საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულის, სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობის თემას დაეთმო გადაცემა „რეალური სივრცეს“ ეთერი. გადაცემაში მოწვეულმა სტუმრებმა არსებულ პრობლემებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს.
როგორც სტუდენტმა გოჰარ აღჯოიანმა აღნიშნა, ქართული ენის შესწავლის სურვილი არაქართულენოვან მოსახლეობაში ძალიან დიდია, თუმცა ამის შესაძლებლობა რეგიონებში ნაკლებად აქვთ.
„სკოლას რომ ვამთავრებთ, ბიჭების დიდი ნაწილი, ვინც არ იცის ქართული და ვინც იცის და იზიარებს, რომ ვერ ისწავლის თბილისში ან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, აუცილებლად მიდის რუსეთში. გოგოების დიდი ნაწილი კი დგას დილემის წინაშე, გათხოვდეს თუ წავიდეს სომხეთში. ეს დიდი ტრაგედიაა ჩემი აზრით. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართული ენის სწავლა, მოდი ჩავიდეთ რეგიონებში და ვკითხოთ მოსახლეობას, ათასში ერთი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც არ უნდა ქართული ენის სწავლა და ისიც ისეთი ადამიანი, რომელიც ისედაც მიდის რუსეთში იქ მუშაობს. დანარჩენებს ყველას უნდა ქართული ენის სწავლა“, – განაცხადა გოჰარ აღჯოიანმა.
სტუდენტმა ქართული ენის მასწავლებლების კომპეტენციას და სწავლების ხარისხს ისაუბრა.
„ქართული ენის სწავლება მაღალხარისიხნი კი არა, საერთოდ ხარისხიანი არ არის. ჩავიდეთ რეგიონებში და უბრალოდ ვკითხოთ ქართული ენის მასწავლებლებს რამე ქართულად, ვნახოთ გვიპასუხებენ თუ არა ქართულ ენაზე, არა, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ არ იციან ქართული. როგორ უნდა გვასწავლონ ქართული მასწავლებლებმა, რომლებმაც არ იციან ქართული. 12 წლის განმავლობაში როგორ არ ან ვერ უნდა ვისწავლოთ ქართული. რუსულს რატომ ვსწავლობთ აბა? რუსული ქართულზე მარტივია? არა, იმიტომ რომ გვყავს რუსული ენის სპეციალისტები და არა ქართული ენის სპეციალისტები. ეს უკვე ნამდვილად სახელმწიფოს ბრალია. სკოლებში რატომ უნდა იყოს ნათესაობის პრინციპით სამსახურში აყვანა. წავიდეთ რეგიონებში და ვნახოთ, ყოველი ქართული ენის მასწავლებელი არის დირექტორის ახლო ნათესავი, ან რძალი, ან ცოლი ან შვილი“, – აღნიშნა სტუდენტმა.