LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური წარმატება – ვენგო ლომთაძის რეკომენდაციები

40
ვენგო-ლომთაძე

3 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ფსიქოლოგი და ნუმეროლოგი ვენგო ლომთაძე სტუმრობდა, რომელმაც ფინანსური წარმატების და კეთილდღეობის მოზიდვაზე ისაუბრა და რადიოს მსმენელს რამდენიმე საჭირო რეკომენდაციაც გაუზიარა.

ვენგო ლომთაძე: დღეს ფინანსებზე ვისაუბრებთ. ფინანსები მარტივი თემა არ არის. რატომღაც, ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ იმუშავებ და გექნება, არ იმუშავებ და არ გექნება, თუმცა ასე მარტივად არ მუშაობს ფინანსები და ასე მარტივად არ მიდის ის ადამიანთან. ამ ყველაფერს გარკვეული პირობები სჭირდება.

როგორ უნდა შევქმნათ ფინანსების მოსაზიდად საჭირო პირობები?

პირველ რიგში, ძალიან ბევრს ნიშნავს თუ სად, რომელ საგვარეულოში დავიბადეთ, რადგან დიდი რესურსების მქონე ოჯახში დაბადებული ადამიანი მარტივად ურთიერთქმედებს ფულთან. ადამიანის გონიერება, ინტელექტი და განათლება ფინანსებთან დაკავშირებული არ არის. ადამიანს ეს კოდში უდევს, იცის ფულის, მოგების მექანიზმი, რადგან ეს ოჯახიდან გადმოვიდა მასზე.

ხომ შესაძლებელია, რომ ადამიანმა ოჯახისგან ქონება მიიღოს, მაგრამ ვერ გაუფრთხილდეს და დაკარგოს?

როგორც წესი, ეს გვარის, ოჯახის სასჯელი არის ხოლმე, მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო იშვიათია.

ძირითად შემთხვევაში, ადამიანები საშუალო კლასად იბადებიან. როდესაც ადამიანს საერთოდ არაფერი აქვს, ეს უკვე ნორმის ქვედა მოცემულობაა. ჩვენ ხშირად გვსმენია ისტორიები, როცა ადამიანს საერთოდ არაფერი ჰქონდა და გამდიდრდა. ასეთი ისტორიები ხშირია, რადგან ასეთი ადამიანები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი არიან ფინანსებზე. საშუალო შრეზე მყოფი ადამიანებისთვის უფრო რთულია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, რადგან არც იქეთ არიან და არც აქეთ.

ყველა ადამიანს თავისი ფინანსური რეზერვუარი აქვს, ზოგის პატარაა, ზოგის საშუალო, ზოგის კი დიდი. ჩვენ რამენაირად უნდა გავზარდოთ ჩვენი ფინანსური რეზერვუარი და ამისთვის იდეალურია, რომ დიდი ფინანსებისთვის მოვემზადოთ. ადამიანი უნდა მიეჩვიოს ბევრი ფულის ქონას. აუცილებელია, რომ მიუხედავად რთული მოცემულობისა, გარკვეული ფინანსური რესურსი დაგროვდეს. ასეთ დროს ადამიანის ფსიქიკა და ენერგია ეჩვევა გარკვეული რაოდენობის ფინანსებს და მისი ფინანსური რეზერვუარი ნელ-ნელა იზრდება.

ხშირად ამბობენ, რომ რაც მეტს გასცემ, მით მეტი ფინანსები მოგდის. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

არ არის პირდაპირ ასე, ყველასთვის არ არის სწორი ტაქტიკა, რომ ფინანსები არ ჰქონდეს და გასცემდეს, თუმცა რა თქმა უნდა, გაცემა აუცილებელია. სხვათა შორის, არიან კონკრეტულ დღეს დაბადებული ადამიანები, რომელთათვისაც ქველმოქმედება, ფინანსების ყოველთვიურად გაცემა მნიშვნელოვანია. ასეთი რიცხვები გახლავთ 7, 17, 16, 27.

პირველი რამ, რაც შეიძლება მსმენელს ვასწავლოთ არის შემდეგი. მოგეხსენებათ, ყველა კუპიურა დანომრილია და ჩვენ ყოველ ორ თვეში, ერთ თვეში ერთხელ უნდა მოვძებნოთ ჩვენი 5 ლარიანის ან 50 ლარიანის კუპიურა. უნდა დავაკვირდეთ კუპიურის კოდს, მასში არ უნდა ერიოს 0,  სასურველია, თუ მასში დიდი რაოდენობით 8-იანები, 1-იანები იქნება. ჩვენ უნდა ავიღოთ ეს კუპიურა, გადავკეცოთ ერთი მხრით და საფულით ვატაროთ. 1-2 თვის მერე, როდესაც ვიგრძნობთ, რომ ეს კუპიურა აღარ მუშაობს, უკვე შეგვიძლია დავხარჯოთ და სხვა კუპიურით ჩავანაცვლოთ. კუპიურის ჩანაცვლება განსაკუთრებით მზარდი მთვარის დროს არის კარგი. ზოგადად, რაც მეტი ფინანსური კუპიურა გიდევთ საფულეში, ბევრად მეტს იზიდავს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საფულის ფერი, წელს ძალიან კარგია ღია ფერები, ოქროსფერი, სალათისფერი. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფენშუის. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ განვალაგებთ სივრცეს, სადაც ვმუშაობთ, ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთი, ჩრდილო-დასავლეთი უნდა გვქონდეს სწორად მოწყობილი.

ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული ფული, სიამოვნების მიღება და პარტნიორთან სწორი კავშირი. ადამიანებს, რომელთაც აქვთ უნარი ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ, ფული სულ აქვთ. იმისთვის, რომ ჩვენ ფინანსური რესურსები გავზარდოთ, უნდა შევძლოთ ჩვენი საქმისგან, ჩვენი ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ფინანსურ წარმატებას აღწევს ის ადამიანი, ვინც სამყაროსადმი, შემოთავაზებებისადმი ღიაა. უნდა მივენდოთ სამყაროს ჩანაფიქრებს და მეტი ფინანსები და ბედნიერება მოვა ჩვენთან.

ფინანსური მოცემულობები ძალიან კარგად ჩანს დაბადების თარიღში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ჩვენი მოწოდების სფერო.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები