ყოველწლიურად სხვადასხვა აქციების, შემოთავაზებების, რეკლამების თუ ლამაზად გაკეთებული ბილბორდების მსხვერპლი უამრავი ადამიანი ხდება. რეალურად კი კომპიუტერული ტექნიკის შერჩევისას მთავარი არაა ის, რასაც თვალი ხედავს. საჭიროა გაცილებით ღრმა ანალიზი სასურველი პროდუქტის შერჩევისას. სტატია მათთვის, ვისთვისაც ტექნიკური მახასიათებლები ,,ჩინურია’’, ხოლო კარგი ტექნიკა სიმდიდრე.
კომპიუტერის ყიდვისას პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ სამი რამ:
- ვიზუალური მხარე, მოწყობილობის წარმადობას არ განსაზღვრავს;
- საჭიროა ლეპტოპის სიმძლავრის გათვალისწინება და შესაბამისობა საკუთარ საჭიროებებთან;
- მოცემული პროდუქტის მინიმალური ფასის მოძიება ბაზარზე;
კომპიუტერულ ტექნიკას მსოფლიოში რამდენიმე მსხვილი კომპანია აწარმოებს. უმეტესობა მარკეტის უპირობო ლიდერია. არჩევანის გაკეთებისას სასურველია მათზე ფოკუსირება, რადგან ლიდერი მწარმოებლების შემთხვევაში, ნებისმიერი პრობლემა, პროგრამული თუ საგარანტიო პირობებთან დაკავშირებული, გაცილებით უნივერსალური და მარტივად მოგვარებადია.
წამყვანი ბრენდების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- Asus
- HP
- Apple
- Sony
- Toshiba
- Fujitsu
- Lenovo
- Dell
- Acer
- Samsung
ჩამოთვლილი მწარმოებლებიდან, აღსანიშნავია Asus-ის, Dell-ის, Sony-ს, HP-ისა და Apple-ის პროდუქცია. ხუთივე ბრენდი ლეპტოპების წარმოების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გარდა გამოცდილებისა და სანდოობისა, მათი პროდუქტი უმეტესად დახვეწილი დიზაინისაა. მწარმოებლებს არასოდეს ექმნებათ პრობლემები სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებთან.
საოფისე ლეპტოპის შეძენისას აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ოთხ დეტალს:
- პროცესორს (საოფისე პროგრამების სწრაფი მუშაობისთვის);
- დისფლეის (სამუშაო გარემოს მეტი მოცულობისთვის);
- ოპერატიულ მეხსიერებას (კომფორტული ღილაკები სწრაფი წერისთვის);
- პორტებსა და დრაივებს (HDMI, USB, DVD, Blu-Ray, CD).
პროცესორი – ძნელია საუკეთესო პროცესორი არჩევა განსაკუთრებით დღეს, როცა გამუდმებით ახალი სიმძლავრის პროცესორები გამოდის, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოდელებიდან აღსანიშნავია Intel-ის i3 პროცესორი, რომელიც სწორედ საოფისე საქმიანობისთვისაა ზედგამოჭრილი. სწრაფი ალგორითმი და ნაკლები ენერგომოხმარება, საოფისე პროგრამების თავისუფლად გაშვებას უზრუნველყოფს.
შედარებით ზედმეტი ფუფუნებაა Intel-ის i5 პროცესორი, რომელიც საოფისე საქმიანობისთვის გადაჭარბებული შესაძლებლობების მქონედაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ბაზარზე წარმოდგენილია დაბალი სიმძლავრის მქონე Intel Celeron-ი და AMD-ის ოჯახის პროცესორები. მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის ბოლო მოდელები არც ისე სუსტია, საოფისე პროგრამების უმეტესობა, ოპტიმირებულია Intel-ის i სერიის პროცესორებზე, შესაბამისად სოფტი წარმადობის მხრივ იგივე ან უკეთეს შედეგს AMD-ის მოდელებში ვერ იძლევა.
საოფისე ლეპტოპის კრიტერიუმებში განზრახ არ მოხვდა ვიდეო დაფა, როგორც პრიორიტეტი, რადგან მიიჩნევა, რომ 3D რენდერინგი სტანდარტული საოფისე საქმიანობისთვის (თუ საქმე კონკრეტულად 3D მოდელირებას, გრაფიკულ დიზაინსა თუ ვიდეო მონტაჟს არ უკავშირდება) საჭირო არაა. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ფულის დაზოგვა Intel-ის ინტეგრირებულ ვიდეო დაფებზე შეიძლება.
ოპერატიული მეხსიერების მინიმუმი 2 გიგაბაიტია, მაქსიმუმი კი 4 გიგაბაიტი.
დისფლეის გარჩევადობა კი მთლიანად ადამიანის გემოვნებასა და მუშაობის სტილისტიკაზეა დამოკიდებული. თუ საქმე რამდენიმე ფანჯარაში ერთდროულად სრულდება, საჭიროა გაცილებით დიდი დისფლეის მქონე ლეპტოპი, რომელზეც ბევრი ფანჯრის გამოტანის შემთხვევაში ყველაზე მუშაობა შესაძლებელი იქნება. ამ შემთხვევაში ზომის მინიმუმი 13 ინჩია.
ბიზნეს კლასის ლეპტოპის შეძენისას დაგჭირდებათ გაითვალისწინოთ:
პროცესორის ოჯახი: Intel® Core™ i3
ოპერატიული მეხსიერება: 2-4 GB
დისფლეის გაფართოება: 13”
ვიდეო დაფა: Intel HD Graphics
პორტები და დრაივები: DVD, USB, HDMI
წარმოდგენილი ბრენდებიდან აღნიშნული მონაცემების მქონე კლასის მოდელების ფასები შემდეგნაირად გადანაწილდა:
HP – 800 – 1200 ლარამდე;
Asus – 900-1400 ლარამდე;
Dell – 1200-1600 ლარამდე;
Sony – 1800-2400 ლარამდე;
Apple – 2500-3200 ლარამდე.