ხშირად მშობლებს უწირთ ემოციების კონტროლი, ემოცია უნდა გამოიხატოს, თუმცა მნიშვნელოვანია როგორი იქნება გამოხატვის ფორმა, ბავშვი კარგად ხვდება, როდის და რაზე რეაგირებს მშობელი. რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაცია მშობლებში -ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი დალინკევიჩმა ისაუბრა.
რამდენად მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაცია მშობლებში?
კარგი მშობლობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ადამიანების ცხოვრებაში. მშობლებს შეუძლებლად ეჩვენებათ მშვიდად ყოფნა და ემოციების კონტროლი მაშინ, როდესაც მათი შვილი დაუმორჩილებელია და უპატივცემულოდ იქცევა. იმ მომენტში, როდესაც ბავშვი ყვირის, ისვრის ნივთებს და კარს იჯახუნებს, მშობლების თვითკონტროლი წამებში ქრება. მათ თავიანთი შვილებისთვის ყველაფერი საუკეთესო უნდათ, გამუდმებით ცდილობენ, ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე, სურთ წარმატებულები იყვნენ, უზრუნველყოფენ ჯანსაღ კვებას. სანაცვლოდ კი ისეთ უკუკავშირს იღებენ ბავშვებისგან, თითქოს მათი მტრები იყვნენ.
ზემოთ აღწერილ სიტუაციებში, მნიშვნელოვანია, მშობლის მიერ საკუთარი ემოციის კონტროლი. ემოციური რეგულაციის სტრატეგიები ბევრ ჩვენგანს უკვე შემუშავებული აქვს და ახორციელებს ცნობიერ ან არაცნობიერ დონეზე. მაგალითად, ბევრი ადამიანი დამშვიდების მიზნით ფეხით სეირნობს ან მუსიკას უსმენს და ა.შ. ემოციურ რეგულაციაში, შესაძლოა, ასევე, იგულისხმებოდეს სხვა ადმიანის ემოციური მდგომარეობაც. მაგალითად, აღელვებული და აღზნებული ბავშვის დამშვიდება, ან კრიტიკის შემსუბუქება იმ შემთხვევაში, როდესაც მგრძნობიარე ადამიანეთან გვაქვს საქმე.
ემოციური რეგულაცია დამოკიდებულია ინდივიდუალურ ძალისხმევასა და მონდომებაზე. იგი არის უნარი, რომელიც, როგორც ყველა სხვა უნარი, შეიძლება დავისწავლოთ და გავაუმჯობესოთ დროთა განმავლობაში.

7 რჩევა ქეთი დალინკევიჩისგან:
1. ძალაუფლემა თქვენს ხელში დატოვეთ – ბავშვის „ცუდი“ ქცევის შემთხვევაში, მშობელი ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას ბავშვის ქცევის ცვლილებით. მაგალითად, მშობელი ცდილობს, რომ ბავშვმა შეწყვიტოს ყვირილი, ჩხუბი, ნივთების სროლა. აქ პრობლემა არის ის, რომ მშობელი ფუკუსირდება იმაზე თუ რა სურს სხვებისგან („ბავშვმა უნდა შეწყვიტოს ჩხუბი“) და არა იმაზე, რომ თავად დამშვიდდეს და გაიაზროს საკუთარი ქმედება. მას შემდეგ, რაც ბავშვი იგრძნობს, რომ მშობელს სჭირდება მისი კონკრეტული ქმედების ცვლილება, ის იგრძნობს ძალაუფლებას საკუთარ ხელში. შესაბამისად, არ დაემორჩილება მშობელს. მეტიც – უარესს გააკეთებს;
2. დატოვეთ „ბრძოლის ველი“ – ერთ–ერთი წესი წარმატებული მშობლობისა არის შემდეგი: არ დასაჯოთ ბავშვი გაბრაზებულ მდგომარეობაში. ღრმად ისუნთქეთ, რამდენიმე წუთს განმარტოვდით, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, წამოწექით ლოგინზე ან გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რაც გეხმარებათ დამშვიდებაში. როდესაც თავს მშვიდად და გაწონასწორებულად იგრძნობთ, თქვენ შეძლებთ სიტუაციის პოზიტიურად გადაჭრას;
3. სასირცხვილო არაფერია – ყველა ადამიანს გვაქვს ემოციები. ყველა ჩვენგანი, პერიოდულად, ბრაზდება და ყვირის. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აპირებს საკუთარი ემოციური რეგულაციის გაუმჯობესებას, მნიშვნელოვანია ახსოვდეს, რომ სირცხვილი არ არის ნეგატიური ემოციების ქონა;
4. შეახსენეთ თქვენს თავს რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდად ყოფნა – გახსოვდეთ, რომ სიმშვიდე შექმნის სიმშვიდეს. თქვენ ზრდასრული ხართ და თქვენთვისაც კი რთულია ბრაზით არ უპასუხოთ ადამიანს, რომელიც გიყვირით. ბავშვებმა თქვენზე ნაკლები იცან იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ემოციებს. კარგი მშობლობა იწყება საკუთარი თავის კონტროლით. არ მისცეთ უფლება, რომ სხვა ადამიანებმა ან სიტუაციამ გაკონტროლოთ თქვენ. ამის ერთადერთი გზა კი – სიმშვიდეა;

5. ერთადერთი ადამიანი ვისი კონტროლიც შეგიძლიათ, თქვენ ხართ – კარგი მშობლობა ხელმძღვანელობას ნიშნავს და არა – კონტროლს. ზოგიერთი მშობელი ძალიან იძაბება, ვინაიდან ფიქრობს, რომ თავად არის პასუხისმგებელი შვილის ყველა საქციელთან დაკავშირებით. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ არასაჭირო აზრებისგან და გააცნობიეროთ, რომ ბავშვებს აქვთ საკუთარი პასუხისმგებლობები. თქვენ უნდა ისწავლოთ ბავშვის პატივისცემა როგორც ცალკე ინდივიდისა, რომელიც არის თქვენგან განსხვავებული. სხვა ადამიანის ყველა მოძრაობისა და გადაწყვეტილების კონტროლი შეუძლებელია და, საბოლოო ჯამში – შეცდომა;
6. გაიაზრეთ ემოცია და იმოქმედეთ – ჯანსაღად ფიქრი და ემოციებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანი და საჭიროა მშობლობისათვის. ემოცია ძალიან კარგი საშუალებაა, რათა გავიგოთ პრობლემის წამოჭრის წყარო, მაგრამ ის გვერდით უნდა გადადოთ თუ გინდათ სამართლიანი, გონივრული და ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღოთ;
7. გიყვარდეთ თქვენი თავი – რაც უფრო მეტად ბედნიერი და კმაყოფილი ხართ საკუთარი თავით, მით მეტად პოზიტიურები იქნებით სხვებთან ურთიერთობისას. მშობლები, რომლებსაც უწევთ რთული ქცევის ბავშვებთან ურთიერთობა, ხშირად, ნეგატიურად აზროვნებენ. ფიქრობენ, რომ ისინი არ არიან კარგი მშობლები. ბავშები აირეკლავენ მშობლების სტრესსა და შფოთვას. დაიტოვეთ დრო რათა აკეთოთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ. დაკავდით თქვენი ჰობითა და ინტერესებით, შეხვდით მეგობრებს, იცეკვეთ, იმღერეთ და იცინეთ. თქვენი ბედნიერება, შვილსაც გააბედნიერებს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი