვრებაში მოდის მისთვის საჭირო თილისმა, ჩვენ უბრალოდ უნდა ვიცოდეთ როგორ ამოვიცნოთ.
-როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თილისმა?
-ასტროლოგიური რუკის, დაბადების თარიღის მიხედვით ყველა ადამიანს აქვს თავისი შესაბამისი ხე, მინერალი, ცხოველი და ა.შ. თუმცა, არის სულის კარნახიც, როდესაც შენი სული მიგანიშნებს კონკრეტულ ნივთზე, რომ შენ ეს უნდა ატარო, შენმა გონებამ და სხეულმა ზუსტად იცის, რომ ეს ნივთი გაძლევს გარკვეულ უნარებს, წარმატებას. არიან ადამიანები, რომელთაც წარმატების სიმბოლოდ აქვთ კალამი, ქამარი, მონეტა და ა.შ. თუ დააკვირდებით თქვენს ცხოვრებას აუცილებლად იპოვით თქვენს თილისმას, შეიძლება ეს ნივთი საყვარელმა ადამიანმა, მეგობარმა გაჩუქათ, შესაძლოა თვითონ სამყარომ, შემთხვევითობამ გაპოვნინათ და ამ დღის მერე გარკვეული მისტიკური დატვირთვა მიენიჭა თქვენთვის. თილისმის შერჩევის დროს, პირველ რიგში, აუცილებელია განვსაზღვროთ რისთვის გვჭირდება ეს დამცავი ინსტრუმენტი, რომელიც კონკრეტულ უნარს მოგვანიჭებს, გვჭირდება ეს სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ფინანსური კეთილდღეობისთვის თუ სხვა მიზნით, თილისმა უნდა ასოცირდებოდეს მასთან, რადგან მსგავსი იზიდავს მსგავსს. შესაბამისად, თუ ჩვენ ფინანსების მოზიდვა გვსურს, მას უნდა შევუქმნათ გარკვეული მსგავსი ხატ-სახოვანი, ვიზუალური გამოსახულება, რომელიც შემდეგ მოიზიდავს იმ ენერგიას, რომელიც აქვს ფინანსებს. ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ, რომ 5 ლარიანი არის ფინანსური კეთილდღეობის სიმბოლო, ეს იმიტომ, რომ ჩვენი 5 ლარიანის კუპიურაზე გამოსახულია ხარები. წარსულში, საქართველოში და მთელს მსოფლიოში ხარი ითვლებოდა მატერიალური კეთილდღეობის, სიძლიერის და ა.შ სიმბოლოდ. ადრე ბარაქას იმის მიხედვით ითვლიდნენ თუ რამდენი ხარი ჰყავდათ. ხუთლარიანზე ვხედავთ ხარებს, რომლებიც მიწას ამუშავებენ, სიმბოლურად ეს უკვე ნიშნავს მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას, შენი შრომით მოპოვებულ „პურს“, რომელსაც სიამოვნებით შეირგებ. წარმატების სიმბოლო გახლავთ თევზიც, რადგან უნდა გაგიმართლოს, რომ თევზი დაიჭირო. ყველას გაგვიგია ზღაპარი ოქროს თევზზე, რომელიც სამ სურვილს შეგისრულებს, იმ შემთხვევაში თუ დაიჭერ. 5 ლარიანზე ვხედავთ ფიროსმანის „მეთევზეს“, რომელსაც თევზი უჭირავს. გარდა ამისა, გამოსახულია თივის ზვინები და სახელმწიფოს ნიშანი. სახელწიფოს ნიშანი მნიშვნელოვანია ფულის მოსაზიდად. ჩამოთვლილი სიმბოლოები შეგვიძლია სახლშიც განვათავსოთ. ხარის სიმბოლო უნდა განთავსდეს შემოსასვლელ ოთახში ან იქ სადაც ვისვენებთ, სადაც არის ადამიანების შეკრება. ხარის სიმბოლო სახლში ძლიერების მომტანია, რადგან ითვლება, რომ ხარის სიმბოლო გამოხატავს ხარის ძალას, ხარის ენერგიას. ჩვენ შეგვიძლია სახლში მოვაწყოთ ენერგეტიკული მაგნიტები, მომზიდავი ინსტრუმენტები. ჩვენ შეგვიძლია ხარის სიმბოლო დავდგათ სახლში, როგორც მატერიალური კეთილდღეობის მომზიდავი. ხარი აუცილებლად უნდა დავაყენოთ ფულის კუპიურაზე და ჩვენი ქვეცნობიერით უნდა მივცეთ დატვირთვა და მნიშვნელობა, თუ ჩვენ ამ კოდს არ ჩავდებთ მასში, მაშინ მნიშვნელობა ეკარგება. შეგიძლიათ შემდეგნაირად მოაწყოთ ეს სიმბოლო, აიღოთ თასი, ჩაყაროთ მასში ხურდები და ზევიდან მცველად დააყენოთ ხარი. არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ შემოსავალი, ფული შესდით სახლში, მაგრამ ვერ ინარჩუნებენ ამ ბარაქას, ყველაზე დიდი პრობლემა არასწორი მენეჯმენტია. როგორც კი ფინანსები მოდის, ადამიანები მაშინვე იწყებენ ფიქრს თუ როგორ დახარჯონ, როგორ „მოიშორონ“ თავიან რაც შეიძლება სწრაფად, ეს კი ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა. ადამიანის ქვეცნობიერში არის ჩადებული კოდი, რომ ფული არის ჭუჭყი, რომ მას არ გააჩნია სიკეთე და რომ სიკეთე არის ის, რაც მის შემდეგ მოდის. როდესაც ფინანსები შემოდის სახლში, მისი გარკვეული ნაწილი დაახლოებით 10% ყოველთვის უნდა შევინახოთ და არ დავხარჯოთ მანამ სანამ ჩვენი მიზანი არ ასრულდება, ეს ფული შეგვიძლია შევინახოთ ზარდახშაში, კონვერტით, მაგრამ არა ბარათზე. არსებობს მეორე გავრცელებული შეცდომა, როდესაც ადამიანები ამბობენ „ფული არ მაქვს“. თუ სახლში 5 თეთრი მაინც არის, როდესაც შენ ამბობ, რომ ფული არ გაქვს, ამით ფულის ენერგიას ანაწყენებ და უკუაგდებ. შეგიძლიათ ვთქვათ „არ მაქვს საკმარისი“, მაგრამ არა „არ მაქვს“. მე დღესაც ვმკურნალობ ისეთ ბავშვებს, რომელთაც მშობლები ეუბნებოდნენ „ამას ვერ გიყიდი, რადგან გული არ გვაქვს“, ეს კოდი ჯდება გონებაში და თუ ჩვენ არ გვინდა ჩვენს შვილებში ფულის უარყოფითი კოდი ჩავდოთ, რომელიც დააზიანებს მათ ენერგეტიკული კუთხით, ეს წინადადება უნდა ამოვიღოთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ საკმარისი თანხა არ გაქვთ, ახლა ამის დრო არ არის, დააგროვებთ და შემდეგ და ა.შ. ჩვენ როცა ვიწყებთ ადამიანზე ფინანსურ მკურნალობას და ენერგიის უკუქცევას ვახდენთ, რომ წარმატებით წავიდეს ეს ადამიანი, ვითვალისწინებთ შემდეგ ასპექტებს, პირველი ეს არის პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობა, ოჯახური ურთიერთობა და მეორე ეს არის თვითონ პიროვნების დამოკიდებულება ფინანსებთან. თუ პარტნიორულ ურთიერთობაში ორი ადამიანი ერთმანეთს არ აძლიერებს, ან ოჯახის წევრები ერთმანეთს არ აძლიერებენ და იქ არ არის სწორად შექმნილი ურთიერთობის და სიყვარულის კოდი, შეუძლებელია იქ იყოს ფინანსური ბაზა, ბარაქა.
-როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორი?
-ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქალბატონი მამაკაცს აძლიერებს და მამაკაცი შემდგომ ქალბატონს ამ ენერგიას უბრუნებს. პირველი და მნიშვნელოვანია, როცა მამაკაცს უჩნდება სურვილი იზრუნოს მეორე ადამიანზე, ეს არის გარკვეული ჰორმონის დამსახურება, რომელსაც ჩახუტება, სითბო და სხეულებრივი ერთიანობა იწვევს. ეს თუ დარღვეულია მამაკაცს არ უჩნდება სურვილი გასცეს ენერგია. როცა დილა იწყება ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს პარტნიორს „ადექი დიდებულო და გააკეთე დიდებული საქმეები“, იმის და მიუხედავად აქვს თუ არა შესაბამისი რესურსი, მას უნდა მივცეთ ენერგია, მოტივაცია, მხარი უნდა დავუჭიროთ. პარტნიორს ან ბოლომდე უნდა გამოუცხადოთ მხარდაჭერა და აიღოთ მასზე პასუხისმგებლობა ან უნდა დაამთავროთ ურთიერთობა. თუ ჩვენ მუდმივად ნეგატიურად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორს და ვმუხტავთ უარყოფითი ენერგიით, მასთან ერთად ჩვენს ენერგიასაც ძალიან ცუდ დღეში ვაგდებთ.
-როგორ უნდა მოვაწყოთ სახლი სწორად ენერგეტიკული თვალსაზრისით?
-ალბათ გაგიგიათ, რომ ეზოთერიკოსები, ფენშუის სპეციალისტები, ასტროლოგები მთავარ ცვლილებებს ყოველთვის დასუფთავებით, მოწესრიგებით, ზედმეტი ნივთების გადაყრით ვიწყებთ, ყველაფერს ვასუფთავებთ სახლში. აღნიშნულ რიტუალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველი თვის 21 რიცხვში, სახლი უნდა გაიწმინდოს ნეგატივისგან. ყველაზე ძლიერი თილისმაა სახლი, რომელშიც ვცხოვრობთ, ყველაფერი კარგად იქნება თუ სახლი სწორად არის მოწყობილი ენერგეტიკულად. მნიშვნელობა არ აქვს არც ნივთებს, არც ინტერიერს, მნიშვნელოვანია მასში ენერგიის რაოდენობა. პირველ რიგში, სახლში შენარჩუნებული უნდა იყოს სისუფთავე, ჰიგიენა. სახლში უნდა შევიტანოთ ჰაერის ენერგია. ჰაერის ენერგია არის სტიქია, რომელიც წმენდს იმ აგრესიას, შფოთს და ა.შ. რაც სახლში არის დაგროვილი. სახლში გროვდება ნეგატიური, აურა რომელიც იგრძნობა, თავის სპეციფიკური სურნელიც აქვს. ჰაერის შესაცვლელად ვაღებთ ფანჯარას, ვაკეთებთ ორპირს, შეგვიძლია გამოვიყენოთ სურნელოვანი ჩხირები, საკმეველი. როცა საკმეველს ვაკმევთ, როცა სურნელოვანი ჩხირები შეგვაქვს ოთახში თან ვამბობთ „ავსება ყოველთა კეთილთა“, ეს ყველაფერი „ჯდება“ სახლში. მეორე სტიქია ეს არის ცეცხლი, ვანთებთ სანთელს, ვატარებთ სახლის ყოველ კუთხეში, შეგვიძლია გამოვსახოთ პირჯვარი. სახლის გაწმენდისას მთავარია გონება და ყურადღების კონცენტრირება. სახლში შევდივართ საათის ისრის მიმართულებით და ვამბობთ „ნათელი და სიკეთე“. სიკეთე არის მატერიალური კეთილდღეობა, სიყვარული. ნათელი არის ყველაფერი ის, რაც ბნელს ეწინააღმდეგება. შემდეგი სტიქია არის წყალი, თასს ვავსებთ წყლით და შიგნით ვაგდებთ ვერცხლის მონეტას, შეიძლება გამოიყენოთ ვერცხლის კოვზი, ვერცხლის ჯვარი და ა.შ. ვერცხლი წყალთან არის ახლოს, აქვს მთვარის ენერგია, ხოლო წყალს აქვს გამწმენდი ენერგია. ვაპკურებთ ამ წყალს პატარა შხეფებით მთელს სახლში და ვამბობთ „სხურებითა წმინდისა ამისა წყლისათა განიდევნოს ყოველნი მზაკვარნი, ზაკულნი, საეშმაკო მოქმედებანი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“. ბოლოს გადავდივართ მიწის სტიქიაზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური კეთილდღეობისთვის, ჯანმრთელობისთვის და ა.შ. თუ ყვავილები არ გიყვართ, შეგიძლიათ პატარა მიწით სავსე თასები განათავსოთ სახლში. ამ ყვავილებს და მიწას ვუსხამთ წყალს და ვამბობთ „ძალა და ძლიერება სახლსა ამასა შინა“. ოთხი სტიქიით დაბალანსებული სახლი უკვე იზიდავს სუფთა ენერგიას, ძალას, წარმატებას… თუ რიტუალის ჩატარებისას ჩაქრა სანთელი, ჰაერმა მოგცათ სპაზმი ან სხვა, უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან სახლში რაღაც ისეთია, რაც არ გჭირდებათ, რაც აზიანებს მთლიან სივრცეს. ამ ყველაფრის შემდეგ ვიწყებთ ზღურბლის, სახლის კარების გაწმენდას. სახლის კარები არის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტ ნეგატიურ ენერგიას, წარუმატებლობის ენერგიას და სიბინძურეს იკავებს. ზღურბლი არის ადგილი, რომელიც თქვენს სახლს ყოფს ნებისმიერი სხვა სივრცისგან, ამიტომაც უნდა გაიწმინდოს ნაკურთხი, მარილიანი, ძმრიანი, ლავანდიანი წყლით ან დაფნის ნახარშით. როცა კარებს ჩამოვხსნით ამ ნეგატიურ „ნაგავს“, შემოსასვლელში, ზღურბლს გარეთ დადებული ფარდაგის ქვეშ ვდებთ დაფნის 9 ფოთოლს. ეს დაფნის ფოთოლი არის წინააღმდეგობის ზღუდე, რომელიც იღებს ნეგატივს. სახლს ნეგატიური ენერგიისგან ყველაზე ძლიერად იცავს წითელი ტყემლის ქერქი. წითელი ტყემლის ხეს აქვს თვალის საწინააღმდეგო და მისგან დამცავი ფუნქცია. წითელი ტყემლის ქერქი უნდა დავამაგროთ შემოსასვლელი ზღურბლის თავზე, ზუსტად შუაში. შეგვიძლია ქერქებს ჯვრის ფორმა მივცეთ და ისე დავამაგროთ. სახლში, შესვლისას პირველი მარცხენა კუთხე არის ის ენერგეტიკული წერტილი, სადაც უნდა მოთავსდეს ხარი, რომელსაც ვდებთ ხურდებით სავსე თასზე. თასში ასევე შეგვიძლია ჩავყაროთ ოქროს ან ვერცხლის მონეტა, რკო და ნაძვის გირჩები, ესეც წარმატების სიმბოლოა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ შეიძლება ამ თასიდან ფულის ამოღება, ამ ხურდებს ხელს არ ვაკარებთ, რადგან ეს არის ბაზა, საფუძველი ჩვენი ფინანსური კეთილდღეობის. შემდეგ, სახლის ზღურბლთან ოღონდ შიგნითა მხრიდან ვკიდებთ მთავარანგელოზი მიქაელის ხატს, რადგან ის არის მცველი. შეიძლება დაკიდოთ წმინდა გიორგის, მთავარანგელოზი გაბრიელის, მაცხოვრის ხატი. გადავინაცვლოთ საძინებელში, სადაც საჭიროა სიყვარულის ენერგია. საძინებელში აუცილებლად უნდა იდოს მთის ბროლი ან კონკრეტული ადამიანის შესაბამისი მინერალი. თუ არ გვაქვს ამის საშუალება, ძალიან ეფექტურია შემდეგი მეთოდი, ვიღებთ ჩვეულებრივ გამჭვირვალე ჭიქა, ვასხამთ წყალს და ვიდებთ თავთან და ვეუბნებით „მთელი დღის მანძილზე მიღებული ნეგატიური ენერგია გთხოვ წაიღე“. ამ რიტუალს ვატარებთ ღამე, ძილის წინ. ამ წყალს არ ვსვამთ, მეორე დღეს ვაქცევთ, ეს არის სიმბოლო, რომ ნეგატივისგან ვიცლებით. ასევე, აუცილებელია, სახლში ერთი ყვავილი მაინც იყოს, ის პირველი მიხვდება და მიგახვედრებთ, რომ სახლში რაღაც ისე არ არის. მცენარე შეიძლება განთავსდეს აივანზე, ან ოთახში, სადაც ადამიანები იკრიბებიან, მაგრამ არა საძინებელში. თუ პატარა ბინაა და საძინებელში გიწევთ მცენარის განთავსება, ის აუცილებლად უნდა იყოს დაფარული, რადგან მცენარეები ღამე ივსებიან ენერგიით და არ არის აუცილებელი პირდაპირ უყურებდნენ ადამიანს. მცენარის შერჩევისას მნიშვნელოვანია მან მიგვიზიდოს, გარკვეული ენერგეტიკული ბმა უნდა გვქონდეს, ყველა ადამიანს თავისი მცენარე აქვს. ნეგატიური ენერგიისგან თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ქამარი, ამიტომაც ეკეთათ ჩვენს წინაპრებს მოჭედილ, მოკაზმული სარტყელები, ეს მათი ძლიერების სიმბოლო იყო. ქამარმა უნდა შეზღუდოს ჩვენს ირგვლივ ენერგია და დაგვიცვას ნეგატივისგან, თუმცა მნიშვნელოვანია ქამარი დავმუხტოთ ენერგიით. (თილისმის დამუხტვის რიტუალი შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში)
ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ, როგორ დაამზადოთ ფინანსური წარმატების თილისმა, რისთვისაც დაგჭირდებათ: 5 ლარიანი, კუპიურაზე ფულის ნომერში არ უნდა იყოს 0, უმჯობესია თუ იქნება 7 ან 5. ასევე, დაგვჭირდება 3, 7 ან 12 ცალი 2 ლარიანი, თაფლის საეკლესიო სანთელი ან პარაფინის წითელი ან მწვანე სანთელი, რომელსაც სპეციალური წესით დავმუხტავთ, საჭიროა ფურცელი, სადაც ამ ყველაფერს გავშლით და წითელი ან თეთრი ძაფი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეორე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები