რამდენიც არ უნდა იწვალონ დიზაინერებმა მამაკაცის კოსტიუმის დიზაინის შეცვლაზე, კლასიკური ვარიანტი მაინც უალტერნატივოა. რა თქმა უნდა, თავისუფლად შეგიძლიათ მოირგოთ ლურჯი ან იისფერი, მაგრამ შავი და რუხი კოსტიუმი მაინც კლასიკად დარჩება. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ გაამდიდროთ მკაცრი კოსტიუმი შესაფერისი აქსესუარებით.
ჭრელი და მყვირალა ჰალსტუხით ყველაზე ძვირფასი კოსტიუმის გაფუჭებაც თავისუფლად შეიძლება, ბრილიანტით მოჭედილი საათი კი, ვერსადროს შეგიქმნით პრეზენტაბელურ საქმიან იერს, რადგან ამგვარი მოდელი რესპექტაბელურ წვეულებას უფრო შეეფერება, ბიზნესის სამყაროში კი, ფუფუნების ელემენტები ზედმეტად გამომწვევად აღიქმება.
აქსესუარების შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი აქსესუარით შედარებით იაფიანი კოსტიუმის გამდიდრებაც შეიძლება, იაფფასიანი აქსესუარი კი, ყველაზე ძვირადღირებულ კოსტიუმსაც გააუფასურებს.
ასე რომ, თუ ჯერ მხოლოდ იპყრობთ ბიზნესის მწვერვალებს და საკუთარ თავს ვერც ძვირადღირებული კოსტიუმის მოხდენის უფლებას აძლევთ, ხარისხიანი ქამარი ან საფულე, ჰალსტუხი ან საათი მაინც შეიძინეთ.
* საათი
საათი მამაკაცის საქმიანი სტილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი აქსესუარია. ბიზნესის სამყაროში, სერიოზული მოლაპარაკებების დროს მობილური ტელეფონის გამოთიშვა ან მისი უხმო რეჟიმზე გადაყვანაა მიღებული. დროის კონტროლი და პუნქტუალობა კი – ბიზნესწრეების უმნიშვნელოვანესი პირობაა. სწორედ ამიტომ, საათი, რომელიც საქმიანი კოსტიუმის ერთგვარ გაგრძელებად იქცა, ყოველთვის ხარისხიანი, ზომიერად ძვირფასი, ნაკლებად თვალშისაცემი უნდა იყოს და აბსოლუტურად უნდა ერგებოდეს თქვენს სტილს. კლასიკურ საათად მექანიკური მოდელი ითვლება ტყავის სამაჯურთ.
* ქამარი
ქამარის შერჩევა საათის სამაჯურის, ფეხსაცმლის ან ჩანთის ფერის მიხედვით შეიძლება. თუმცა, ბოლო წლებში, მოდური ტენდენციები ქამრის შერჩევას პერანგის ფერის მიხედვითაც გვთავაზობენ. მაგალითად, თუ ცისფერი პერანგი გაცვიათ ლურჯ ზოლებში, თავისუფლად შეგიძლიათ მოირგოთ მუქი ლურჯი ქამარი.
* ჰალსტუხი
შეკრული ჰალსტუხი, რომელიც ერთ ფერში უნდა იყოს პიჯაკთნ და პერანგთან, აუცილებლად უნდა ფარავდეს ქამრის ბალთას. თუ გინდათ, რომ ჰალსტუხი თოკივით არ გეკიდოთ კისერზე, სპეციალური სარჭით ან ბროშით მიიმაგრეთ პერანგზე.
* საკინძე
საკინძი და ჰალსტუხის სარჭი აუცილებლად ერთი ფერის უნდა იყოს. ზოგადად საკინძი მეტად ელეგანტური აქსესუარია და მის შერჩევასაც გემოვნება ჭირდება. სარჭის გაკეთება მხოლოდ თეთრ ორნამეტიან პერანგზე შეიძლება, საღამოს კოსტიუმთან ერთად. არანაკლებ მნიშვნელოვანია სარჭის სხვა აქსესუარებთან – საათის ციფერბლატის მეტალთან, ქამრის ბალთასთან, ბეჭედთან და ბროშთან შეხამებაც.
* საფულე
საფულე (და ტყავის სხვა აქსესუარები) აუცილებლად ხარისხიანი ტყავისგან უნდა იყოს შეკერილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრენდიც. ამასთანავე, საფულის ფერი ჩანთის, იდეალურ შემთხვევაში კი, ქამრის, საათის სამაჯურის და ფეხსაცმლის ფერს უნდა ემთხვეოდეს, რისი მიღწევაც არც ისე ადვილია. ჩვეულებრივ, ტყავის აქსესუარების შერჩევა სწორედ საფულის მიხედვით ხდება.
* ავტოკალამი
აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ ავტოკალამი, რომლითაც მამაკაცი ხშირად სარგებლობს საქმიან პარტნიორებთან შეხვედრებზე. ფირმებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით Parker-ის, Sheatter-ის, Mont Blanc-ის და Cross-ის ნაწარმი სარგებლობს.