პენსიონერებისათვის 40%-იანი საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ განახევრებას ითხოვს მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე, ფრომელიც მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია გამართა.
ანა დოლიძის განცხადებით, დაახლოებით 400 000 პენსიონერს აქვს 40%-იანი სესხი და წლების განმავლობაში ამით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესებულა.
„საქართველოში მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ფენის, ჩვენი პენსიონერების გატყავება. დაახლოებით 400 000 პენსიონერს აქვს 40%-იანი სესხი „ლიბერთი ბანკში” და წლების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდა ხმას.
დღეს რადგან ისურვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, რომ ამაზე მოაწყოს სხდომა, მოვედით აქ და დავესწრები სხდომას, რათა დავსვა უმთავრესი საკითხი:
როგორ შეიძლება 40%-იანი სესხი ჰქონდეს პენსიონერს, რომელსაც ისედაც 200 ლარზე უწევს ცხოვრება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროცენტი განახევრდეს მაინც, რადგან სამომხმარებლო სესხი ქვეყანაში არის მაქსიმუმ 20%”, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარტია „მოქალაქეების” ინიციატივას განიხილავს, რომელიც პენსიონერთა სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გულისხმობს. აღნიშნულ სხდომას ესწრება ანა დოლიძეც, რომელმაც სხდომაზე დასასწრებად პარლამენტის საშვი გუშინ საღამოს საჯაროდ მოითხოვა.
ფოტო: ipn
