როგორ განვასხვაოთ ვირუსული ინფექციის სიმპტომები ალერგიისგან, რას ვეძახით ალერგიულ ხველას, როდის არის ბავშვი ასთმის განვითარების კანდიდატი, შესაძლოა თუ არა, რომ ასთმა მოზრდილ ასაკში განვითარდეს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა – მადონა დევიძემ ისაუბრა.
როგორ განვასხვაოთ ვირუსული ინფექციის სიმპტომები ალერგიისგან?
ზოგადად, ზამთარი ალერგიული პაციენტებისთვის პრობლემურია. ზაფხულში თუ მცენარეებია ძირითადი პრობლემა, ზამთარი ალერგიული პაციენტებისთვის, სიცივიდან გამომდინარე, მთელ რიგ პრობლემებს მოიცავს. ვირუსული ინფექცია და ალერგია მსგავსი სიმპტომების გამო (სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ხველა და ა.შ.) ერთმანეთში ხშირად ეშლებათ.
ალერგიის და ვირუსული ინფექციის განმასხვავებელი ძირითადი სიმპტომი ტემპერატურაა. ალერგიას თან არასდროს ახლავს ტემპერატურა. ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია მაღალი ტემპერატურის გარეშე ძალიან იშვიათად მიმდინარეობს, თუნდაც ერთჯერადად მაინც ხდება ტემპერატურის მატება. საყურადღებოა სიმპტომების ხანგრძლივობაც.
ალერგიის სიმპტომები ჩვენ 2 კვირაზე მეტხანს გვიხანგრძლივდება, ვირუსული ინფექციის კი 3, 5, 7 დღე, ანუ უფრო ხანმოკლე დროით. აღსანიშნავია ისიც, რომ ალერგიას მრავალჯერადი ცემინება ახასიათებს, ეს ხდება ერთმანეთზე მიყოლებით და ხშირად პაციენტს სუნთქვაც კი უჭირს.
ალერგიის დროს სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა. ზოგადად, ალერგიას ხშირად ახლავს ქავილი, რაც ვირუსული ინფექციის დროს ნაკლებად არის გამოხატული. ალერგიის დროს პაციენტები უჩივიან ყელის, ყურების, ცხვირის წვერის ქავილს და რა თქმა უნდა, ეს სიმპტომები რაღაც ალერგენთან არის შეჭიდული. მაგალითად, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ცემინება და ცხვირის გაჭედილობა დალაგების დროს დაეწყოთ. გარკვეულ მიზეზთან შეჭიდულობა უფრო ალერგიისთვის არის დამახასიათებელი.
ხშირად, ვირუსის დასრულების შემდეგ, ხველა კიდევ დიდხანს რჩება. ასეთ დროს ეს ხველა ვირუსით არის განპირობებული თუ ვირუსი უბრალოდ ალერგიული ხველის პროვოცირებას ახდენს და ზოგადად, რას ვეძახით ალერგიულ ხველას?
დავიწყოთ იმით, რომ ხველა გახანგრძლივებულად, ქრონიკულად ითვლება, თუ ის მოზრდილებში 8 კვირაზე მეტხანს, ბავშვებში კი 4 კვირაზე მეტხანს გრძელდება. გახანგრძლივებული ან ქრონიკული ხველის მიზეზი ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს. გახანგრძლივებული ხველა შეიძლება დატოვოს ინფექციურმა დაავადებებმა, მაგალითად, გადატანილმა პნევმონიამ, გრიპის ვირუსმა, კოვიდ 19-მა და ა.შ. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ფილტვების სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი და ა.შ. უამრავი ინფექციური დაავადებაა, თუნდაც ყივანახველა, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს და ტოვებს გახანგრძლივებულ ხველას. მეორე ფაქტორი და გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია რეფლუქსი. რეფლუქს-ეზოფაგიტი ეს არის მდგომარეობა, როცა საყლაპავიდან კუჭში გარდამავალი სარქველი არ იხურება და ხდება კუჭის მჟავას უკან ამოდინება. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია ბავშვებშიც. აღნიშნული პრობლემის დროს პაციენტებს ძირითადად ღამით ახველებთ ხოლმე, მაშინ, როდესაც წვებიან და ხდება მჟავის უკან ამოდინება, რაც იწვევს საყლაპავის, ტრაქეის, ბრონქების გაღიზიანებას. მოზრდილებში ხველის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია წნევის მარეგულირებელი წამლებიც, მათ თვითონ ახასიათებთ ასეთი გვერდითი ეფექტი. ასეთ დროს, როდესაც იხსნება წამალი, ხველაც გადის. გახანგრძლივებული ხველის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული და ხშირი მიზეზი შეიძლება იყოს ასთმის ხველითი ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ ასთმა შესაძლოა ვირუსითაც პროვოცირდეს. ასთმის ხველით ვარიანტს ალერგიული შეგვიძლია ვუწოდოთ.
თუ ბავშვი ახველებს ხშირად და მას მკვეთრად აქვს გამოხატული აღნიშნული სიმპტომი და ჩვენ რომელიმე დამნაშავე ალერგენს ვიპოვით, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბავშვი ასთმის კანდიდატია?
ასთმის დიაგნოზი მინიმუმ 5-6 წლამდე არ ისმება და ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ბავშვები ვერ ჩაიტარებენ ისეთ კვლევას, რომელსაც სპირომეტრია ეწოდება. სპირომეტრია ასთმის დიაგნოსტიკაში ოქროს სტანდარტის კვლევაა. არსებობს ტრანზიტორული ვიზინგები, არსებობენ მოხიხინე ბავშვები, ეს ხშირია და ეს მათი ანატომიიდან გამომდინარეობს. მოუმწიფებელი, წვრილი ბრონქები ხშირად იჭედება ნახველით და ეს იწვევს ხიხინს. ეს ხიხინი გარკვეულ ასაკთან ერთად გაივლის, აქ ასთმის დიაგნოზი არ ისმება. იმის გასარკვევად მომავალში ეს ბავშვი იქნება ასთმის კანდიდატი თუ არა, პირველ რიგში, უნდა შევხედოთ არის თუ არა ბავშვი ატოპიური, მაგალითად, თუ ჰქონდა ბავშვობაში მკვეთრად გამოხატული ალერგია რძეზე, შემდეგ უკვე კვერცხზე და ა.შ. თუ ისინი ჩვილობიდან ასე მოდიან და მათი ალერგიული ანამნეზი მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება და შემდეგ უკვე ვითარდება ატოპიური დერმატიტი, რინიტი, ასეთი ბავშვები იწყებენ ხიხინს და ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს იმის, რომ მათ გარკვეულ ასაკში შეიძლება ასთმის დიაგნოზი დაესვათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მცირე ასაკშიც შეგვიძლია გავაკეთოთ გამოკვლევა ალერგენებზე. მაგალითად, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი ალერგიულია ცხოველის ბეწვზე, დიდი ალბათობით, ეს ხიხინი ამით არის გამოწვეული და ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ბავშვი მოვარიდოთ ცხოველს. თუ პაციენტი ალერგიულია მტვერზე ან ნესტზე, შეგვიძლია შევთავაზოთ იმუნოთერაპია, ანუ შეგუება ალერგენთან, რომ თანდათან ამ სიმპტომების დაძლევა მოხდეს.
შესაძლებელია თუ არა ასთმის პრევენცია?
ზოგადად ასთმა ჰეტეროგენული დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მრავალი მიზეზი აქვს და ის არ არის გამოწველი მაინცდამაინც მხოლოდ მტვრის ტკიპებით. ჩვენ შეიძლება ჩავატაროთ იმუნოთერაპია და მივიღოთ საკმაოდ კარგი შედეგი, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ამით ასთმას განვკურნავთ. ჩვენ შეგვიძლია ასთმა ვაკონტროლოთ, მივაღწიოთ ხანგრძლივ რემისიას, მაგრამ იმის თქმა არ შეგვიძლია, რომ სრულად გამოვაჯანმრთელებთ პაციენტს, ეს დაავადება ამის თქმის საშუალებას არ იძლევა.
კვლევების მიხედვით, თუ ჩვენ ორი ალერგიული მშობელი გვყავს, დიდი ალბათობით ბავშვი ალერგიული იქნება, შედარებით ნაკლებია შანსი იმის, რომ ბავშვი ალერგიული იქნება, თუ მას მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს ალერგიული.
ძალიან დიდი როლი უჭირავს ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ჩატარებული კვლევები გვეუბნება, რომ ფიზიოლოგიურად დაბადებულ ბავშვს მომავალში ალერგიის განვითარების ნაკლები რისკი აქვს. კვლევების მიხედვით, ძუძუთი კვებაც ამცირებს მომავალში ალერგიული, ატოპიური დაავადებების განვითარების რისკს. თუ ჩვენ აღნიშნულ საკითხებს გავითვალისწინებთ, მაშინ ამ ყველაფრის პრევენცია შესაძლებელია.
ბოლო წლებია დაიდო კვლევები იმის შესახებაც, რომ თუ ბავშვს ოჯახში ჩვილობიდანვე ჰყავს ცხოველი, მას ეს პირიქით იცავს მომავალში ცხოველების მიმართ ალერგიის განვითარებისგან, ანუ ხდება ადრეული შეგუება სხვადასხვა ალერგენზე. ჩვენ ვართ ბუნების ნაწილი და ბუნებაში აბსოლუტურად ჰარმონიულები უნდა ვიყოთ. ადრე, როდესაც ცხოვრობდნენ ერთ დიდ სახლში, სადაც ცხოველებიც იყვნენ, ბავშვი მტვერს, მიწას ეხებოდა, ხდებოდა ადრეული შეხვედრა ჰელმინთებთან და მას უმუშავდებოდა იმუნიტეტი ვირუსების და პარაზიტების მიმართ, შესაბამისად, ის მომავალში უფრო ჯანმრთელი იყო. ბუნებრიობას თუ დავიცავთ, ეს უკვე რისკფაქტორების შემცირებაა. თუ ჩვენ ვიცით, რომ ბავშვს აქვს ალერგიული რინიტი და მას დროულად ვუმკურნალებთ, ეს დაგვიცავს ასთმის განვითარებისგან, ზოგადად, სხვა ალერგიული დაავადებების დროული მკურნალობა გვიცავს ასთმისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვიანობა და ასთმის დროული კონტროლი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასთმა იყოს კონტროლირებული, რომ არ გვქონდეს შეტევები და ასთმის დამძიმება. ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დაბინძურებული ჰაერისგან თავის არიდება, ჯანსაღი პროდუქტების მიღება, ფიზიკური აქტივობა, მწეველობის შემცირება ხაზს აღარ გავუსვამ.
შესაძლოა, რომ ასთმა მოზრდილ ასაკში განვითარდეს?
ასთმა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს და ეს აბსოლუტურად ნორმალურია. არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასთმა 60-70 წლის ასაკშიც კი უვითარდებათ, რასაც ასაკოვანთა ასთმა ეწოდება. ასთმის განვითარებისგან თავდასაცავად საჭიროა ჯანსაღი ცხოვრების წესი, მწეველობის შემცირება, ფიზიკური აქტივობა და ა.შ. მნიშვნელოვანი ფაქტორია სიმსუქნეც, რადგან არსებობს სიმსუქნით განვითარებული ასთმაც. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტს არ უნდა ჰქონდეს შეტევები. ბოლო კვლევებით, აბსოლუტურად მსუბუქად მიმდინარე ასთმის შეტევაც ერთ დღეს შეიძლება ძალიან მძიმე ბრონქოსპაზმით დაგვირგვინდეს და პაციენტი სტაციონარში მოხვდეს. შესაბამისად, ის, რომ თქვენ დაგიდგინდათ მსუბუქი ასთმა, არ ნიშნავს იმას, რომ მოდუნდეთ და არ მოახდინოთ ექიმის დანიშნულებისამებრ მისი კონტროლი. ასეთმა პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვირუსული ინფექციები ასთმას ამწვავებენ. ასეთ პაციენტებს განსაკუთრებით ვურჩევთ, რომ ზამთარში საკმარისი რაოდენობით სითხე მიიღონ, რადგან ცივი ჰაერი იწვევს ბრონქების შევიწროებას და ჭარბი რაოდენობით ლორწოს წარმოქმნას და თუ ჩვენ დიდი რაოდენობით სითხეს მივიღებთ, ეს ლორწო აღარ იქნება შედედებული, უფრო თხელი იქნება და მარტივად ამოსახველებელი გახდება. აღსანიშნავია, რომ შესქელებული ლორწო, რომელიც შემდეგ ბრონქებში გროვდება ხელს უწყობს ბაქტერიების, ვირუსების უფრო კარგად განაყოფიერებას და პაციენტი უფრო ადვილად ავადდება. გარეთ სიცივეში გასვლის წინ პაციენტმა აუცილებლად წინასწარ უნდა შეისუნთქოს ასთმის მაკონტროლებელი პრეპარატი, რომ მოხდეს ბრონქების წინასწარ გაფართოება და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით, 15 წუთში გავიდეს გარეთ. მათ უნდა ატარონ შარფები, უნდა შეიფუთონ, რომ შესუნთქული ჰაერი არ იყოს ცივი. გათბობა და გამთბარი ჰაერის შესუნთქვა ძალიან დაგვეხმარება, რომ მძიმე სპაზმი არ განვითარდეს.
უმეტესად კანთან დაკავშირებული რა ტიპის ალერგიული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს სიცივეში?
სიცივე, ტემპერატურის მკვეთრი დავარდნა და ჰაერში ტენიანობის მომატება კანის გამოშრობას იწვევს. სიცივისას ჩვენ სახლში ვრთავთ გათბობას, რაც ასევე იწვევს ჰაერის და შესაბამისად, კანის გამოშრობას. ეს ყველაფერი ალერგიულ პაციენტებზე, მათზე, ვისაც ატოპიური დერმატიტი აქვთ განსაკუთრებულად მოქმედებს, სიცივე მათთვის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია.
რაც შეეხება სიცივის ალერგიას, მას ჩვენ სიცივის ჭინჭრის ციებას ვეძახით, რადგან დაბალ ტემპერატურაზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი გამონაყარი, რომელიც საკმაოდ ექავებათ. სიცივეში შესაძლოა, რომ შეშუპდეს და გაწითლდეს ტანსაცმლისგან დაუფარავი ადგილები, რომელთაც სიცივე ხვდებათ, რაც დისკომფორტულია, რადგან შეიძლება თან ახლდეს ძლიერი ქავილი. აღნიშნული განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა პაციენტები არ ატარებენ ხელთათმანებს, შარფებს. ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ არ დაიჭირონ ხელში ცივი სასმელები და არ დაიბანონ ხელები ცივი წყლით. ზაფხულში ვურჩევთ, რომ არ იბანაონ მდინარის წყალში, რადგან მდინარის წყალი საკმაოდ დაბალი ტემპერატურისა და ასეთ წყალში ჩახტომამ შეიძლება ანაფილაქსია, ალერგიის უკიდურესი ფორმაც კი აპროვოციროს. ეს სერიოზული დაავადებაა და განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ ასეთი პაციენტები სიცივეს მოერიდონ.