ძალიან ბევრ ადამიანს სურს ჰქონდეს ლამაზი, ჯანსაღი ღიმილი, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ღრძილები და პირის ღრუს სწორი ჰიგიენის დაცვა. დღეს ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა ღრძილების განლევა, რეცესია, რომელიც ღიმილის ესთეტიურობაზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ღრძილების ჯანმრთელობა, პირის ღრუს სწორი ჰიგიენა – ამის შესახებ გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პაროდონტოლოგმა, თერაპევტმა მაია მესხელმა ისაუბრა.
რა არის პაროდონტიტის დაავადებები?
პაროდონტის დაავადებებია: გინგივიტი, იგივე ღრძილების ანთება, პაროდონტიტი, რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა, ღრძილების რეცესია: ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება. ასევე პერიიმპლანტიტები, იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება.
რა არის ღრძილების განლევა, ანუ რეცესია?
ხშირია შემთხვევები როდესაც კბილების ირგვლივ ღრძილი არათანაბარი ფორმისა და სიმაღლისაა. ამის გამო კბილები სხვადასხვა ზომის ჩანს, შესაბამისად ღიმილიც არაესთეტიურია. ასეთ დროს პაციენტს აქვს ღრძილის ქსოვილების განლევა, ანუ ღრძილის რეცესია. რაც გულისხმობს ღრძილის თანდათანობით ზემოთ აწევასა და ფესვის გაშიშვლებას. შესაბამისად ასეთ დროს ღრძილის ქსოვილი აღარ ფარავს კბილის ფესვს, ეს კი კბილს ვიზუალურად უფრო არაესთეტიურს ხდის. დღესდღეობით ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, როგორც ახალგაზრდებში, ასევე შუახნის ასაკის პაციენტებში. პროცესი ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ხშირად, პაციენტმა არც კი იცის რომ აღენიშნება ღრძილების განლევა, რადგან ვიზუალური პრობლემა ბოლო ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს.
როგორ უნდა მივხვდეთ რომ გვაქვს ღრძილების განლევა?
რეცესიის პირველი ნიშანია კბილის მომატებული მგრძნობელობა, ასევე, კბილებზე ვიზუალური ცვლილებები. ღრძილების განლევა შეიძლება გამოიწვიოს პაროდონტის დაავადებებმა, გენეტიკურმა განწყობამ, მოსახსნელმა პროთეზებმა, კბილების არასწორმა ჰიგიენამ – ჯაგრისის აგრესიულად გამოყენებამ, ნადებმა, თამბაქოს მოხმარებამ, ორთოდონტიულმა მკურნალობამ.
როგორია მკურნალობის მეთოდი?
მკურნალობა დამოკიდებულია რეცესიის ხარისხზე, თუ რამდენად მაღალია ღრძილის განლევის ხარისხი. თანამედროვე სტომატოლოგია გვთავაზობს სხვადასხვა მეთოდს, ძირითადად ქირურგიულს, რომლითაც შესაძლებელია ღრძილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნება. რეცესიის დაფარვას მხოლოდ ესთეტიური მნიშვნელობა არ აქვს. ფესვის გაშიშვლებას ხშირად ახლავს კბილის მგრძნობელობის მატება, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს. გაშიშვლებულ ზედაპირზე ასევე ხშირად ვითარდება კარიესი. ამიტომ აუცილებელია სტომატოლოგთან ვიზიტი და პრობლემის გადაჭრა. ძირითად შემთხვევაში ასეთ დროს გამოიყენება ღრძილოვანი ტრანსპლანტატი ანუ გრაფტი, რომლის შედეგადაც ვითარდება ახალი, ჯანმრთელი ღრძილის ქსოვილი და იფარება ფესვი. რაც მთავარია ყველაზე მნიშვნელოვანია წელიწადში ორჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი, პირი ღრუს დათვალიერება, წმენდის პროცედურის ჩატარება (3-6 თვეში) და სახლის პირობებში, ყოველდღიურად სწორი ჰიგიენის დაცვა. გახსოვდეთ რბილი და მაგარი ქსოვილების ჯანმრთელობა განსაზღვრავს ჩვენი ღიმილის სიჯანსაღესა და ესთეტიურობას.