როგორ უნდა დაასვენოთ ბავშვი არდადეგებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან
01.08.2017
50
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით (WHO) ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ რაიმე დაავადების არქონა, არამედ სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვისთვის ხელშეწყობილი იყოს სწორი დასვენება. დასვენების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარების სწავლა და განვითარება ბავშვისთვის აუცილებელია. როგორ დავასვენოთ ბავშვი არდადეგებზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი თამარ ისაკაძეა.
როგორ განვავითაროთ ბავშვის უნარები დასვენების დროს?
მშობლები ხშირად დასვენებას „დროის უქმად ფლანგვას უკავშირებენ“, ამ სტერეოტიპული შეხედულების გაქარწყლება შესაძლებელია, თუ დასვენების აქტივობებს პრაგმატულად გავიაზრებთ და ვიფიქრებთ იმაზე, რომ სწორად ორგანიზებული დასვენების დროს ბავშვმა შესაძლოა ძალიან ბევრი უნარი განივითაროს, მიიღოს ახალი შთაბეჭდილებები, აღიდგინოს ძალები, განიტვირთოს და ა. შ მაგალითად, ადამიანის ფსიქიკური განვითარების თანამედროვე ტესტები, რომლებიც ბავშვის განვითარების უნარებს აფასებს, მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მეტყველება, წერა-კითხვა, ყოფითი უნარები, კომუნიკაცია, და ასევე იმასაც, თუ როგორ თამაშობს და იყენებს თავისუფალ დროს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არაფორმალურ გარემოშიც ბევრი რამის სწავლა შეიძლება, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. კარგი დასვენება ბავშვისთვის სასიამოვნოს და სასარგებლოს შერწყმას წარმოადგენს.
უნდა მივცეთ თუ არა ბავშვებს დავალებები არდადეგებზე?
განათლების სისტემის წამომადგენლები ხშირად დაობენ ამ საკითხზე. არგუმენტები ორივე მოსაზრებას მოეძებნება, ზოგიერთი განსაკუთრებით ზაფხულის არდადეგებზე, 3 თვის მანძილზე დროის უქმად გატარების და ნასწავლი ცოდნის დავიწყების რისკს ხედავს, თუმცა მეორეს მხრივ რთული რეჟიმიდან გათავისუფლებაც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი არ „გადაიწვას“. არდადეგები საუკეთესო პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი გარემოს ნახვისთვის და შესაბამისად ახალი გამოცდილების მიღებისთვის. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება მხოლოდ შორეული მოგზაურობა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგალითად, ტბაზე ნავით გასეირნება და ნიჩბების მართვის გამოცდილების მიღებაც, რომელიც აქვე ქალაქში შეიძლება დაიგეგმოს. ამის შემდეგ, ბავშვს შესაძლოა ვთხოვოთ დამოუკიდებლად მოძებნოს ინფორმაცია ამ ტბის შესახებ, მისი ისტორიის, გეოგრაფიული მახასიათებლების შესახებ და ამით ცოდნაც გაიფართოვოს. ამ მაგალითით შეიძლება ითქვას, რომ სწორად ორგანიზებული დასვენების აქტივობები, რეალურად გამოცდილებით სწავლას ეფუძნება.
არდადეგებზე მეცადინეობა უფრო თავისუფალი სტილის უნდა იყოს და ნაკლებად მოითხოვდეს ჩარჩოებს. მაგალითად, ალბომის შექმნა მცენარეების ან ცხოველების შესახებ ჩანახატებითა და ჩანაწერებით, ან თუნდაც მანქანების ან ფილმების შესახებ გარკვეულწილად დაკავშირებულია წერით მეტყველებასთან, ინფორმაციის გააზრებასთან, სკოლაში ნასწავლი უნარების სხვა მიზნისთვის გენერალიზებასთან.
7 რჩევა თამარ ისაკაძისგან:
ვიზიტი მუზეუმებში – ბავშვი შეიმეცნებს ახალ ინფორმაციას, იღებს ახალ შთაბეჭდილებებს, მითუმეტეს თუ ქალაქგარეთ დაიგეგმა გასვლა მშობლებთან ან მეგობრებთან ერთად, ხელი ეწყობა დადებითი ურთიერთობების განვითარებას და შენარჩუნებას;
სეირნობა – ახალი ადგილების მონახულებასთან ერთად, ბავშვი ფიზიკურადაც იტვირთება, ატარებს დროს სუფთა ჰაერზე, გემოვნების და ინტერესების მიხედვით შესაძლებელია ფიზიკური დატვირთვა ცურვით, ველოსიპედით სეირნობით ან ცხენზე ჯირითითაც იყოს გამრავალფეროვნებული, 2-3 საათიანი ფეხით გასეირნების შემდეგ მოაწყეთ მსჯელობა, თუ რა ნახა, რა მოეწონა, რას შეცვლიდა; თუ ქალაქგარეთ გასვლის შესაძლებლობა არ აქვს მშობელს, ქალაქშიც შეიძლება შიდა ტურის დაგეგმვა, ბავშვს შეგიძლიათ სთხოვოთ, თავად მოიძიოს ინფორმაცია ქალაქში რისი ნახვა შეიძლება, ამისთვის ის მოიძიებს ინფორმაცია ინტერნეტში, წიგნებში საქართველოს ან თბილისის ღირსშესანიშნაობების შესახებ. სხვადასხვა ადგილების მონახულებით ბავშვი პრაქტიკულ უნარებს ივითარებს.
პიკნიკი – პიკნიკის მოწყობას ბევრი დადებითი ეფექტი აქვს და ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის განვითარებას, მათ შორის: მშობლებსა და ბავშვს შორის დადებითი კომუნიკაცია, ერთობლივი დაგეგმვა, ადგილის შერჩევა, პროდუქტების მომზადება, თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება. პიკნიკის დროს გარდა ლანჩისა და ექსკურსიისა, შესაძლებელია წიგნების წაღება და ჰაერზე კითხვა, რაც წიგნიერების განვითარების კომპონენტის იქნება და კითხვის პროცესი სასიამოვნო ელფერს შეიძენს;
შემოქმედებითი თამაშები და პრაქტიკული უნარები – ბავშვებისთვის თამაში განმავითარებელი აქტივობაა, შესაძლებელია ბავშვის თავისუფალი დრო შევავსოთ საინტერესო და ახალი თამაშებით, რომლის დროც მას შესაძლოა სკოლის პერიოდში არ ქონდა, მაგალითად, თოჯინების დამზადება ისწავლოს, თიხით ძერწვა, ან რაიმე ხელსაქმე, დაინტერესდეს კულინარიით, მებაღეობით, კონსტრუქტორებით. რა თქმა ძალდატანება შეუძლებელია, უბრალოდ ბავშვს უნდა ვაჩვენოთ და ავუხსნათ სხვადასხვა მსგავსი საქმიანობა და თავად აირჩიოს სასურველი. ეს ყველაფერი ინტერესების და თვალსაწიერის გაფართოების პროცესია.
წიგნების კითხვა – თუ ბავშვისთვის წიგნების კითხვის სიყვარული და ინტერესი აქამდე არ გისწავლებიათ, მიანცდამაინც ზაფხულის არდადეგებზე წიგნებით დაინტერესება შეიძლება სულაც არ მოინდომოს. წიგნების არჩევისას არ დაგავიწყდეთ, რომ მაღაზიაში თუ ბიბლიოთეკაში არა მხოლოდ მისთვის შეარჩიოთ წიგნი, არამედ თქვენთვისაც, ბავშვები ხშირად მიბაძვით იმეორებენ ქცევას. კლასგარეშე ლიტერატურის კითხვისთვის ზაფხული საუკეთესო პერიოდია.
არა ძალდატანებას – თუ ბავშვს უბრალოდ დასვენება უნდა, მიეცით საშუალება დაისვენოს, მაგრამ ზოგჯერ უმოქმედოდ შესაძლოა იმიტომ იყოს, რომ მოკლებულია საინტერესო საქმიანობას.
არა მოწყენას – თუ მეგობრები დასასვენებლად წავიდნენ, ბავშვი მარტოა და ზაფხულის მანძილზე ქალაქგარეთ წაყვანა ვერ შეძელით, ის აუცილებლად მოიწყენს, ამიტომ შეეცადეთ მას საინტერესო საქმიანობის პოვნაში მიეხმაროთ, დაგეგმეთ ერთობლივი აქტივობები, ხელი შეუწყეთ შეიძინოს ახალი მეგობრები, გაუჩნდეს ჰობი.