LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა სტივ ჰარვის სოფი ნურაშვილი: „ეს შეხვედრა ჩემთვის დაბადების დღის ძალიან დიდი საჩუქარი იყო ღმერთისგან, რადგან სტივ ჰარვის რეალურად ხილვით უდიდესი მოტივაცია მივიღე…“

207
სოფი ნურაშვილი

„პრაიმჰაუსის“ მონაწილე, სოფი ნურაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში იხსენებს, როგორ შეხვდა პოპულარულ ამერიკელ ტელეწამყვანს, სტივ ჰარვის და რა ისწავლა ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან:

– იმ დროს კანში ვისვენებდი. იქ პატარა, ოჯახური ტიპის რესტორანში, მე და ჩემს დაქალს ლანჩის ტრადიცია გვქონდა. ერთ ჩვეულებრივ, აგვისტოს ცხელ დღეს ლანჩს მივირთმევდით. უცებ დავინახე, რესტორანში ქალბატონი შემოვიდა. სტივ ჰარვის ცოლი – მარჯორი მაშინვე ვიცანი, ისეთი განსაკუთრებული გარეგნობა აქვს. ასე ვთქვათ, თვალი თვალში მოგვიხვდა. სუნთქვა შემეკრა… უკან მოჰყვა ძალიან მაღალი მამაკაცი, რომელსაც დიდი ულვაში ჰქონდა, სათვალე ეკეთა და ქუდი ეხურა. რთული იყო, სტივ ჰარვი გეცნო, თუ მისი თაყვანისმცემელი არ იყავი. სტეიკი ხელიდან გამივარდა – მაშინვე ვიცანი! მინდოდა, მასთან გავქცეულიყავი, მაგრამ შინაგანმა ხმამ და კულტურამ მიკარნახა, – არ შეიძლებაო (სტივ ჰარვის დაცვა ჰყავდა)… ვაცადე, მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მაგრამ რომ გავიაზრე, მე და სტივ ჰარვი ერთსა და იმავე რესტორანში ვიყავით და ის გვერდით მაგიდასთან იჯდა, იქაურობას წრეები ვურტყი. პატივისცემის განცდა მქონდა – მაშინვე ხომ არ მივვარდებოდი და საჭმელს ჩანგლიდან ხომ არ გავაგდებინებდი?! თუმცა, ამის მკადრებელიც ვიყავი (იცინის). თვალი გასასვლელისკენ მეჭირა, რომ ჩემთვის რესტორნიდან არ გაესწროთ. მიმტანებმა შემნიშნეს. მათ ვთხოვე, – უთხარით, ისე არ გავიდეს, რომ არ შევხვდე-მეთქი. – არ გვგონია, უარი თქვასო… მოკლედ, ველოდე, სანამ იქეიფეს, გასინჯეს პიცა, კარბონარა… ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 1 საათი იყო! რესტორნიდან გასვლისას, სტივ ჰარვიმ გამიღიმა (ჩემი დაქალიც შოკში იყო. ამიტომ სიტუაციის კამერით გადაღება გვიან დაიწყო) და მაშინვე თავი გასწია. – ეს ჩემი შანსია-მეთქი, გავიფიქრე, მაგიდას ორივე მუშტი დავარტყი და წამოვხტი, – ბატონო სტივ-მეთქი!.. ლამის გული გაუსკდა, შემომხედა (იცინის)… “დაცვა” მოვიდა. ვუთხარი, – ბატონო სტივ, არ მჯერა, რომ ახლა რეალობაში გხედავთ. ვიცი, გაწუხებენ, მაგრამ თავს ვერ შევიკავებ, აუცილებლად უნდა მოვიდე-მეთქი! – გაეღიმა. მივვარდი: საქართველოდან ვარ. უამრავი გულშემატკივარი გყავთ, ვიცი, არც პირველი ვარ და არც – უკანასკნელი. არც მინდა, რომ შეგაყოვნოთ, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი შანსია, რომ თქვენ მიმართ ჩემი უზარმაზარი პატივისცემა და თაყვანისცემა გამოვხატო-მეთქი. მისმენდა. დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი გოგონა ხარო, – მითხრა. თავაზიანი იყო. მისგან სასიამოვნო აურა „მოდიოდა”. ბავშვობიდან მის გადაცემებს ვუყურებდი და მომწონდა. მასთან პირადად შეხვედრა ჩემთვის დაუჯერებელი იყო!.. მისი ცოლიც არ გამომრჩა, – თქვენი სიყვარულის ამბავზე ვგიჟდები! ეს იმედს მაძლევს, რომ სიყვარული მართლაც არსებობს-მეთქი, რადგან ამ წყვილმა მართლა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო… მოკლედ, ეს შეხვედრა ჩემთვის დაბადების დღის ძალიან დიდი საჩუქარი იყო ღმერთისგან, რადგან სტივ ჰარვის რეალურად ხილვით უდიდესი მოტივაცია მივიღე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g