არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დაოჯახებამდე რამდენიმე ურთიერთობა წარუმატებლად მთავრდება. ხშირად დაშორების ინციატორი თავად ხართ, საბოლოოდ კი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ურთიერთობა არ შედგა.
საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დროს, რამდენად შეძლებთ, რომ ბოლომდე არ გააფუჭოთ ურთიერთობა და თქვენს ყოფილთან დაშორების შემდეგაც გააგრძელოთ კონტაქტი?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
ისწავლეთ ურთიერთობის სკანდალის გარეშე დასრულება
მოეშვით ისტერიკას და ყველაფერში მის დადანაშაულებას, მათ შორის ამ ურთიერთობის დასრულებაშიც. ეცადეთ, უბრალოდ მშვიდად დაილაპარაკოთ ურთიერთობის გაცივების მიზეზებზე.
გახსოვდეთ, რატომ გიყვარდათ
მეხსიერება ყველასთან სხვადასხვანაირად მუშაობს. ზოგს მხოლოდ კარგი ამახსოვრდება, ზოგს – პირიქით. შესაძლოა, იყო დრო, როდესაც ბევრს ჩხუბობდით, მაგრამ აუცილებელი არ არის, თქვენი ურთიერთობიდან მხოლოდ ეს დაიმახსოვროთ. დახურეთ ეს თავი და ეცადეთ გაიხსენოთ მხოლოდ საუკეთესო – თქვენ ხომ ოდესღაც ეს ადამიანი რაღაცის გამო გიყვარდათ?
არასოდეს გააკრიტიკოთ მისი ახალი რჩეული
ღირს თუ არა ყოფილთან ურთიერთობა თუ მას უკვე ინტერესის ახალი ობიექტი ჰყავს? კითხვა საკმაოდ სადავოა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეყვარებული იქნება თუ მეუღლე, ინფორმაციამ ამის შესახებ შესაძლოა დეპრესიაშიც კი ჩაგაგდოთ. დაიმახსოვრეთ – თუ თქვენს ყოფილთან ურთიერთობა მაინც გსურთ, მოეშვით მისი ახლანდელი სიყვარულის კრიტიკას. მართალიც რომ იყოთ, ის ამას არ მოითმენს.
