ღვიძლის გაცხიმოვნება საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. თუმცა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება. მის განვითარებას ხელს უწყობს: არაჯანსაღი კვება, რაც გულისხმობს მაღალკალორიულ, შაქრისა და ცხიმების შემცველ საკვებს, მჯდომარე ცხოვრების წესი, გენეტიკურ წინასწარგანწყობა და სხვა.
როგორც თოდუას კლინიკის ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი ეკატერინე დოლმაზაშვილი განმარტავს, ღვიძლის გაცხიმოვნების ეს ფორმა ასოცირებულია ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან, პრედიაბეტთან, ინსულინრეზისტენტობასთან, სიმსუქნესთან და ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. დაავადების შესახებ ეკატერინე დოლმაზაშვილი დეტალურად გვესაუბრება.
რას ნიშნავს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება?
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გულისხმობს ღვიძლში ცხიმის ჭარბ ჩალაგებას. ღვიძლში ცხიმის გარკვეული შემცველობა ნორმალურია. თუმცა, თუ ღვიძლის წონის 5-10%-ზე მეტი მოდის ცხიმზე, ეწოდება ცხიმოვანი ღვიძლი.
რა შეიძლება იყოს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მიზეზი?
არსებობს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა ალკოჰოლის მოხმარებასთან ასოცირებული ღვიძლის გაცხიმოვნება, არაალკოჰოლური ანუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, კონკრეტული მედიკამენტებით გამოწვეული გაცხიმოვნება, ე.წ. კრიპტოგენული, ანუ დაუდგენელი მიზეზის მქონე ცხიმოვანი ღვიძლი და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, რომლის მნიშვნელობამ ბოლო წლებში მკვეთრად მოიმატა. ღვიძლის გაცხიმოვნების ეს ფორმა ასოცირებულია ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან, პრედიაბეტთან, ინსულინრეზისტენტობასთან, სიმსუქნესთან და ის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს აღენიშნება. ღვიძლის გაცხიმოვნების ამ ფორმის მქონე პირებში გაზრდილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებების, თირკმლის ქრონიკული დაავადების, სიმსივნის სხვადასხვა ფორმების და ღვიძლისმიერი გართულებების რისკი, როგორიცაა ღვიძლის ფიბროზი/ციროზი, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის პირველადი კიბო – ჰეპატოცელულური კარცინომა.
რამდენად საშიშია მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება?
არსებობს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების ორი ფორმა: ცხიმოვანი ღვიძლი და ცხიმოვანი ჰეპატიტი ე.წ. სტეატოჰეპატიტი. პირველი გულისხმობს ღვიძლის გაცხიმოვნებას ანთების და ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე და, შესაბამისად, ღვიძლისმიერ გართულებებთან პირდაპირ კავშირში არ არის, ხოლო მეორე ნიშნავს ღვიძლის გაცხიმოვნებას ანთებით და ჰეპატოციტების დაზიანებით, რაც შესაძლოა პროგრესირდეს ღვიძლის ფიბროზსა და ციროზში.
როგორია მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების სიმპტომები?
ზოგადად, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები შემთხვევათა უდიდეს ნაწილში მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მხოლოდ ზოგადი არასპეციფიკური სიმპტომებით, როგორიცაა, მაგალითად, საერთო სისუსტე. შესაბამისად, კლინიკური ნიშნების მიხედვით, ღვიძლის ამა თუ იმ დაავადების არსებობას ვერც დავადასტურებთ, ვერც გამოვრიცხავთ. საჭიროა შესაბამისი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარება.
რა ტიპის კვლევები ტარდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების დიაგნოსტირების დროს და როგორ უნდა მოვიქცეთ მისი გამოვლენისას?
ღვიძლის გაცხიმოვნება კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ვლინდება შემთხვევით, პროფილაქტიკურად ან რაიმე სხვა მიზეზით ჩატარებული მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევისას. მისი გამოვლენისას მნიშვნელოვანია პოტენციური გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა (ალკოჰოლი, მეტაბოლური დისფუნქცია, კონკრეტული მედიკამენტები და სხვა) და დამატებითი კვლევების ჩატარება როგორც ღვიძლთან ასოცირებული, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ არსებული რისკების შესაფასებლად. კვლევების ჩამონათვალი კონკრეტული პაციენტისთვის ექიმის მიერ განისაზღვრება და ის შეძლება მოიცავდეს ღვიძლის ფუნქციური სინჯების, ლიპიდური ცვლის, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას, ღვიძლის ფიბროზის/ციროზის სტადიის შეფასებას და სხვა.
რა სახის მკურნალობა უტარდებათ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადებით პაციენტებს?
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგად რეკომენდაციებს, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მაგალითად, ფეხით სიარული კვირაში 150-200 წუთი ან მეტი, წონაში დაკლება. ითვლება, რომ ჭარბი წონის მქონე პირებში ღვიძლში არსებული ცხიმის შესამცირებლად წონის სულ მცირე 5%-ით შემცირებაა საჭირო, ხოლო ღვიძლის გაცხიმოვნების თანმხლები ანთებითი აქტივობის/ჰეპატიტის და ღვიძლის ფიბროზის რეგრესისათვის წონის სულ მცირე 7-10%-ით კლებაა რეკომენდებული. რაც შეეხება თანმხლები დარღვევების მედიკამენტოზურ მკურნალობას, ის ინდივიდუალურია და საჭიროების შემთხვევაში, თითოეული პაციენტისთვის ექიმის მიერ ინიშნება.