თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ამტკიცებს, რომ ნანა კაკაბაძის საცხოვრებელ სახლში კონსპირაციული შეხვედრები იმართებოდა, სადაც მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო აქტივისტები. მისივე განმარტებით, შეხვედრის მიზანი ხელისუფლებისთვის სასურველი და ხელსაყრელი ინფორმაციის გავრცელება იყო. ინფორმაცია გუშინ საღამოს “მთავარი არხის” მიერ გავრცელდა. თეოლოგი ციანიდის საქმეს „ქართული ოცნების“ მიერ საგანგებოდ მომზადებულს და შემდეგ მამა გიორგი მამალაძისთვის გადაბრალებულს უწოდებს. ის ინტერვიუში ყვება, თუ როგორ აძლევდნენ საიდუმლო შეხვედრის მონაწილეებს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის შესაბამის დავალებებს. მისივე მტკიცებით, ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე, რომელიც ნანა კაკაბაძის ბინაში იმართებოდა, დარეკა უცნობმა პროკურორმა, რომელიც აძლევდა მათ მითითებებს, როგორ უნდა ემოქმედათ “გეგმის” მიხედვით.
ტიგინაშვილი ამბობს, რომ ციანიდის საქმე თავიდან მამა პეტრეს და მიხეილ სააკაშვილისთვის უნდა დაებრალებინათ, თუმცა შემდეგ მამალაძეზე გადამისამართდა. როგორც ის ამბობს, კონსპირაციულ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას შორენა თეთრუაშვილი იღებდა, რომელიც ხშირ სატელეფონო კონტაქტზე იმყოფებოდა ნანა კაკაბაძესთან. საიდუმლო შეხვედრების მიზანი, თეოლოგის განმარტებით“ქართული ოცნების“ ხელისუფლების დავალებით ფაქტების დამახინჯება და საზოგადოებისთვის მათთვის სასურველი ვერსიის მიწოდება იყო. ამისთვის მას ფინანსურ დახმარებას პირდებოდნენ. გიორგი ტიგინაშვილს საპატრიარქოს ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობას სთავაზობდნენ.