LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევიძინოთ საჩუქრები ისე, რომ მთელი ბიუჯეტი არ დავხარჯოთ – „როცა აქტიურდება საახალწლო შეთავაზებები, თაღლითებისთვისაც ოქროს ხანა დგება“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

33
ახალი წელი2023

ახალი წელი მოდის და გააქტიურდება შეთავაზებები კომერციული ბანკების მხრიდან, სესხებზე, განვადებებზე და სხვა პროდუქტებზე.

ეს პერიოდი განსაკუთრებით გამორჩეულია ამ მხრივ. შესაბამისად მოქალაქეებსაც უჩნდებათ ცდუნება, აიღონ სესხი და შეიძინონ საჩუქრები ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება, რომ სწორად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები, დავთვალოთ ჩვენი ბიუჯეტი და ისე გადავდგათ პასუხისმგებლიანი ნაბიჯი.

ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად წინასაახალწლო ფინანსური რჩევებით მაია მარქარაშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი საუბრობს.

– რატომაა მნიშვნელოვანი, რომ წინასაახალწლოდ კარგად დავფიქრდეთ, სანამ ჩვენს ბიუჯეტს დავხარჯავთ. 

– დეკემბერი და ყველა ის პერიოდი, როდესაც საჭიროება განაპირობებს, რომ ბევრი ფული ვხარჯოთ,  „ფინედუზე“ ვიწყებთ „ხმაურს“ გონივრულ ხარჯვასთან დაკავშირებით და მიხარია, რომ თემა წამოსწიეთ. როდესაც ბაზარზე უამრავი შემოთავაზებაა, გამოდის, რომ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავთ, მოსახლეობას მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ გონივრული ხარჯვის საჭიროებაზე,

ფინანსური განათლების მთავარი იდეა სწორედ ის, გონივრულობაა, რაც ხარჯვის დროს უნდა გავიხსენოთ.

გონივრული ხარჯვა სულაც არ ნიშნავს ჩვენს სურვილებზე უარის თქმას, ან საერთოდ ხარჯვაზე უარის თქმას. ეს ერთგვარი ბრძოლაა იმ ფენომენთან, რასაც ქართველები „შემომეხარჯას“ ვუწოდებთ.

ამ შემთხვევაში მე შემიძლია, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მოგცეთ (ვრცლად შეგიძლიათ, „ფინედუზე“ ნახოთ).

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  ხარჯვისას აკონტროლოთ ემოციები. 

საინტერესოა, რატომ ხდება, რომ  ბევრს ვხარჯავთ, “შემომეხარჯა“ რატომ გვემართება ხოლმე?

რეკლამები, ლამაზად გაფორმებული ვიტრინები, რა თქმა უნდა, ცუდი არაა, მაგრამ იმის უკან ხომ ხალხი დგას, ვინც ფიქრობს, რომ ხარჯვის ემოცია როგორ  აღძრან. ამიტომ ხშირად ჩვენი ყიდვა ძალიან სპონტანურია. (გამიჩნდა ყიდვის ემოცია და მაშინვე ვყიდულობ). ამ შემთხვევაში თუ ვიფიქრებთ, რომ ხარჯვა გარეფაქტორებზე არის დამოკიდებული და ძირითადად  თამაშია, დაგვეხმარება იმაში, რომ ის არ ვიყიდოთ, რაც არასაჭირო, ან ზედმეტია.

– განსაკუთრებით ეს ეხება საჩუქრებს. ამ შემთხვევაშიც ალბათ არის რჩევა, როგორ მოვიქცეთ.

– მე თემას უფრო განვაზოგადებდი, რადგან ახალ წელს ბევრი ხარჯი გვაქვს, საყიდლების სია წინასწარ უნდა შევადგინოთ და უნდა გავწეროთ ბიუჯეტი.

თუ წყნარად დავსხდებით  და ჩამოვწერთ, რისი ყიდვა გვინდა და რა ბიუჯეტით, ეს პროცესი გაცილებით მარტივი იქნება.

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ძვირად ღირებული საჩუქარი მაინცდამაინც არაა  კარგი საჩუქრის ტოლფასი. თუ უფრო მეტად ემოციებზე გადავიტანთ აქცენტირებას,  შესაძლოა, დაბალი ხარჯით უფრო უკეთესი საჩუქარი გამოვიდეს.

თუნდაც  საახალწლო სუფრის შემთხვევაში, რამდენჯერ ყოფილა გასულ წლებში, როდესაც ბევრ საკვებს ვყიდულობთ, ავავსებთ სუფრას და ახალი წლის მერე ვყრით ბევრ საკვებს.

ჩვენ საიტზე გვქონდა გამოკითხვა, ვინ როგორ იქცეოდა და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით „ფინედუს“ მომხმარებლების 18 % -ი სესხს იყენებს იმისთვის, რომ ახალ წელს მომზადებული შეხვდეს.

რა თქმა უნდა, ეს ცუდი არაა, თუმცა ამაზე დაფიქრება გვმართებს.

მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ პირველივე ბანკი და პირველივე ორგანიზაცია, რომელიც სესხს შესთაზებს, მაშინვე უნდა დათანხმდეს, რადგან  ფიქრობს, რომ  უკეთესი შეთავაზება არ იქნება, არადა ნამდვილად ღირს სხვადასხვა შემოთავაზების განხილვა. ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ერთგვარი ვაჭრობა მოგვცემს საშუალებას, რომ ის ორგანიზაცია, რომელთანაც გვინდა თანამშრომლობა, წამოვიდეს დათმობაზე. ამიტომ ალტერნატივები უნდა განვიხილოთ.

– როცა აქტიურდება საახალწლო შეთავაზებები, თაღლითებისთვისაც „ოქროს ხანა“ დგება, რადგან ბევრი შეთავაზებაა და მათ შესაძლებლობა ეძლევათ, კლონირებური ვებგვერდები შექმნან, შესაძლოა, გათამაშების შეთავაზება მიიღოთ,  რაც რეალურად არის მახე, საიდანაც ჩვენ შეიძლება, თანხა დავკარგოთ.  

რა რჩევები გექნებათ ამ მიმართულებით?

– პერიოდში, როცა პიკს აღწევს ხარჯვის საჭიროება, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფინანსურ უსაფრთხოებაზე დაფიქრება. პირველ რიგში უნდა ვესტუმროთ სანდო ვებგვერდებს. უნდა დავაკვირდეთ, რამდენადაა უსაფრთხოება დაცული.

ონლაინ შესყიდვებისთვის შეძლებისდაგვარად უნდა გვქონდეს ცალკე ბარათი, სადაც მხოლოდ იმ თანხას განვათავსებთ, რაც ამ ონლაინ შესყიდვებისთვის გვჭირდება, რადგან როგორც წესი, ამ დროს თუ მაინც აღმოვჩნდით თაღლითების მსხვერპლი, მერე ჩვენ დანარჩენ თანხასაც ადვილად ითვისებენ ხოლმე.

ამიტომ ფრთხილად ვიყოთ პაროლის ესემეს კოდებით გაზიარებასთან და განსაკუთრებით ფრთხილად ვიყოთ გათამაშების შემოთავაზებებთან და თუ მაინც გავებით მათ ხაფანგში, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ორგანოები, რომლებიც იცავენ ჩვენს უფლებებს. ფინანსური პრობლემების შემთხვევაში ესაა ეროვნული ბანკი, ჩვეულებრივი პროდუქტების შემთხვევაში ესაა კონკურენციის სააგენტო.

– როდესაც ფიშინგზე და თაღლითობის შემთხვევებზე ვსაუბრობდი, ამ შემთხვევაშიც ალბათ ნაკლებად ემოციურად უნდა შევხედოთ,  თუ სოციალურ ქსელში შეგხვდებათ პოსტი, მიიღეთ გათამაშებაში მონაწილეობა, სამი წამით თუ დავფიქრდებით და ვიფიქრებთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ნამდვილი გათამაშება, მგონი ხშირ შემთხვევაში ავირიდებთ იმ საფრთხეს თავს, რაც შეიძლება გვემუქრებოდეს.  

– წლევანდელმა ქცევამ შესაძლოა, უკეთ დაგვაფიქროს, რამდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა ფინანსური მიზნების დასახვა. თუ ვხედავთ, რომ ახალი წელი თავისი რიტუალებით განსაკუთრებულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ე.ი. კარგი დროა იმისთვის, რომ მომავალ წელს დავისახოთ ფინანსური მიზანი პირობითი სახელწოდებით „ახალი წელი, სესხის გარეშე“ და დავიწყოთ დანაზოგების გაკეთება, რათა მომავალში ახალ წელს უფრო მომზადებულები შევხვდეთ.

სხვათა შორის ამ პროცესში კარგი იქნება, თუ ბავშვებსაც ჩავრთავთ, რაც ორმაგი სარგებლის მომტანი იქნება – ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ვასწავლით დაზოგვისა და დაგეგმვის, მიზნების დასახვის პრაქტიკულობასა და საჭიროებას.

და აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს მსმენელს და მკითხველს დამდეგი ახალი წელი მივულოცო და ფინანსური და ემოციური კეთილდღეობა ვუსურვო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g