ესპანეთის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები შეიცვალა და ეს შეცვლილი პირობები, კანარის კუნძულებზეც ვრცელდება.
როგორც იცით, კანარის კუნძულები ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანებაა. მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან და მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი.
იმისთვის, რომ კანარის კუნძულებზე მოგზაურობა და დასვენება შეძლოთ, უნდა მიჰყვეთ იმ წესებს, რომელთა დაცვაც ესპანეთში გასამგზავრებლადაა საჭირო.
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac), შეუძლია ესპანეთში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).
ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა) და ბოლო დოზიდან არაუმეტეს 270 დღე, ხოლო მეორე დოზიდან (Janssen (J&J)-ის შემთხვევაში პირველი დოზიდან) 270 დღის გასვლის შემთხვევაში სავალდებულოა ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ ბარათის წარდგენა. 12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.
ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.
როგორც უკვე გითხარით, კანარის კუნძულებზე მიმავალი მგზავრებისთვის იგივე რეგულაციები ვრცელდება, მხოლოდ საჭიროა ბოლო 48 საათში გაკეთებული ანტიგენ ტესტის, ან ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.
ცნობისთვის, კანარის კუნძულები მოგზაურებისთვის ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ტურისტული მიმართულებაა. კუნძულებს აქვს მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. გამორჩეულია ენდემური ჯიშების სიმრავლით. გარდა ამისა, კანარის კუნძულებზე არის ოთხი ეროვნული პარკი, რომელთაგანაც ორი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. დანარჩენი ორი გამოცხადებულია ბიოსფერულ რეზერვად. ეს პარკებია:
-
კალდერა–დე–ტაბურიენტეს ეროვნული პარკი – შეიქმნა 1954 წელს. 2002 წლიდან მსოფლიო ბიოსფერული რეზერვი. დღეისთვის მოიცავს 46,9 კმ²–ს.
-
გარახონაის ეროვნული პარკი – შეიქმნა 1981 წელს. 1986 წელს გამოცხადდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. მოიცავს 3986 ჰექტარს.
-
ტიმანფაიას ეროვნული პარკი – შეიქმნა 1974 წელს. 1993 წლიდან მსოფლიო ბიოსფერული რეზერვი. მოიცავს 51,07 კმ²–ს.
-
ტეიდეს ეროვნული პარკი – შეიქმნა 1954. 2007 წელს გამოცხადდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად. მოიცავს 18 990 ჰექტარს.