ხშირად ბავშვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რთული ქცევა ახასიათებთ. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სადამსჯელო ღონიძიებების გატარებით ბავშვის რთული ქცევის გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა ფსიქოლოგები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და მშობლებს სხვა მიდგომებს ურჩევენ. განხორციელებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დასჯის ფორმები არასასურველი და პრობლემური ქცევის გახშირებას იწვევს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა ქცევების ჩართვა ბავშვის ქცევით რეპერტუარში ხდება უფროსების დახმარებით. როგორც „ფორტუნას“ ნიუტონის თავისუფალი სკოლის სკოლამდელი აღზრდის ხელმძღვანელმა, ბაღი „ფელიქსის“ დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა ნინუ კიკნაველიძემ განუცხადა, ის, თუ რამდენად ჩართავს ბავშვი ამა თუ იმ ქცევას თავის ქცევით რეპერტუარში და რამდენად ხშირად განახორციელებს მას, დამოკიდებულია გარკვეულ ფაქტორებზე.
რა ფაქტორები განაპირობებს ბავშვის რთულ ქცევას?
ფსიქოლოგის თქმით, საჭიროა ყურადღების გამახვილება არა მხოლოდ უშუალოდ ბავშვის რთულ ქცევაზე, არამედ იმაზეც, თუ რა უსწრებს წინ ამ ქცევას, რა მოსდევს მას შედეგად და რა სიტუაციაში ხორციელდება იგი. ქცევას ყოველთვის თან სდევს შედეგი. შედეგს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს მომავალში ქცევის გამოვლენის სიხშირე. წინაპირობებისა და შედეგების დადგენის გარდა ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, თუ რა სიტუაციაში აღმოცენდება არასასურველი ქცევა. მაგალითად, თუ ბავშვი სასურველი ჯილდოს მისაღებად გარკვეულ ქცევას ახორციელებს ერთ მშობელთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მეორე მშობელთანაც იმავე ქცევას განახორციელებს. ბავშვმა შესაძლოა გამოცდილებით აღმოაჩინა, რომ მის მიერ განხორციელებული ქცევა ეფექტურია ერთ მშობელთან ჯილდოს მისაღებად, მაგრამ არაეფექტურია მეორესთან. შედეგად ბავშვი მეორე მშობელთან სხვა სტრატეგიას შეიმუშავებს.
“როდესაც ბავშვი არ ასრულებს უფროსის დავალებას, ურტყამს სხვა ბავშვს, ამბობს ცუდ სიტყვებს, უფროსები ხშირად მიდრეკილნი ვართ ვუწოდოთ მას ”ჯიუტი”, ”ცუდი”, ”უზრდელი”. სინამდვილეში ბავშვის ქცევა მიუთითებს არა მის გარკვეულ პიროვნულ ნიშანზე, არამედ ამ ქცევის გამომწვევ მიზეზებზე. როდესაც ხდება ბავშვის პრობლემური ქცევის მიზეზების განსაზღვრა, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები, რადგან ყოველი შემთხვევა უნიკალურია”, – განაცხადა ფსიქოლოგმა.
რატომ არ უნდა დასაჯოთ ბავშვი რთული ქცევის გამო?
ფსიქოლოგის თქმით, ბავშვები ხანდახან მშობლისთვის არასასურველ ქცევებსაც სწავლობენ. შედეგად მათ ხშირად სჯიან იმის გამო, რომ „კარგად“ არ იქცევიან, თუმცა იმის განსაზღვრა, რა არის ”კარგი”, „ნორმალური“ და „ცუდი“ ქცევა, ადვილი საქმე არ გახლავთ.
„ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე: ბავშვის ასაკზე, მის პიროვნულ თავისებურებებზე, ფიზიკური და ემოციური განვითარების დონეზე. მაგალითად, თუ ორი წლის ბავშვი დარბის და ძირს ყრის სათამაშოებს, იქექება უჯრებში და ბევრ შეკითხვას სვამს, ეს მისი ასაკისთვის ბუნებრივი ქცევაა და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. რთული ქცევის უამრავი განსხვავებული განმარტება არსებობს“, – ამბობს ფსიქოლოგი.
მისივე თქმით, როდესაც ხდება ბავშვის პრობლემური ქცევის მიზეზების განსაზღვრა, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ასაკი, სქესი და კულტურული წარმომავლობა.
„ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვები „კარგად“ არ იქცევიან, მშობლები მათ ფიზიკურად სჯიან და მიაჩნიათ, რომ ასე ისინი ბავშვის სასიკეთოდ იქცევიან. სინამდვილეში კი ფიზიკური შეხებით ბავშვს სერიოზულ ზიანს ვაყენებთ, ისინი ხდებიან უფრო ჯიუტები, დაუმორჩილებლები და სწავლობენ ქცევის აგრესიულ ფორმებს, ფიზიკური დასჯის შედეგად ბავშვი უფრო აგრესიული ხდება და თვითონაც იწყებს სხვა ბავშვების ცემას“, – აცხადებს ფსიქოლოგი.
7 რჩევა ნინუ კიკნაველიძისგან:
გადაცემის ჩანაწერი