რა არის აკნე, რა იწვევს მის წარმოქმნას, განვითარებას და გართულებას, როგორია აკნეს მკურნალობის სქემა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას, რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა მკურნალობამ – ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ დერმატო-ვენეროლოგმა ნინო ოთარაშვილიმა უპასუხა.
ნინო, რა არის აკნე, რა არის მისი წარმოქმნის და განვითარების მიზეზი?
აკნე ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ის სხვადასხვა ასაკში გვხვდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დაავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ძალიან ხშირად იცვლება. აღსანიშნავია, რომ აკნე გარკვეულ ეტაპზე მორეციდივეა, მკურნალობის შემდგომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება კვლავ იჩინოს თავი, თუმცა ხშირ შემთხვევაში სრული განკურნება გვაქვს ხოლმე. აკნე არის გამონაყარი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება სახეზე და პარალელურად შეიძლება ფიქსირდებოდეს გულ-მკერდის და ზურგის არეშიც. თვითონ დაავადების არსი ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებაა, შესაბამისად, გამონაყარი გვხვდება იმ ადგილებში, სადაც ჭარბად გვხვდება ეს ჯირკვლები. დაავადება არის ანთებადი და მისი გამომწვევი პროპიონბაქტერიაა. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გამომწვევი სტაფილოკოკი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მეცნიერები პროპიონბაქტერიაზე შეჯერდნენ. დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია მისი გამიჯვნა სტაფილოკოკური ფოლიკულიტისგან, პერორალური დერმატიტისგან, როზაცეასგან, ვულგარული აკნესგან.
არსებობს აკნეს სხვადასხვა სახეობა. აკნე შეგვიძლია დავყოთ ასაკობრივი თვალსაზრისითაც, ახალშობილთა, ჩვილ ბავშვთა აკნე, პუბერტული პერიოდის და მოზრდილი ასაკის. აკნეს კლასიფიკაცია ხდება იმის მიხედვით, თუ რა ელემენტები ჭარბობს. ძირითადად 2 ჯგუფი გამოიყოფა, ეს არის ანთებადი და არაანთებადი ელემენტები. არაანთებადი ელემენტები პაციენტისთვის შედარებით ნაკლებად შემაწუხებელია, რადგან ეს არის ღია და დახურული კომედონები, მარტივად რომ ვთქვათ, შავი და თეთრი წერტილები. თეთრი წერტილები არის დახურული კომედონები, შავი-ღია. შემდგომში, როდესაც ანთებად სტადიაში გადადის აკნე, ვითარდება მისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ელემენტები, პუსტულები, პაპულები, კვანძები. ძალიან შემაწუხებელია დაავადების მკურნალობის შემდგომ დარჩენილი პოსტ-აკნე ნაწიბურები და ლაქები, რაც ასევე კოსმეტიკური დეფექტია და რაც ასევე დისკომფორტს უქმნის პაციენტს და უფუჭებს ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, მეორე ეტაპის განკურნებაც და მასთან ბრძოლაც ასევე აქტუალურია. თვითონ პათოფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც ამ დაავადების შემთხვევაში მიმდინარეობს, რამდენიმე მომენტისგან შედგება. მათ შორის გამოვყოფთ ანდროგენების ზემოქმედებას ცხიმოვან ჯირკვლებზე, რაც იწვევს ჭარბად ცხიმის სეკრეციას, სებუმის გამოყოფას და სწორედ ეს ჭარბი სებუმის გამოყოფა იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების სადენების დახშობას და თუ სადინარი შევიწროებულია, ამ შემთხვევაში უკვე დახურული კომედონები ვითარდება, თუ შედარებით ღიაა, მაშინ – ღია კომედონები. თუ ანთებითმა პროცესმა კანის ქვედა შრეში, დერმაში გადაინაცვლა, მაშინ უკვე სტაბილური ანთება ყალიბდება და ჩნდება პუსტულები, პაპულები, კვანძები, რაც საკმაოდ შემაწუხებელი ხდება პაციენტისთვის.
აკნეს პირველი ეპიზოდისას პაციენტები ხშირად თვითნებურ მკურნალობას მიმართავენ, ახლობლების რჩევით თუ აფთიაქში მოკითხვით, რაც არასწორია, რადგან სამკურნალო საშუალების სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია. სწორად უნდა შეირჩეს ტოპიკური საშუალებები, ანუ ადგილობრივი პრეპარატები, რადგან აკნეს მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაში, სავსებით საკმარისია სწორად ჩატარებული დილის და საღამოს რუტინა. თუ კლინიკა გართულდა, შედარებით დიდი რაოდენობით, დიდ ფართობზე, ზურგის და გულ-მკერდის არეში გავრცელდა ელემენტები, მაშინ უკვე სისტემური პრეპარატების ჩართვა ხდება. სისტემური პრეპარატები ეს არის ანტიბიოტიკები, მაგრამ კონკრეტული ჯგუფის, მაკროლიდების და ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები. აქაც აუცილებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება დოზირებას და ხანგრძლივობას, რადგან ამ ანტიბიოტიკებს, რა თქმა უნდა, თავისი გვერდითი ეფექტები აქვთ. უნდა განისაზღვროს რამდენად აყენებს ზიანს პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს ამ ანტიბიოტიკების მიღება. მალე უნდა დადგინდეს, რამდენად ეფექტურია ანტიბიოტიკები, რადგან თუ აკნე შეუპოვრად ვითარდება, ჩნდება დიდი ზომის კვანძები, კელოიდები, მაშინ უკვე სისტემურ რეტინოიდებზე გადავდივართ, რომელთაც საკმაოდ მძლავრი გვერდითი ეფექტები აქვთ. რამდენადაც მარტივად სადიაგნოსტიკოა აკნე, იმდენად შეიძლება გართულდეს სწორი სამკურნალო პრეპარატის შერჩევა, რადგან ეს ინდივიდუალურია.
გადამდებია თუ არა აკნე და არის თუ არა ის გენეტიკური?
აკნე გადამდები არ არის. რაც შეეხება გენეტიკურ ფაქტორს, მას ნამდვილად ენიჭება მნიშვნელობა. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, არის თუ არა პაციენტის მშობლების ანამნეზში აკნე. ხშირად, როდესაც პაციენტი მოდის, მშობელი აღნიშნავს, რომ იმავე ასაკში მასაც ჰქონდა აღნიშნული პრობლემა.
რა უწყობს ხელს აკნეს გართულებას და რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი?
გართულებების კიდევ ერთ ფორმად შეგვიძლია დავასახელოთ ინვერსიული აკნე, რომელიც ჰიდრადენიტით რთულდება, განსაკუთრებით მამაკაცებში. ჰიდრადენიტი ეს არის იღლიების ფოსოში განვითარებული მტკივნეული კვანძები, ანუ ეს არის საოფლე ჯირკვლების ანთება, რომელიც აკნეს პარალელურ რეჟიმში ვითარდება. პაციენტების გარკვეული პროცენტი გამონაყარის გართულებას მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას უკავშირებს მაშინ, როცა ნაწილი აღნიშნავს, რომ ზღვაზე დასვენება და ულტრაიისფერი გამოსხივება მათ გამონაყარს უხდება. რაც შეეხება კვებას, მასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ცვალებადია. გარკვეული წლების წინ კვების ფაქტორს მნიშვნელობა ენიჭებოდა და ითვლებოდა, რომ შოკოლადი, მზესუმზირა და მსგავსი ტიპის საკვები ართულებდა დაავადებას, თუმცა შემდგომში კვების ფაქტორზე აბსოლუტურად არ კეთდებოდა აქცენტი. ბოლო პერიოდში გაიჟღერა აზრმა, რომ რძის პროდუქტები ზოგ შემთხვევაში შეიძლება აკნეს მაპროვოცირებელი იყოს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, კვებასთან დაკავშირებით პასუხის გადაჭრით გაცემისგან თავს შევიკავებ. აღსანიშნავია, რომ პაციენტებიც აკნეს ზოგჯერ აკავშირებენ კვებასთან, ზოგჯერ არა.
ხშირად, დიდი რაოდენობით თხილეულის და მსგავსი ტიპის პროდუქტის მიღების შემდეგ, მალევე ჩნდება გამონაყარი. აღნიშნული გამონაყარი რამდენად მოიაზრება აკნედ?
აქ შესაძლოა თანდართული იყოს ალერგიული დერმატიტი, ამიტომ ასე კონკრეტულად გამიჯვნა იმის, რომ საკვებმა აკნე გამოიწვია და თან დაერთო ალერგიული დერმატიტი, ცოტა რთულია. ამ ყველაფერს დინამიკაში დაკვირვება სჭირდება, თუმცა თუ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს აკნე და გარკვეული პროდუქტი გვიმწვავებს აღნიშნულ პრობლემას, რა თქმა უნდა, ამ პროდუქტის მიღებისგან თავი უნდა შევიკავოთ.
აქვს თუ არა აკნეს რამე ისეთი მკვეთრად გამოხატული სიმპტომი, რომელიც პაციენტსაც კი მისცემს იმის თქმის საშუალებას, რომ მას ნამდვილად აკნე აქვს?
თუ გამონაყარი ჭარბად არის განლაგებული ლოყების, შუბლის, ნიკაპის არეში, იმ ადგილებში სადაც ჭარბად არის განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები და თუ გამონაყარი გულ-მკერდის და მხრების არეშიც ვრცელდება, მაშინ დიაგნოსტიკა თავისთავად მარტივია.
არასწორმა მკურნალობამ თუ შეიძლება გამოიწვიოს აკნეს გართულება?
ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ პაციენტის ჩვევებსაც, რადგან ძალიან ბევრი ვერ იკავებს თავს და გამონაყარს მექანიკურად აღიზიანებს. მათი მთლიანობის დარღვევით პრობლემა ვერ მოგვარდება. არასწორია აკნეს მწვავე პროცესში კანის წმენდის ჩატარებაც, რადგან ეს ერთ-ერთი დამამძიმებელი ფაქტორი შეიძლება იყოს. კვანძი უკვე ღრმად წასული ანთებითი პროცესია, ეს არის ინფილტრატი, პროცესი უკვე დერმაში ვრცელდება და ამიტომ მასთან მექანიკურ ბრძოლას აზრი არ აქვს. როდესაც აკნე უკვე რთულ ფორმაშია, თვეები, წლები გრძელდება, არის მორეციდივე და შესაბამისად ანტიბიოტიკო თერაპიასაც ამოწურული აქვს თავი, მაშინ სისტემურ რეტინოიდებზე გადავდივართ. პირველი ერთი თვე სწრაფ შედეგს არ ველოდებით, თუმცა აღნიშნული პრეპარატი რამდენიმე თვის განმავლობაში ინიშნება. ჩვენ აუცილებლად ვუხსნით პაციენტს, თუ რა პრეპარატზე არის საუბარი, ვაცნობთ მის გვერდით ეფექტებს, ტარდება წინასწარი კვლევები, რომ პაციენტს ამ პრეპარატის მიღებით სხვა დამატებითი პრობლემა არ გავუჩინოთ. აღნიშნული მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აღარც განმეორდეს დაავადება.
აკნე ზოგიერთ შემთხვევაში თვითგანკურნებასაც ემორჩილება?
თუ აკნე მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი შეცვლის თავისი ცხოვრების წესს, ამას შესაძლოა ჰქონდეს დადებითი შედეგი. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, სტრესული ცხოვრების წესი, ძილის რეჟიმის დარღვევა, გადაღლა, იმუნიტეტის დაქვეითება ამ დაავადებას საკმაოდ ამწვავებს. შესაძლოა, რომ აკნე პერიოდულად, მაგალითად, ზაფხულის პერიოდში გამწვავდეს, როცა მომატებულია ოფლიანობა, ხდება სადენების დახშობა, გარემო არის მტვრიანი.
აკნეს გამწვავება არასწორად შერჩეულმა მოვლის საშუალებებმაც შეიძლება გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ აკნეს სამკურნალო პრეპარატებს გამომშრობი და გამაღიზიანებელი ეფექტი აქვთ. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი დესტრუქციას უკეთებენ კვანძებს, პაპულებს, ისინი ჯანსაღ კანზეც მოქმედებენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მოვლის საშუალებების სწორად, წერტილოვნად დატანა. ზოგიერთ პრეპარატს პირდაპირ უწერია, რომ ლოკალურად უნდა მოხდეს მათი გამოყენება, რადგან ჯანსაღი კანის გაღიზიანება შეიძლება კიდევ დამატებით პრობლემად იქცეს. ძალიან მიხარია, რომ არის ასეთ კანზე მორგებული დამატენიანებელი საშუალებები და დაზიანებული კანის აღმდგენები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება და პრეპარატებით მიყენებულ ზიანს აღადგენს. მკურნალობის დაწყების შემდეგ და მაგალითად, ბენზოილ პეროქსიდის შემცველი პრეპარატის ან ტოპიკური რეტინოიდის გამოყენების შემდეგ, ბევრი პაციენტი რეკავს განგაშით და უკმაყოფილებით, რომ ძალიან გამოუშრათ და გაუწითლდათ კანი. რა თქმა უნდა, აღნიშნული პრობლემებიც მოგვარებადია და ჩვენ ვაძლევთ შემდეგ რეკომენდაციას, თუ მოხდა ისე, რომ ტოპიკურმა პრეპარატმა გამოიწვია გაღიზიანება, გამოშრობა, გარკვეული პერიოდის მერე, სუფთა წყლით, ყოველგვარი დასაბანი საშუალების გარეშე, უნდა ჩამოიბანოთ პრეპარატი. ის თავის საქმეს მაინც აუცილებლად გააკეთებს, ჩვენ კი მისი ნაადრევი ჩამობანით თავიდან ავიცილებთ კანის გაღიზიანებას. სწორად შერჩეული რუტინა საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სებორეული დერმატიტის დროს, როდესაც სკალპზე ქერტლის პრობლემა გვაქვს, ერთ-ერთი ძირითადი სამკურნალო საშუალება სწორედ შამპუნია და არა წამალი. ძირითად პრობლემას შამპუნი წყვეტს, რადგან პაციენტი ხანგრძლივად ვერ მოიხმარს სტეროიდულ ლოსიონს, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ აქცენტს სწორედ მოვლის საშუალებებზე, ასე ვთქვათ, სააფთიაქო კოსმეტიკაზე ვაკეთებთ. აღსანიშნავია, რომ ქალბატონებსა და გოგონებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიკოსტოზური საკვერცხის სინდრომს, რადგან აკნეს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მენსტრუალური ციკლის დარღვევაა. გამომდინარე იქიდან, რომ აკნე ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ პრობლემიდან მოდის, მკურნალობაში ხშირად გვიწევს გინეკოლოგების ჩართვაც, რაც საკმაოდ გვეხმარება დაავადების საბოლოოდ წარმატებით დამარცხებაში.
არის თუ არა კონკრეტული კვლევები, რომელთაც აკნეს დროს ატარებთ?
ასეთ დროს თავისთავად ხდება სასქესო ჰორმონების განსაზღვრა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მათი დისბალანსი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პოლიკისტოზი იყოს აკნეს მიზეზი.
როგორია აკნეს მკურნალობის სქემა?
უნდა განისაზღვროს, როგორია აკნეს მიმდინარეობა, მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე, ნამკურნალევია თუ არა პაციენტი, ქალბატონია თუ მამაკაცი, რა ასაკისაა და ა.შ. უნდა გავიგოთ, გასული მკურნალობიდან რაზე ჰქონდა ეფექტი და რაზე არა, რომ იგივე პრეპარატები არ გავიმეოროთ. ხშირად ხდება, რომ ერთსა და იმავე პრეპარატს სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა შედეგი აქვს, შეიძლება ერთს ძალიან მოუხდეს და მეორეს – არა. პირველი, რითაც მკურნალობა იწყება, ტოპიკური, ანტიმიკრობული, ანტიბაქტერიული პრეპარატებია და ხშირ შემთხვევაში პირველ ეპიზოდზე ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ხოლმე. შემდგომ მოდის უკვე ბენზოლ პეროქსიდის ტოპიკური პრეპარატები, რაც ძალიან კარგი კომბინაციაა სისტემურ ანტიბიოტიკებთან, რადგან არ ხდება რეზისტენტობის სწრაფად ჩამოყალიბება. აკნეს მკურნალობის პროცესში კიდევ ერთი პრობლემა გახლავთ ის, რომ ანტიბიოტიკოთერაპია იწვევს ამ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას და უკვე აზრი აღარ აქვს ხოლმე ამ ანტიბიოტიკების მიღებას. მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, რამდენად კარგ ეფექტს გვაძლევს სისტემური ანტიბიოტიკი, ღირს თუ არა მისი გაგრძელება თუ უმჯობესია შევწყვიტოთ და სხვა ჯგუფზე, იგივე რეტინოიდებზე გადავიდეთ. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მორფოლოგიურ ელემენტთან გვაქვს საქმე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს ანთებადი და არააანთებადი ელემენტები. ანტიბიოტიკი კი, რა თქმა უნდა, არაანთებად ელემენტზე ისეთ შედეგს არ მოგვცემს. ასეთ დროს ისევ და ისევ რეტინოიდები ინიშნება, მათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენება წარმოქმნილ ელემენტს შლის. უბრალოდ, რეტინოიდის გამოყენების შეზღუდვა გვაქვს ორსულ ქალბატონებში. სასურველია, რომ პაციენტმა მკურნალობის პერიოდში, მით უმეტეს, სისტემური რეტინოიდის მიღების დროს, მზისგან დამცავი გამოიყენოს და თავი აარიდოს მზის სხივებს, რომ არ გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები, გაღიზიანება და ა.შ. სისტემური რეტინოდიები შეუპოვარი პროცესის დროს ენიშნება პაციენტს და ინიშნება მინიმალური დოზებით. პაციენტს ვუტარებთ გარკვეულ კვლევებს, სისხლის საერთო ანალიზს, ღვიძლის ფუნქციების განსაზღვრას, კრეატინინის განსაზღვრას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს, პერიოდულად, თვეში ერთხელ ხდება მათი გადაკონტროლება და შესაბამისად, თუ ჩვენ ამ მაჩვენებლების შეცვლას ვხედავთ, განსაკუთრებით კი იმ დონეზე, რომ პაციენტს ზიანს უფრო ვაყენებთ, ვიდრე პრობლემას ვხსნით, ვწყვეტთ ამ პრეპარატის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ეს პრეპარატი ფსიქოლოგიურ-ემოციურ განწყობაზეც მოქმედებს და რომ მან შეიძლება დეპრესიული მომენტი გამოიწვიოს, რის შესახებაც პაციენტი აუცილებლად ინფორმირებული უნდა იყოს. აკნეს მკურნალობის დროს ეფექტურია დასახელებული ბრენდების პრუდიქცია : ისის ფარმა, ტოპი კრემი, ვიში, ლა როშ პოზე, სოსკინი.
რატომ არ შეიძლება აკნეს მკურნალობის დროს სკრაბის გამოყენება?
როდესაც ანთებითი ელემენტების სიჭარბე გვაქვს, სკრაბის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ჩვენ ან ელემენტებს ვაზიანებთ და არ ვაძლევთ უკუგანვითარების საშუალებას. აქვე მინდა შევეხო პოსტ-აკნე მკურნალობასაც. მკურნალობის შემდეგ დარჩენილი ნაწიბურების სამკურნალოდ ქიმიურ პილინგებს და ლაზერ აბლაციას მივმართავთ. მათ საკმაოდ მოკლე რეაბილიტაციის პერიოდი აქვთ და შემდეგ უკვე მზისგან დამცავი და კანის აღმდგენი კრემების ფონზე ძალიან კარგი შედეგები აქვთ. აღნიშნული პროცედურები არა მხოლოდ პოსტ-აკნე ნაწიბურებზე, არამედ სხვა მიზეზით გამოწვეულ პიგმენტურ ლაქებზეც ინიშნება.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სახის კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას?
პირველ რიგში, კანის ტიპი უნდა განვსაზღვროთ. თუ ცხიმიან კანთან გვაქვს საქმე, საღამოს რუტინისას სწორედ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დასაბანი გელი უნდა გამოვიყენოთ და გელის მოხმარების შემდეგ უკვე გამოვიყენოთ სამკურნალო საშუალებები. როდესაც ჭარბ ცხიმიანობასთან გვაქვს საქმე, დილით სახის გაწმენდა მიცერალური წყლით ხდება და შემდეგ ხდება კრემის დატანა. თუ სენსიტიურ-მგრძნობიარე კანთან გვაქვს შეხება, მაშინ ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი საშუალებები კიდევ უფრო დაამძიმებს პრობლემას. ასეთ დროს უპირატესობას ვანიჭებთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილ ხაზს, რომელიც არ აშრობს და არ აზიანებს სახის კანს.
რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან ერთის მხრივ პირველადად განვითარებული აკნე და მეორეს მხრივ მისი რეციდივი?
პირველ რიგში, არ უნდა დავიწყოთ თვით მკურნალობა, განსაკუთრებით, სპირტის შემცველი ხსნარებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ცხიმიანი კანი აქვს, სახის საპნით დაბანას იწყებს, რაც კიდევ უფრო აზიანებს კანის ბარიერულ ფუნქციაც. შეიძლება, იმ მომენტში კარგი ეფექტი, სწრაფი გამოშრობა გვაქვს, მაგრამ შემდგომ ორმაგად და სამმაგად მეტი ცხიმი გამოიყოფა და ჩვენ უკვე ამასთან გვიწევს ბრძოლა. რეკომენდაციას ვუწევთ სწორად შერჩეულ მოვლის საშუალებებს, რადგან მათ ხაზში შედის კრემები, მატიფიანტები, რომლებიც ცხიმის გამოყოფის შეკავებას იწვევს და გარკვეული პერიოდის შემდგომ იმდენად რეგულირდება ცხიმის გამოყოფა, რომ ის აღარ ხდება ახალი ელემენტების გაჩენის საწინდარი და ის რეციდივის თავიდან აცილების საშუალებასაც იძლევა. მკურნალობის მოხსნის შემდეგ, მხოლოდ მოვლის საშუალებები რჩება. აღნიშნული საშუალებები რეციდივის პერიოდის გახანგრძლივებაში ან სულაც თავიდან არიდებაში გვეხმარება. ყველას ვურჩევ, პირველ რიგში მიმართონ ექიმს და თვითნებურად არ შეარჩიონ სამკურნალო საშუალებები, რადგან არასწორად შერჩეული საშუალებები კიდევ უფრო გაავრცელებს აკნეს.