LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უყურებს საკუთარ პაროდიებს მარინა ბერიძე – „არ მიყვარს მორბენალი კურდღლები!..“

338

მოგეხსენებათ, არხის დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე თავდასხმა ბოლო დღეების ერთ-ერთი წამყვანი თემაა. მარინა ბერიძე ნიკა გვარამიასთან, ნიკოლოზ რაჭველთან და დათო დოიაშვილთან ერთად სწორედ იმ რესტორანში იჯდა, სადაც ცნობილი ინციდენტი მოხდა – ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ „რუსთავი 2“-ის გენდირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ცნობილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა გამოძიებას და შემდეგ ტელევიზიას მოუყვა, რა ხდებოდა ინციდენტისას. მისმა ფრაზებმა – „იქ იჯდა ნიკოლოზ რაჭველი, იქ იჯდა დავით დოიაშვილი… იქ იჯდა თბილისი“ სოცქსელში ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ თავად შემთხვევაც გადაფარა. ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, თუ როგორ გამოთქვამს ქალბატონი მარინა „თფილისს“.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა ვასასის პაროდია, რომელიც ინტერნეტში საკუთარი ხუმრობებით საკმაოდ პოპულარული პერსონაჟია და ამჯერად მარინა ბერიძე განასახიერა – „დაინინგ რუმის“ ინციდენტს კი ლექსი მიუძღვნა. როგორც ვასასი ამბობს, „ჩვენგან ისმოდა თბილი დო, თბილი სი, ახლაც გეუბნებით, იქ იჯდა თბილისი“.

გავრცელდა ასევე ფოტო, სადაც მასწავლებელი ხოხობი მოსწავლეებს უბრაზდება, სად იყვნენ მაშინ, როცა „იქ მთელი თბილისი იჯდა“.

თავად მარინა ბერიძე საკუთარ პაროდიაზე ხალისობს. ნანუკა ჟორჟოლიანმა გაუზიარა ერთ-ერთი ფოტო თავის კედელზე და აღნიშნა, რომ ქართველები, როგორც იქნა, მივეჩვიეთ უბოროტო ხუმრობებს.

ვასასის პაროდიას მუსიკალური პროდიუსერი ასე ეხმაურება: „იუმორი თუ გადაგვარჩენს, ეს ბიჭი ნიჭიერია“. ღიმილის ხასიათზე დადგა თავად ინციდენტის მთავარი გმირი, ნიკა გვარამიაც. მან ვასასის პაროდია საკუთარ გვერდზე გააზიარა. ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოება ელოდა, როდის დაიწყებდა მარინა ბერიძე ამ ფრაზაზე ხუმრობას, რაზეც მუსიკალურმა პროდიუსერმა უპასუხა: „დაწყებული მაქვს და ეგ არი, აბა, ახლა ნერვებს ავიშლი“. ამასთან, დასძინა, რომ ვასასის „სხვა შუადღეში“ სიამოვნებით დაპატიჟებს.

რადიო „ფორტუნა“ ქალბატონ მარინას ექსკლუზიურად დაუკავშირდა.

ვიცით, რომ თქვენზე პაროდიებმა თავადაც ხუმრობის ხასიათზე დაგაყენათ…

მარინა ბერიძე:

მართლა ბევრი ვიცინე. მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოდ სულაც არ არის საქმე. რაც იმ რესტორანში ვნახე, ასეთი ამაზრზენი არაფერი მინახავს… ჩემი გატეხვა ძალიან ძნელია. არ მეცინებოდა, მაგრამ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. როცა ვნახე ვასასის პაროდია, გამეცინა. ვგიჟდები ნიჭიერ ადამიანებზე და არ მიყვარს სიბნელეში მორბენალი კურდღლები.

ვასასის მოწვევას გადაცემაში მართლა აპირებთ?

(იცინის) ეს ხუმრობით დავწერე, ჩემი რუბრიკა ამას არ შეესაბამება…

რაც შეეხება ფრაზას, „იქ იჯდა თბილისი“, სერიოზულად რომ გიპასუხოთ, ვფიქრობ, ამ ინციდენტზე ქალაქს შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდა. მე ვგულისხმობდი იმას, რომ იქ ისხდნენ ადამიანები, რომელთაც ქვეყნისთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. მაგალითად, ნიკოლოზ რაჭველს რამდენიმე თვის წინ ლა სკალაში ჰქონდა პრემიერა, ხოლო დათო დოიაშვილს ბუქარესტში და დაინგრა დარბაზები…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები