ხშირად მოგვისმენია, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟის და ზოგადად ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. თუმცა ერთია სურვილი და მეორე რეალობა – კაპიტალის ბაზარი საქართველოში ჯერ ვერ განვითარდა. ამის ერთ-ერთი ფაქტორი ინფორმაციის და შესაბამისად სანდოობის ნაკლებობაცაა. ჩვენთან ასევე არ არსებობს დანაზოგების ფასიან ქაღალდებში განთავსების კულტურა და ტრადიცია.
ამ მხრივ არც კომპანიები ბრწყინავენ, მათი უმრავლესობა დაფინანსების მოსაზიდად ბირჟას არ იყენებს. ფულის ძირითადი წყარო ისევ საბანკო სესხია.
რა უშლის ხელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას საქართველოში? სად შეიძლება განვათავსოთ ჩვენი დანაზოგები?
თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ნინო ქურდიანი – “საქართველოს საფონდო ბირჟის” გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საუბრობს.
– რამდენიმე თვის წინ დაინიშნეთ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. კონკრეტულად რა გეგმები გაქვთ თქვენს ახალ პოზიციაზე. რატომ ვერ განვითარდა საფონდო ბირჟა საქართველოში, რა არის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორები?
– საქართველოს პატარა ბაზარი აქვს. ეკონომიკაც თავისთავად პატარაა. გარდა ეკონომიკის მოცულობისა, სუბიექტები, ვინც ეკონომიკაში არიან წარმოდგენილი: პოტენციური ინვესტორები, (ვინც უნდა მოახდინოს თანხის დაბანდება), ინსტიტუციური ინვესტორები, რომლებიც მართავენ ინდივიდუალური ინვესტორების თანხებს და დაბანდებას ახდენენ, მათი რაოდენობა მცირეა.
მცირე რაოდენობით დიდ მასშტაბებზე გასვლა რთულია. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბირჟის განვითარება არ იქნება იმდენად დიდი, როგორსაც ჩვენ განვითარებულ ქვეყნებში ვხედავთ.
ასეთი ტიპის ბაზრებს, როგორიც საქართველოშია, უწოდებენ ფრონტიერ ბაზრებს. ბაზრის ზომიდან გამომდინარე.
ბაზრები იყოფა კატეგორიებად: განვითარებულ და ენერჯინგ ბაზრებად, რომელიც შედარებით დიდია და პოტენციურად შეიძლება განვითარებულ ბაზარში გადაიზარდოს და არის ფრონტიერ ბაზრები, რომლებიც მცირე ზომისაა და მასშტაბიდან გამომდინარე, როგორც წესი დიდი ზრდის პოტენციალი არ გააჩნია.
ჩვენ ფრონტიერ ბაზრისთვისაც უფრო მცირე ზომა გვაქვს. თუმცა გარკვეული მასშტაბის შესაძლებლობები მაინც გაგვაჩნია და ნელი ტემპებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ემისია გვქონდეს და უფრო მეტად იყოს ეკონომიკა წარმოდგენილი და საფონდო ბაზარზე და უფრო მეტი ინვესტორი არსებობდეს.
ფასიანი ქაღალდის ტიპები ჩვენთან აქციებითა და ობლიგაციებითაა წარმოდგენილი, მაგრამ ძირითადი ბაზა ინვესტიციებისთვის მაინც ობლიგაციებია, რადგან დიდი რაოდენობით გვაქვს და ძირითადად ისინი ვაჭრობენ.
განვითარება ორივე მხარეს არის შესაძლებელი. თავდაპირველად ობლიგაციების ბაზრის მასშტაბირება უნდა მოხდეს.
უნდა გაიზარდოს იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთა ობლიგაციებიც ბაზარზეა წარმოდგენილი.
გეგმებიც ამ მიმართულებით გვაქვს, გვინდა, მივყვეთ ბაზარს. თავისთავად საფონდო ბაზარი, როგორც ბიზნესის სახეობა, არაა ადვილად პროგნოზირებადი და ადვილად კონტროლირებადი.
ერთადერთი გზა არის, გავაანალიზოთ, რა პერსპექტივები გაგვაჩნია.
– ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ, რომელმაც წესით ხელი უნდა შეუწყოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. გასაგებია, რომ ეს ნელ-ნელა მოხდება. რა ეტაპებია გასავლელი? რა ტიპის რეგულაციები შემოვიდა და რამდენად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
– ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ კაპიტალის ბაზარი და საფონდო კაპიტალის ბაზარი. კაპიტალის ბაზარზე ვაჭრობა ხდება, როგორც ბირჟაზე, ასევე ბირჟის გარეთ. შესაბამისად რეგულაციები, რომელიც შემოღებული იქნა, სხვადასხვა რეგულატორების მიერ, მთლიანად კაპიტალის ბაზარზე მოქმედებს სხვადასხვა მიმართულებით.
მომავალ წელს ველოდებით პორტფელით უზრუნველყოფილ ობლიგაციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კაპიტალის ბაზრისთვის, ასევე საორიენტაციოდ. ბევრი გეგმა რეგულატორთანაა დაკავშირებული. გეგმები ბევრია და შედეგებს თანდათან დავინახავთ.
– ჩვენთან ფულის დაბანდების ერთ-ერთი წყარო არის საბანკო ანაბარი, რომელიც შეგიძლია, შენი დანაზოგით დადო და მან მოგება დაწეროს. მსხვილ ბანკებს უცხოურფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით აქვთ შემოთავაზება. სამწუხაროდ ამის კულტურა და ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მით უფრო ქართული კომპანიების მიმართ, რომლებიც სამწუხაროდ არ არიან საჯარო კომპანიები, მათთდამი ფართო მოსახლეობის ნდობა, სასურველია, რომ გაიზარდოს. თუ არ იქნება ნდობა და გამჭვირვალობა, ეს პროცესს შეაფერხებს.
როგორ შეიძლება, რომ მოსახლეობის მხრიდან ნდობა გაიზარდოს? და თუ რაიმე სახის დანაზოგი აქვთ, ჩადონ არა ბანკში, არამედ ფასიან ქაღალდებში?
– რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ფასიანი ქაღალდები და უნდა არსებობდეს ნდობა. თავისთავად ფასიანი ქაღალდები, რომლებიც ბირჟაზე გამოდის, გადის რამდენიმე ეტაპიან სკრინინგს, ანუ შემოწმებას, როგორც მათი განთავსების აგენტის მხრიდან, ისე ეროვნული ბანკის მხრიდან. ჩვენთან ბირჟაზე გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს.
კომპანია დაბალი ნდობით, რა თქმა უნდა, საფონდო ბირჟაზე ვერ მოხვდება.
ფაქტი, რომ ფასიანი ქაღალდი მოხვდა საფონდო ბირჟაზე, უკვე ნიშნავს, რომ მისი ნდობა შედარებით შესაძლებელია. მათი ფინანსური ინფორმაცია ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ ინვესტორს შეუძლია მისი გადამოწმება და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.
ამასთან არამხოლოდ ანაბრებზე, არამედ უძრავ ქონებაშიც დებენ დანაზოგის ჩადებას და არც ერთი არაა მაღალშემოსავლიანი.
– უძრავ ქონებაში თანხის ჩადება გრძელვადიანი ინვესტიციაა და დაბალი ამონაგები აქვს..
– გეთანხმებით და ამასთან საჭიროებს უფრო აქტიურ ჩართულობას. თუ გვაქვს უძრავი ქონება, საჭიროა მის გაქირავებაზე და იჯარაზე ზრუნვასაც. მაშინ როცა ფასიანი ქაღალდები შეიძლება იყოს შედარებით პასიური ინვესტიციაა, რომელსაც მაღალი ამონაგები აქვს.
– რაც უფრო სარისკოა სესხი, მით უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და ინვესტიცია, რასაც ჩვენ მასში ვდებთ, თავისთავად უფრო მაღალი ამონაგები ექნება.
ცნობიერების ამაღლების კუთხითაც უნდა იმუშაოთ საფონდო ბირჟაზე, სკოლაში, უნივერსიტეტებში უფრო აქტიურად უნდა ვსაუბრობდეთ ამ თემებზე..
– რა თქმა უნდა, ფინანსური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ჩვენზე ადრე ნაბიჯები გადადგა ეროვნულმა ბანკმა და სხვადასხვა ენთუზიასტებმა, შექმნილია სხვადასხვა პლატფორმები, რომელიც ემსახურება ფინანსური განათლების ზრდას მოსახლეობაში.
ეროვნულ ბანკს გააჩნია პლატფორმა „ფინედუ“, რომელიც ბევრ რამის გარკვევაში ეხმარება დაინტერესებულ ადამიანებს.