იმისთვის, რომ თვითიზოლაციისა და სახლში ყოფნის პერიოდი გაგიმარტივდეთ და სახლის პირობებში თავის მოვლაზეც იზრუნოთ “ფორტუნა” პერიოდულად შემოგთავაზებთ სახლის პირობებში თავის მოვლის საშუალებებზე სპეციალისტების ინტერვიუებს. მოგეხსნებათ, რომ სტრესი იწვევს თმის ცვენას, როგორ მოვუაროთ სახლში თმას და შევამციროთ თმის ცვენა – “ფორტუნას” სტილისტი ნათია პატარქალაშვილი ესაუბრა.
სტრესი ხშირად იწვევს თმის ცვენას, სახლის პირობებში როგორ შეიძლება მოვუაროთ თმას და შევამციროთ ცვენა?
მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს გვიწევს სახლში ყოფნა და სწორედ სახლის პირობებში თმაზე ზრუნვა. ცნობილია, რომ სტრესისგან შეიძლება დაიწყოს თმის ცვენა. დღეს შემოგთავაზებთ თმის ნიღბებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოუაროთ თმას სწორედ სახლის პირობებში.
ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ საკვები პროდუქტების დახმარებით შესაძლებელია თმის მოვლის საშუალებების დამზადება. შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიღაბს:
გამოიყენეთ მშრალი, დაზიანებული თმისთვის:
1. 100 გრამი მაიონეზი, 2 კოვზი ლიმონის წვენი, წაისვით სუფთა თმაზე და გაიჩერეთ 2 საათით. ეს ანიჭებს თმას ბზინვარებას და სირბილეს.
2. კარგი ეფექტი აქვს შემდეგ ნიღაბს: A+E ვიტამინები და სამი კოვზი აბუსალათინის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში, სტრესული მდგომარეობის გამო თმა იწყებს ცვენას, ეს კომპლექსი კი ამაგრებს თმის ძირებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ დაფნის ნახარში გადაივლოთ დაბანის შემდეგ და დაიტოვოთ, არ აქვს სუნი და თმასაც ბზინვარებას აძლევს.
3. ნიღაბის დასამზადებლად ასევე შეგიძლიათ შემდეგი შემადგენლობა გამოიყენოთ: გვირილის ნაყენი და კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი (2 კოვზი) აურიეთ ერთმანეთში, გაიჩერეთ 2 საათით და ჩამოიბანეთ.
4. ერთი კვერცხის გულს დაუმატეთ ერთი კოვზი მდოგვის ფხვნილი, ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და გაიჩერეთ თმაზე ნახევარი საათიდან ოთხ საათამდე.
დაბანის დროს სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება, რადგან თმის ძირები არის გაფართოებული და თმა უფრო მეტად ცვივა, ამიტომ აჯობებს მანამდე ან შეშრობის შემდეგ დაივარცხნოთ.