LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი პარტნიორი – ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას რჩევები

44
anzor

30 მარტს, თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობები გახლდათ. რადიოს მსმენელმა გაიგო თუ როგორ შეარჩიოს მისთვის შესაფერისი პარტნიორი და როგორია ურთიერთობის სწორი ფორმა.

 -დღეს პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებზე ვისაუბრებთ…

-დიახ, ვისაუბრებთ პარტნიორულ-სასიყვარულო ურთიერთობებზე და ასევე აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეებს. თითოეულ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თავისი მისტიკური კოდი აქვს. ის ამ კოდის მეშვეობით ურთიერთობს ადამიანებთან, ამიტომაც კონკრეტული დღე ყველასთვის სხვადასხვანაირია. სამყარო განსაკუთრებულ დღეებს იძლევა იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ და გაიუმჯობესონ ცხოვრება. სამყარო არის ორმხრივი, უნდა, რომ შენგანაც იგივე მიიღოს, რასაც თავად გაძლევს, ის ზრუნავს როგორც ჩვენზე, ასევე საკუთარ თავზე. სამყარო ყველასგან მოითხოვს შემდეგს, თუ შენ გინდა იყო ბედნიერი, წარმატებული, გამომიყენე, ოღონდ გამომადექი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს ბალანსი. სამყარო მნიშვნელოვან დღეებს იმისთვის გვაძლევს, რომ შევიძინოთ უკეთესი უნარები, შესაძლებლობები, ძალები და ა.შ. მთელი წლის განმავლობაში 8 ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. პარტნიორული, სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობები მრავალფეროვანია. ეზოთერიულად რომ გავშალოთ ეს თემა, ასეთი სახის ურთიერთობა გულისხმობს ერთ სხეულად გაერთიანებულ ორ ადამიანს. ამ ორმა ადამიანმა ერთად უნდა დაიწყოს მომავლის შენება და მიზნების მიღწევა. უნდა შეავსონ ერთმანეთი, გააერთიანონ ძალები და უნარები. ეზოთერიკა მხოლოდ ასეთ ურთიერთობას მოიაზრებს, სხვა ყველა დანარჩენი ურთიერთობა ინდივიდების ცალკეულად განვითარებას ემსახურება. თუ ურთიერთობაში ერთი პარტნიორი არის დომინანტი და მეორე „მსხვერპლი“, ასეთ შემთხვევაში, ერთი ადამიანი ვითარდება მეორეს ხარჯზე. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება ამაში ცუდი არაფერი იყოს, თუ ჩვენ გვეცოდინება როგორ ვიყოთ „მსხვერპლი“ სწორად. თუ ჩვენ იმ დონემდე გავაძლიერებთ ჩვენს პარტნიორს, რომ „მწვერვალზე“ ავიყვანთ, ჩვენც ბედნიერები ვიქნებით, როგორც მის უკან მდგომნი, როგორც ძალა და საყრდენი. სამყაროში ყველაფერი პლუს და მინუს ენერგეტიკით არის შექმნილი.

-აპრილში არის მნიშვნელოვანი დღეები?

აპრილში არ არის, არის 1 მაისს, მაგრამ აპრილში არის აღდგომა. ძალიან მნიშვნელოვანია აღდგომა და აღდგომის წინა და ბოლო კვირები.

 -როგორ უნდა შევარჩიოთ პარტნიორი სწორად?

-პარტნიორი მაქსიმალურად უნდა განსხვავდებოდეს ჩვენგან. ჩვენ ვეძებთ ხოლმე ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მსგავსი არიან, ეს ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა. რა თქმა უნდა, მსგავსი იზიდავს მსგავს, ეს კანონია და პარტნიორულ ურთიერთობაშიც შეიძლება მოვიზიდოთ ჩვენი მსგავსი ადამიანი, თუ ჩვენ გვინდა სიმყუდროვე და არა განვითარება, თუმცა სიმყუდროვე დიდხანს არ გრძელდება. თუ ჩვენ განვითარება გვინდა, განსხვავებული ადამიანი უნდა მოვიზიდოთ, მას უნდა ჰქონდეს ის უნარები, რაც ჩვენ არ გვაქვს და ჩვენი შეერთებით უკვე უნდა გამოდიოდეს ერთიანი ძალა. ჩვენ კარმულ ნუმეროლოგიაში შეგვიძლია განვსაზღვროთ ურთიერთობა, ურთიერთობის განვითარება. არსებობს კოდები, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ვიცით, როგორ განვითარდება ნებისმიერი სასიყვარულო ურთიერთობა. დიდი ხნის შესწავლის და კვლევის შედეგად დავამტკიცეთ, რომ თუ არ არსებობს კოდებს შორის შეთავსება, გამორიცხულია ეს პარტნიორები ერთად დარჩნენ. ჩვენს ცხოვრებაში ყველა ადამიანს თავისი მისია და დანიშნულება აქვს. თუ კონკრეტული პიროვნება ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობაში შემოვიდა, ესე იგი რაღაცა უნდა გვასწავლოს, რაღაცა უნდა მოგვცეს ან ჩვენ უნდა მივცეთ. პარტნიორულ ურთიერთობაში განისაზღვრება სამი ფაზა: როცა შენ ასწავლი, როცა შენ გასწავლიან და როცა ეს გამოცდილება ერთიანობაში იკვრება. სრულად მორჩილი პარტნიორი და ურთიერთობა ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა არ ვითარდება. გრძელ ვადიანი ურთიერთობა არის მხოლოდ ის, რომელიც არის პროცესში, არ ჩერდება და მუდმივად ვითარდება. როდესაც ურთიერთობაში რომელიმე პარტნიორის ფუნქცია იკარგება, ეს ურთიერთობა კვდება.

-რატომ უჭირთ ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებს მეორე ნახევრის პოვნა?

-იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მან პარტნიორი უნდა გამოიყენოს ენერგეტიკულ დონორად. ძლიერი და ძლიერი ერთად ვერ არსებობენ. ძლიერი ქალების ფრაზაა: „ჩემზე ძლიერი მამაკაცი მინდა“. საინტერესოა, როგორია ძლიერი მამაკაცი, რა უნდა ჰქონდეს მას ისეთი, რომ ძლიერად ჩათვალოს? მამაკაცი უნდა წარმოადგენდეს ავტორიტეტს, მაგრამ ავტორიტეტი ჩვენს ფსიქიკაში ჩნდება, ჩვენ ვანიჭებთ მას ამ წოდებას, ჩვენ თავად უნდა დავინახოთ მასში კარგი და აღვიქვათ ის „მეფედ“.

-კოდების გარდა, ზოდიაქოს მეშვეობით თუ შეგვიძლია გავიგოთ რამდენად შეესაბამება წყვილი ერთმანეთს?                                                                                                                                                                          

-ზოდიაქოს შემთხვევაში 100%-ით ვერ ვიტყვით. კოდებით უფრო სიღრმისეული გამოკვლევა ხდება. ასტროლოგიური ნიშნები უფრო ზოგად სურათს იძლევა და არა კონკრეტულს. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე ის გარემო, სადაც ძირითად ენერგიას ვხარჯავთ და აღვიდგენთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენს ირგვლივ, ვის ავარიდოთ თავი და ვის უნდა დავუახლოვდეთ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც მინუს ენერგია აქვთ, მაქსიმალური რესურსი და ენერგია მიაქვთ გარშემომყოფებისგან, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის ხარჯზე ქმნიან ბედნიერ, წარმატებულ გარემოს. ზოგ ადამიანს ისეთი კოდი აქვს, რომ ქაოსი დააქვს თან.

 -კოდის შეცვლა თუ არის შესაძლებელი?

-კი, შესაძლებელია. თუ ადამიანს მუდმივად სდევს პრობლემები, ენერგეტიკული ცენტრის დისბალანსი აქვს. მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეცვლით, შეგვიძლია ყველაფერი შევცვალოთ. აღსანიშნავია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ბედისწერის მოპარვა შეუძლიათ. მათთან ურთიერთობის შემდეგ უბრალოდ აღარ გამოგდით პარტნიორული-სასიყვარულო ურთიერთობა, თავად კი აქვთ ახალი ოჯახი, არიან წარმატებულები და ბედნიერები. ასეთი ადამიანები ძირითადად მანიპულაციის ძლიერი უნარით გამოირჩევიან.

 -როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

-ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ამ კოდის დახურვა და ახალი ბედისწერის და ენერგეტიკის გახსნა. ის, რომ ასეთი ადამიანი გიყვარდათ ძალიან მძიმე კოდია, მან დააზიანა, ჩაკეტა თქვენი ენერგეტიკა.

-როგორ უნდა დავიწყოთ სწორი პარტნიორული ურთიერთობა?

-პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რა გვინდა მორე ნახევრისგან და რას მოველით ურთიერთობისგან. პარტნიორული, სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებამდე ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, ოღონდ პასუხი არ უნდა იყოს ბანალური. პარტნიორული ურთიერთობის ნამდვილ საჭიროებას სანამ არ გაიაზრებს ადამიანი და არ გააცნობიერებს რაში სჭირდება მეორე ნახევარი, მანამდე შეუძლებელია პარტნიორული ურთიერთობა იყოს ჰარმონიული, კარგი და ძლიერი. ამ ყველაფერს აქვს ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი მისია. ყველა პარტნიორი, ყველა ადამიანი კონკრეტული მიზნით გვხვდება ან რაღაც უნდა გააფუჭოს ჩვენს ცხოვრებაში ან მოიტანოს სიკეთე და წარმატება. ჩვენ უნდა ამოვიცნოთ ადამიანები და ჩვენი ემოციების დანგრევის უფლება არ უნდა მივცეთ.

-შესაძლებელია ადამიანი გიყვარდეს, მასაც უყვარდე, მაგრამ მაინც ანგრევდეს შენს ცხოვრებას?

-რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევა ბევრია. ასეთ ადამიანს ძალიან სწრაფად უნდა ჩამოშორდეთ. სიყვარულს სწავლა უნდა, სიყვარული არ არის ნიჭი, არ არის ის, რაც დაბადებიდან გვერგო. სიყვარული არის უნარი, რომელსაც განვითარება სჭირდება. თუ მას ჩარჩოებში არ მოვაქცევთ, ზედმეტი სიკეთით და სიყვარულით შეიძლება ადამიანი დავღუპოთ. სიყვარული უნდა იყოს დაბალანსებული, ნამდვილი და სწორი. თუ ჩვენ პრობლემატური ურთიერთობა გვაქვს მნიშვნელოვანია სწორად გავაანალიზოთ რა გვიშლის ხელს. არსებობს ძალიან საინტერესო რიტუალი, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ურთიერთობა განწმინდოთ. ეს რიტუალი ტარდება 7 აპრილს. (რიტუალი იხილეთ ვიდეოში) რიტუალი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც თუ ვინმესთან დაშორება ან ვინმეს დავიწყება გსურთ. თუ თქვენს მეხსიერებაში არის ადამიანი, რომელსაც უკვე წლებია დაშორდით, მაგრამ მაინც მასზე ფიქრობთ, ეს თქვენს ენერგიას ანადგურებს, მთლიანად მიაქვს თქვენი რესურსები, გაავადებთ და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის თქვენს სხეულს. აღნიშნული რიტუალი თქვენს შორის კავშირის გასაქრობად ტარდება. (რიტუალი იხილეთ ვიდეოში)

 -როგორ უნდა მოვიქცეთ თუ მეორე ნახევრის პოვნა გვსურს?

-ძალიან საინტერესო მიმართულება არის „არომათერაპია“, რომელსაც ყველას ვურჩევ. არსებობს სურნელოვანი ზეთები, რომელთაც შეუძლიათ მოიზიდონ მეორე ნახევარი. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ სამი ზეთი, ერთმანეთში უნდა აურიოთ: ვარდის, ფორთოხლისა და ვანილის ზეთები. ფორთოხლის ნაცვლად შესაძლებელია ლიმონის გამოყენება. მომზადებული სითხე ჭიპს ოდნავ ქვევით უნდა წაისვათ 40 დღის განმავლობაში, ძირითადად გამთენიისას ხდება ეს პროცესი. ეს სითხე უნდა მომზადდეს 7 აპრილს. თუ მამაკაცს სურს ამ მეთოდის გამოყენება მაშინ ამ სითხეს უნდა დაემატოს მუსკუსიც.

-ადამიანს, რომელსაც უკვე ჰყავს მეორე ნახევარი, რა რიტუალი შეუძლია ჩაატაროს, რომ უფრო გააძლიეროს ეს ურთიერთობა და შეინარჩუნოს?

-7 აპრილს ორივემ ერთად უნდა დარგონ ალუბლის ხე, ეს მათ ურთიერთობას გააძლიერებს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეხუთე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები