პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს Twitter-ით მიულოცა და დაწერა, რომ „ეს კავკასიაში ახალი ერის დასაწყისი გახდება“.ტვიტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
ზურაბიშვილის განცხადებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა.
“როგორ შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამტკიცებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?” – წერს იან კელი.
რეგიონში ხუთ კვირიანი ომი დასრულებულია – შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშიანიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან შეთანხმებისას მიიღო. 9 პუნქტიანი დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების გაგზავნა უკვე დაიწყო. რუსეთი აცხადებს, რომ თურქი სამხედროები ყარაბაღში არ იქნებიან.
ერევანში კი ვითარება კვლავ დაძაბულია. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. პროტესტი არ წყდება. ცნობილი ხდება, რომ ხვალ, 17 ოპოზიციური პარტია ანტი-სამთავრობო აქციას გამართავს, სადაც ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააპროტესებენ. სომხეთის პრემიერი კი აცხადებს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
