LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ თაფლავს მეუღლესა და შვილს დათო ლიკლიკაძე: „ერთი-ორჯერ წამომყვა ტურში და მერე მითხრა, აღარ წამოგყვებიო… მსაყვედურობს, არსად თქვა, რომ კარგი მამა და მეუღლე ხარო…“

1449
დათო-ლიკლიკაძე

ჟურნალისტი, ახლა უკვე მსახიობი და მოგზაური, დათო ლიკლიკაძე უამრავ საქმეს არის შეჭიდებული, მაგრამ თავს მუშაობისას საუკეთესოდ გრძნობს, დასვენება კი ყველაზე მეტად მეუღლესა და შვილთან ერთად უყვარს, რომელიც მუდმივად აბარებს საჩუქრებს, როცა მამიკო საზღვრებს გარეთ მიდის.

ამ ბოლო დროს ხშირად არის საზღვარგარეთ და ამას თავისი მიზეზი აქვს…

როცა არ უნდა დაგირეკო, ბატონო დავით, სულ სადღაც ხარ… ხან რომში, ხან სინგაპურში…

მოგზაურობა ჩემს საქმეს გადაიქცა, რუტინად (იღიმის). კარგი რუტინა და „განსაცდელია“. ეს ჩემთვის უკვე პროფესიაა. პირველად, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ჩემი სახელობის ტური გააკეთა, სიმართლე გითხრათ, წინააღმდეგი ვიყავი. რომ არ გაიყიდის ჩემი ტურები-მეთქი… უამრავი ცნობილი ადამიანის ტური იყო ჩემამდე და მეშინოდა, ვინ მიცნობს მე-მეთქი. თბილისური კომპანია იყო, ბაზარი გამოვიკვლიეთ, ვისთან ერთად ისურვებდნენ წასვლას და ამიტომ გიკავშირდებითო. არ ვიცი, ეს მართალი იყო თუ ტყუილი, მაგრამ შემომთავაზეს და ბოლოს დავთანხმდი.

არ ფიქრობ, რომ პოპულარული ხარ და ხალხს უყვარხარ?

თავიდან მომერიდა ჩემი სახელობის ტური რომ დამეწყო. „ტიტების ფესტივალი დათო ლიკლიკაძესთან ერთად სტამბოლში“ – ვიფიქრე, ლიკლიკაძე აქ რა შუაშია-მეთქი. მინდა გითხრა, ტურის დადებიდან ზუსტად ათ წუთში ყველა ადგილი გაიყიდა. დამირეკეს, თუ შეიძლება, აიღე შენი გვერდიდან რეკლამაო. ვიფიქრე, დედა, რაღაც ვქნა, ჩაიშალა-მეთქი… არა, გაიყიდა მთლიანადო…

რეკორდი დაგიმყარებია…

ვიფიქრე, რაცხას წარმოვადგენ-მეთქი. მას მერე, ხუთი წელია, თუ ხმამაღალი განცხადება არ იქნება, პრაქტიკულად, ბაზარზე კონკურენტი თითქმის არ მყავს. მაგალითად, ახლა მივემგზავრები დუბაიში 90 კაცთან ერთად. მსგავსი არავის არაფერი გაუკეთებია. ნახე, როგორ დავიწყე საუბარი და რით დავასრულე (იცინის). ადამიანები მენდობიან, ნახეს, არ „გადააგდეს“, არ მოატყუეს, ისიამოვნეს, შეურაცხყოფილი არ დარჩნენ იმით, რაც ტურისტულმა კომპანიამ დაახვედრა. არიან ერთგული ადამიანები, რომლებიც ჩემს ტურში სულ დამყვებიან. 30-40-კაციანი ტური მალევე ივსება.

ამ ტურებში მეუღლე თუ დაგყავს?

ერთი-ორჯერ წამომყვა, ერთხელ სტამბოლში და ერთხელ ბუდაპეშტში. ბოლოს მითხრა, შენთან ერთად ტურში აღარ წამოვალო, რომ ნახა ეს გადარბენა; ფეხით სიარული კილომეტრობით; რომ არ მეცალა მისთვის; ხალხზე რომ ვიყავი გადაფოფრილი. მე და ჩემი მეუღლე ბავშვთან ერთად წელიწადში ორჯერ მაინც დავდივართ საზღვარგარეთ დასასვენებლად, მაგრამ ტურის რიტმს ვერ გაუძლო.

ოჯახთან ერთად ახერხებ საზღვარგარეთ დასვენებას?

ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემს მეუღლესა და შვილთან ერთად მივემგზავრები სადმე. ის ოჯახური სითბო, რომელსაც მათ ვაკლებ, მინდა, მთლიანად გავცე ხოლმე ასეთ დროს. ჩემი მეუღლე მეჩხუბება ხოლმე, არსად თქვა, რომ კარგი მამა ან კარგი მეუღლე ხარო (იცინის). ამ წუთში ჩამოვფრინდი რომიდან, ხვალ ჭიათურაში ჩავატარებ ლექციას, მერე ქუთაისში ორ სპექტაკლს ვითამაშებ და გავემგზავრები დუბაიში.

ოჯახს როდის ნახულობ?

ვერ ვნახულობ… ამიტომ ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ერთად ვართ საზღვარგარეთ.

მეუღლის მოთაფვლის მეთოდები არსებობს?

ვთაფლავ მეუღლესაც და პირველ რიგში, შვილს. ადრე ჩემი მეუღლე ითხოვდა საჩუქრებს, ახლა კი მთხოვს, ბავშვს ჩამოვუტანო. გვაქვს ხოლმე „ანბოქსინგები“. ზოგჯერ მოსწონს, ზოგჯერ არა. ერთხელ, როცა მივემგზავრებოდი, შვილმა მთხოვა, პაჭა-პუჭები არ ჩამომიტანოო. ახლა ექვსი წლის არის. ეს მაქვს ხოლმე სანერვიულო, რომ რაც ჩამომაქვს, მოეწონოს…

მართლა ნამეტანი მიეწყო, სულ წასული ვარ, ყველაზე კარგი პერიოდია ზამთარი და ზაფხული, როცა ტურები ნაკლებადაა და ხშირად ვარ ოჯახში.

ოჯახში ყოფნისას შენთვის საუკეთესო განტვირთვა რა არის?

ჩემი ყველაზე დიდი დასვენება, აღმოჩნდა, რომ მუშაობაა. ცოლ-შვილთან ერთად ბაკურიანში გავემგზავრე დასასვენებლად და კინაღამ ჭკუიდან გადავედი. მანქანასავით გავხდი, დასვენება ჩემთვის მოსაწყენია. კარგად ვისვენებ, როცა ვმუშაობ. დავაკვირდი, რომ შრომა არ მღლის, რადგან ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. მეგობრები დამდევენ, რას სვამ ამნაირს, ასეთ ენერგიაზე რომ ხარო…

რაც შეეხება ჰობის, მქონდა, მაგალითად, თეატრი, მაგრამ სპექტაკლები სპექტაკლებზე მაქვს. ბოლოს დავკავდი გოჩა კაპანაძის სპექტაკლში, რომელიც ქუთაისში დადგა. მოგზაურობასა და მოგზაურობას შორის სვამენ სპექტაკლებს, ასე მცემენ პატივს, ასე რომ, პრაქტიკულად, ყველა ფრონტზე ვიბრძვი.

თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევ?

ერთი წუთით, ხეზე უნდა დავაკაკუნო. ეს ცრურწმენა შემომრჩა, ჯერ ოჯახიდან და მერე კოკო შანელიდან, თურმე დადიოდა ხის ნაფოტით ჩანთაში. სადმე სკამს ან რამე ხისას თუ დავინახავ, კი ვუკაკუნებ. მადლობელი ვარ ღმერთის, ქართველი ხალხის, იმდენ სითბოს ვიღებ. სადმე რომ ჩავდივარ უცხო ქვეყანაში, იქაურ დიასპორასთან შეხვედრა ცალკე „განყოფილებაა“. უამრავ სითბოს ვიღებ, ამას რანაირად მოიპოვებ ან ფულით ან სხვა რამით? ბედნიერი ვარ ოჯახით, მეგობრებით, საქმით თუ ჩემი მდგომარეობით. ხანდახან მეშინია ამის თქმა, მაგრამ რამე ხომ არ უნდა გავიღო ამ ბედნიერებისთვის. ადრე შიშები არ მქონდა, ბრეტელებიანი მაისურის გარდა არაფერი მქონდა გულთან მიკარებული. ჯერ ჩემი დისშვილები რომ დაიბადნენ, მას მერე დავიწყე სიარული ფეხის წვერებზე, რომ ჭიანჭველასაც კი არ დავადგა ფეხი, არავის ვაწყენინო, ოჯახი გვიან შევქმენი და შვილი რომ შემეძინა, მთლად გადავირიე… თუ სადმე შემიძლია სიკეთე დავთესო, ვთესავ. გარიგება მაქვს ღმერთთან, რომ მოვიქცე წესიერად. კარგი გაგებით დამძაბა ამ ბედნიერებამ, მაგრამ იყოს ეს ბედნიერება და ვიყო შეშინებული…

საკუთარ თავთან მარტო რომ რჩები, რა გაქვს საოცნებო?

ჩემი ოცნებაა, ქვეყანაში იყოს ისეთი მშვიდი მდგომარეობა, რომ აღარ ვფიქრობდე, რა კომენტარს დამიწერენ, სადმე თუ რამე კარგი მოხდა და „ფეისბუქზე“ დავდე…

ძალიან მინდა, დალაგდეს ეს ქვეყანა… ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, სასაცილოა იმისტობა და ამისტობა, ბევრმა რამემ გაგვაერთიანა, მაგალითად, ფეხბურთმა… უკრაინაში ომი რომ იყო, მთელი ქვეყანა გაერთიანდა…მინდა, ერთად ვიყოთ. ვიყოთ სხვადასხვა აზრზე, მაგრამ ამის არ გვეშინოდეს. არ მიყვარს ეს დიდაქტიკური მოტივი, მაგრამ შევიყვაროთ ქართველებმა ერთმანეთი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g