LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა კერძო სკოლა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

48
qavtuashvili-zenaishvili

რატომ არის სწორად შერჩეული სკოლა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შეარჩიოთ სკოლა თქვენი შვილებისთვის და აკმაყოფილებენ თუ არა კერძო სკოლები სტანდარტებს – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი და ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

რატომ არის სწორად შერჩეული სკოლა მნიშვნელოვანი?

თინათინ ზენაიშვილი:

ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს. სამი მთავარი რგოლი, სადაც პიროვნების ფორმირება ხდება არის: ოჯახი–სკოლა–საზოგადოება. ოჯახი და სკოლა ვალდებულია დაეხმაროს შვილს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, სწორედ ესაა მისი წარმატებულობის საწინდარი. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში, მისი ინტერესების აღმოჩენაში და სწორად წარმართვაში. მოტივაცია უნდა იყოს მისი ინტერესები, მისწრაფებები და არა მისი ნიშნები.

სკოლის მიერ განხორციელებული აღზრდა და სწავლება განსაზღვრავს ინდივიდის მომავალი ცხოვრების ზუსტ მოდელს, ბავშვობაში ჩამოყალიბებული თვითშეფასება ძალიან მდგრადია და თითქმის უცვლელი რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. სკოლამ უნდა ასწავლოს დამოუკიდებლობა, თვითკონტროლი და სიმამაცე. „კარგი“ სკოლა შუამავალი უნდა იყოს ოჯახსა და გარემომცველ ფართო სამყაროს შორის. მას შეუძლია ადრეულ ასაკში დაშვებული შეცდომების კომპენსირება. ის უნდა იყოს ადგილი, სადაც არა მხოლოდ წიგნებით აძლევენ ცოდნას, არამედ ასწავლიან ცხოვრების ცოდნის  ხელოვნებას.

მეგი კავთუაშვილი:

დასაწყისშივე ვიტყვი, რომ დღევანდელი საჯარო სკოლა ღარიბია და ცენტრალურ ხელისუფლებაზე იმდენად დამოკიდებული, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ შეუძლია მოაწყოს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და არ შეუძლია დაიქირაოს ისეთი მასწავლებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტებს. სისტემაში შედის 2 085 სკოლა, 67 000 მასწავლებელი და დიდია რისკი, რომ შენს შვილს არ გაუმართლოს და არ შეხვდეს გარემონტებული საკლასო ოთახი, პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი და ვერ მიიღოს ის შედეგი, რასაც სკოლიდან ელით. ამ მიზეზების გამო სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლებზე. წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა კერძო სკოლებში – 60 000 მოსწავლე. მაშინ როცა 2012 წელს სწავლობდა სულ 12 000 მოსწავლე. რაც მთავარია ზრდა ყოველწლიურია და დიდი ალბათობით არც მომავალ ათწლეულში უნდა ველოდოთ ტენდენციის ცვლილებას, რადგან საჯარო სკოლა ვერ ეწევა განვითარებით კერძო სექტორს.

მიუხედავად ერთი შეხედვით კერძო სკოლების სრული უპირატესობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთელი რიგი საკითხები, რაც კომერციული განათლების არც თუ ისე სახარბიელო მხარეა. პირველ რიგში ის, რომ კერძო სკოლა ბიზნესია. ბიზნესის მიზანი ეკონომიკური სარგებელია. მშობელს კი არამატერიალური მიზნები ამოძრავებს. თუ მშობელს სურს შვილთან ურთიერთობის ხაზი არ დაკარგოს და ბავშვს დაეხმაროს სასკოლო მიზნების მიღწევაში, ერთნაირად უნდა იყოს ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში ჩართული კერძო და საჯარო სკოლის შემთვევაში.

 

როგორ უნდა შეარჩიონ მშობლებმა სკოლა?

მეგი კავთუაშვილი:

სკოლა ბავშვებს ისე უნდა მოექცეს როგორც პიროვნებას, როგორც ფასეულობას, რომელიც საჭიროა გაზარდო და განავითარო. ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, მნიშვნელოვანი იყო ყველა ამ მთავარი პრინციპების გათვალისწინება და სწორედ ამიტომ არჩევანი ერთ–ერთ კერძო სკოლაზე შევაჩერე. განმსაზღვრელი იყო სკოლის მოსწავლეთა მიღწევები, რასაც რეპეტიტორების დახმარების გარეშე აღწევდნენ, თბილი და მზრუნველი გარემო,მასწავლებელთა კომპეტენცია, საგნობრივი სწავლება, მცირერიცხოვანი კლასები, სასწავლო წლის ბოლო დღეც ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირველი, ტერიტორიული სიახლოვე სახლთან და ფასი, რომელიც ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის მისაღები აღმოჩნდა.

მშობელმა უნდა გაითვალსწონოს შემდეგი საკითხები:

  1. კერძო სკოლა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და სახელწიფო ორგანოებს მასზე ზემოქმედების გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე საჯარო სკოლის შემთხვევაში.
  2. თუ სკოლას პრობლემები თქვენამდე არ მოაქვს, ნუ გაგიხარდებათ. შესაძლოა, ეს ნიშნავდეს, რომ სკოლაში ისე გიყურებენ, როგორც მომხმარებელს და თქვენი შეწუხება არ სურდეთ. ამ დროს კი თქვენს შვილს მეტად სჭირდებოდეს მშობლის ჩართულობა. იყავით ყურადღებით და შეეცადეთ სასკოლო ცხოვრების პულსზე გედოთ ხელი.
  3. თუ სკოლა დღის ბოლომდე იტოვებს ბავშვებს, გაარკვიეთ, ეს შეთავაზება დასაქმებული მშობლების მოსახიბლად აქვთ თუ მართლაც ხედავენ საჭიროებას, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთონ მოსწავლეები. თუ ბავშვი დღის ბოლომდე სკოლაშია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანი გარემო, არაფორმალური განათლების კომპონენტები და სახალისო აქტივობები. დასვით შეკითხვა, სავალდებულო საგნების გარდა რა გაკვეთილები შედის ცხრილში. მაგალითად, აქვთ თუ არა წიგნიერების, მოტივაციისა და მედიაწიგნიერების საათები, ცეკვა, სიმღერა, ფეხბურთი, ბალეტი, ცურვა, ხატვა, ფოტოხელოვნება დაა.შ. შედის თუ არა ეს საგნები/წრეები ფიქსირებულ გადასახადში. ბავშვი მთელ დღეს საკლასო ოთახში ატარებს მერხთან თუ აქვთ განტვირთვის სივრცეები.
  4. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. უმჯობესია დაიდოს 12 წლიანი კონტრაქტი, სადაც განსაზღვრული იქნება, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გადასახადი არ გაიზრდება. გასათვალისწინებელია გადახდის გრაფიკი და სკოლიდან გადასვლის შემთხვევაში, სწავლის საფასურის უკან დაბრუნების სქემა. მოითხოვეთ ხელშეკრულების ასლი. გაარკვიეთ, მიბმულია თუ არა გადასახადი უცხოურ ვალუტაზე. თუ ასეა, ხელშეკრულებაში დააფიქსირეთ, კურსის ცვალებადობის შემთხვევაში, რა ნიშნულზე გაჩერდება თქვენი ვალდებულება.
  5. გაარკვიეთ, რა სიხშირით გაყავთ ბავშვები სკოლის გარეთ, მუზეუმში, კინოში, თეატრში, ზოოპარკში, ექსკურსიაზე და ა.შ.გაარკვიეთ, სასკოლო საზოგადოების გარდა ვის აქვს სკოლაში შესვლის, ბავშვებთან ურთიერთობისა და თავიანთი პროდუქციის რეკლამირების უფლება.
  6. თუ სკოლის ადმინისტრაცია ბავშვის ექსკურსიაზე წაყვანას მშობლების გარეშე ითხოვს, დაადგინეთ კონკრეტულად თქვენი შვილის კლასზე პასუხისმგებელი პირების ვინაობა; იმ პირის საკონტაქტო ნომერი, რომელიც ულიმიტოდ შეძლებს უპასუხოსზარებს; ასევე, მოითხოვეთ, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი საბუთი, მძღოლის მართვის მოწმობა, დღის განრიგი.
  7. გააკონტროლეთ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა. პერიოდულად მოითხოვეთ საკვების დეგუსტაცია. გაარკვიეთ, შედის თუ არა მენიუში ნახევარფაბრიკატები. ინახება თუ  არა მაცივარში ყოველი დღის საკვების სინჯი, ბავშვის მოწამვლის შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევისთვის გამოსაყენებლად.

 

7 რჩევა თინათინ ზენაიშვილისგან:

  1. გაითვალისწინეთ, რა არის სკოლის მთავარი მისია, კრედო. ემთხვევა თუ არა მშობლის შეხედულებებს, ფასეულობებს და მოთხოვნილებებს.
  2. გაითხვალისწინეთ სკოლის ტერიტორიული მდებარეობა, ხომ არ მოუწევს ბავშვს ყოველდღე შორი გზის გავლა.
  3. დაინტერესდით რამდენად კვალიფიციური პედაგოგებით არის დაკომპლექტებული სკოლა.
  4. დაინტერესედით როგორია სკოლის დღის რეჟიმი. თუ ბავშვი ხანგრძლივი დროით რჩება სკოლაში, აქვს თუ არა სკოლას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეზო, დასასვენებელი სივრცეები. როგორი აქტივობებით არის დატვირთული დღე.
  5. აუცილებელია ბავშვს უხაროდეს სკოლაში სიარული, გაიგეთ როგორი ურთიერთობა აქვს მასწავლებლებთან, ბავშვებთან.
  6. იკითხეთ რამდენად არის სასწავლო გარემო მორგებული ბავშვის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. როგორია შეფასებების სისტემა, კრიტერიუმები. ხდება თუ არა ბავშვის ნების, საჭიროების და მოთხოვნილებების გათვალისწინება.
  7. ყოველწლიურად უნდა ამჩნევდეთ აქვს თუ არა ბავშვს პიროვნული ზრდა, გახდა თუ არა მეტად დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, თავისუფალი(პასუხისმგებელი საკუთარ ქცევაზე).

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები