LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა 50 წლის ასაკს ნინო ლეჟავა: „ძალიან დამამცირებელი თანხების შემოთავაზება იციან მსახიობებისთვის, არ სცემენ პატივს სტატუსს, ასაკს, ტაშს… ყველა იწყებს ტირილს ჩვენთან…“

2849
ნინო-ლეჟავა1

მსახიობი ნინო ლეჟავა ახლახან მისთვის ძალიან პატივსაცემმა ადამიანებმა ორი ჯილდო გადასცეს, რომლებიც მისთვის საამაყო გახდა. მსახიობი მიიჩნევს, რომ მისი სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში სტატუსი აკლიათ. როგორ შეხვდა 50 წლის ასაკს და რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პოპულარული მსახიობი fortuna.ge-სთან საუბრობს.

ახლახან ჯილდო მიიღეთ, რომლითაც ძალიან ამაყობთ.

რეჟისორ კიაზო ჯობავას მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ მოტივაცია მისცეს მსახიობებს, რომელიც ასე გვაკლია. იმას ვგულისხმობ, რომ დიდი ხანია, აღარ არსებობს სტატუსი. მან გააკეთა ახალი პროექტი, რომელიც დაამტკიცეს, მადლობა მათ, ვინც ეს პროექტი დაამტკიცა – „ერის რჩეული სახალხო მსახიობი“.

იანვარში გავხდი 50 წლის, აპრილში კი გაიმართა ჩემი 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც კიაზო ჯობავას მიერ დადგმული მონოსპექტაკლი ვითამაშე. უდიდესი მადლობა სათითაოდ ყველას, განსაკუთრებით, ჩვენს სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმიტრი ხვთისიაშვილს, რომელიც გვერდზე დაგვიდგა და ამ საღამოს გამართვის შესაძლებლობა მოგვცა.

საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა, ხმის მიცემა, რომელია ხალხის რჩეული ქართველი მსახიობი. აღმოჩნდა, რომ ხმების უმრავლესობით გავიმარჯვე, 40 000 ხელმოწერა დამიგროვებია. იუბილეზე სცენაზე კიაზო რომ ამოვიდა, დიდი საქაღალდე მოჰქონდა, მძიმე და ბოდიში მოიხადა, 40 000 ვერა, 10 000 ძლივს ამოვიტანეო (იღიმის).

აღნიშნეთ, რომ 50 წლის გახდით, დაფასების მომენტი როდის გიგრძნიათ კიდევ?

მადლიერი ვარ იმ დაფასების, რაც მივიღე. ალბათ, 50 წლის ასაკში დადგა ჩემთვის ეს დრო, თუმცა არანაკლები ჯილდოა, როცა ქუჩაში გაჩერებენ და სიყვარულით მოგმართავენ. ეს ფულადი პრემიის სახით არ მოდის, მაგრამ სამაგიეროდ, ისტორიაში შესვლას ნიშნავს. იმავე სიხარულს განვიცდიდი, ალბათ, „ოსკარი“ რომ ამეღო. ჩემს ქვეყანაში დავფასდი. საქართველოში ხომ ძირითადად, ისე ხდება, ჯერ უცხოეთში გაფასებენ და მერე აქ. ჩემს შემთხვევაში კი, ჩემს ქვეყანაში შემიყვარეს და დამაფასეს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თეატრალური კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი გეგეჭკორსა და დიმიტრი ხვთისიაშვილს, რჩეული მსახიობის სტატუსის მიღების შემდეგ, მათ დააგვირგვინეს ჩემი სიხარული და ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატის წოდება მომანიჭეს.

როგორია 50 წელი ნინო ლეჟავასთვის?

მხოლოდ ციფრებია. მთავარია, გულის არდაბერება, მთავარია, მიხვდე, რომ შენ ხარ საჭირო, დააჯერო ეს თავს და ყოველი დილა მადლიერებით დაიწყო. მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობაა და თავზე ბომბები არ გვაცვივა. ღმერთს როგორ არ ვუთხრა მადლობა, რომ ოთხი არაჩვეულებრივი შვილი მაჩუქა, ჯანმრთელები არიან და უფლის წინაშე კიდევ ერთხელ ვიხდი მადლობას იმისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან რთული გზის გავლით, ბევრი დანაკარგის გავლით, ბევრი რამ ვისწავლე – თუნდაც ის, რომ არასდროს ფარ-ხმალი არ უნდა დაუყარო ცხოვრებას, რამდენჯერაც დაეცემი, უნდა წამოდგე,.. ყოველთვის უნდა აღვდგეთ ფერფლიდან…

თუ გქონიათ მომენტი, როცა გიფიქრიათ, აღარ შემიძლიაო?

დღეს ამ ფრაზას ბავშვიც კი ამბობს… ძალიან იშვიათად ვამბობ ხმამაღლა დავიღალეს, რადგან ვცდილობ, არსად ნეგატივი არ გავუშვა. ძალიან დამამცირებელი თანხების შემოთავაზება იციან მსახიობებისთვის, არ სცემენ პატივს სტატუსს, ასაკს, ტაშს. ჩემი კოლეგები მეუბნებიან ხოლმე, ბაზარს ნუ აფუჭებო, მაგრამ საშუალო შემოთავაზებას ყოველთვის ვთანხმდები, ღმერთი ერთხელ გამოგიგზავნის, ორჯერ, სამჯერ და მერე აღარ გამოგიგზავნის. არ ვთანხმდები იმ შეთავაზებას, რაც შეურაცხმყოფელია. სერიალი იქნება, რეკლამა თუ მხატვრული ფილმი, ყველა იწყებს ტირილს მსახიობებთან, დაბალი გვაქვს ბიუჯეტიო. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან ამინდს ჩვენ, მსახიობები ვქმნით…

ხშირად გისაუბრიათ არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზე. დღეს ამ მხრივ უკეთესი სიტუაცია გაქვთ?

მადლობა ღმერთს, რომ შემოთავაზებები არ სრულდება. ის ამისრულა ღმერთმა, რასაც ტაძარში ხშირად ვითხოვდი, რომ ჩემი შრომით მომაპოვებინოს ყველაფერი. არასდროს მითხოვია, რომ ჯეკპოტი მომეგო… მირჩევნია, ბევრ ადგილას ვიყო საჭირო. ორ სახელმწიფო თეატრში ვარ, სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სულ მალე დაიბადება ახალი თეატრი, რომელსაც კიაზო კობავა აკეთებს – „რჩეული თეატრი“. ვიქნები მსახიობიც და დასის გამგეც.

ვმუშაობ ძველი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულ ბავშვთა თეატრალურ სტუდიაში, არაერთ ფესტივალზე გავსულვართ და უამრავი ნომინაცია გვაქვს აღებული. დავდგი „წითელქუდა“, სულ ცხრა ბავშვი თამაშობს და ექვსს ნომინაცია მისცეს „მზიანი საქართველოს“ ფესტივალზე.

თუმცა, თქვენი სფეროსგან განსხვავებულ ადგილებშიც გიმუშავიათ…

პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი გაჩერდა, ზოომაღაზიაშიც ვმუშაობდი და ვენახში – ყურძნის მკრეფავადაც. ზოომაღაზიაში რომ დამინახავდნენ, მეკითხებოდნენ, „მეშლება, თუ თქვენ ხართ?“ ჩემი პასუხი იყო ის, რომ მსახიობი არის სახალხო და ხალხში უნდა ტრიალებდეს. მეც ვტრიალებ ხალხში. ბრიგადასთან ერთად, ყურძნის კრეფისას, იმდენი პერსონაჟი „ავკრიფე“, ველოდები, როდის შევძლებ მათ განსახიერებას.

დღესაც გაქვთ ასეთი სამსახური?

არა, ვეღარ ვასწრებ, რომელიმე ერთი რომ გამომეცალოს ხელიდან, ვიმუშავებდი სხვა სამსახურშიც. ყველა შრომა არის პატივსაცემი, არც ერთი არის სასირცხვილო. როცა მეუბნებიან, ნინო, არ შეიძლება, შენ არ უნდა იდგე აქო, რატომ არ უნდა ვიდგე? მაინტერესებს და ვერავინ მცემს პასუხს, რამეს ვაშავებ? რამე სამარცხვინოს ვაკეთებ? მე სცენაზეც და კინოშიც ვარ მსახიობი, როგორც კი ქუჩაში გამოვდივარ, მე ვარ ისეთივე მოქალაქე, როგორიც არის ჭურჭლის მრეცხავი, მეეზოვე, რომელიც დილით ადრე დგება და თბილისის ქუჩებს დასუფთავებულს გვახვედრებს… მას იქით უნდა ვუთხრათ მადლობა.

რა არის ის, რასაც არასდროს გააკეთებდით?

თუ ვინმეს გაწევის ხარჯზე უნდა იყოს და ვინმეს უბედურებაზე უნდა ავაგო ჩემი ბედნიერება, გამორიცხულია. ჩემს პატიოსნებას და ღირსებას რაც შელახავს, ამას ფულზე ვერ გავცვლი. ჩემს კოლეგასა და მეგობარს ვერ გავწირავ.

შესანიშნავად გამოიყურებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ?

დღეს ყველანაირ ესთეტიკურ კლინიკაში მისვლა ფუფუნებას უკავშირდება. დღეს, როცა ოთხი შვილი გავზარდო და შეძლებისდაგვარად არაფერი მოვაკელი, აღმოვაჩინე ასეთი რამ – დგება ეტაპი, როცა ქმარსა და შვილებსაც უნდა აჩვენო, რომ შენს თავს სცემ პატივს. მყავს არაჩვეულებრივი კოსმეტოლოგი, რომელიც ამზადებს არაჩვეულებრივ საცხს, რომელიც მართლა საოცრებაა, ახალგაზრდობის ელექსირი. პირდაპირ ვგმობ ფილერსა და ბოტოქსს. მსახიობი ვარ, ეს ნაოჭიც ჩემი ცხოვრება და ისტორიაა, ჩემი გზაა, რა გავიარე. რაც უნდა მოვიტყუო, თვალები ვერავის მოატყუებს, ამიტომ ვცდილობ, გავიკეთო პროცედურები, რაც მაქსიმალურად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული, ბიორევიტალიზაცია იქნება ეს თუ სხვა მსგავსი კოსმეტოლოგიური პროცედურები. ქალბატონებს ვურჩევ, რომ დალიონ წყალი, რომელიც საკმაოდ გვიან შევიყვარე.

ვვარჯიშობ პრესებზე. ასაკს, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ შეეჯიბრები და შეებრძოლები, მაგრამ უნდა მივაშველოთ ყველაფერი, სადამდეც და როგორც შეგვიძლია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g