LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვუშველოთ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან აზარტულ თამაშზეა დამოკიდებული – სპეციალისტების რეკომენდაციები

8484
როგორ ვუშველოთ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე ან აზარტულ თამაშზეა დამოკიდებული - სპეციალისტების რეკომენდაციები

„როგორ გავავლოთ ზღვარი მავნე ჩვევასა და დამოკიდებულებას შორის, შესაძლებელია თუ არა, რომ ადამიანში ორი სხვადასხვა დამოკიდებულება თანაცხოვრობდეს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს რაღაც ტიპის დამოკიდებულება აქვს, არსებობს თუ არა გარკვეული მინიშნებები, ვინ არიან მოწყვლადი ჯგუფები, როგორია ოჯახის წევრების როლი დამოკიდებულების მქონე ადამიანების მკურნალობის, რეაბილიტაციის პროცესში“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ სარეაბილიტაციო ცენტრის „რესტარტი ფსიქოთერაპევტმა, ელენე სვანიძემ და პროგრამების ხელმძღვანელმა, თანადამფუძნებელმა ჯეკო მესხმა ისაუბრეს და გაგვიზიარეს „რესტარტის“ მიდგომები, მკურნალობის, რეაბილიტაციის მეთოდები და შეთავაზებები.

ელენე, როგორ გავავლოთ ზღვარი მავნე ჩვევასა და დამოკიდებულებას შორის?

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დამოკიდებულება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ქცევას ან ნივთიერებას ირჩევს იმისთვის, რომ მისი შინაგანი ემოციური მდგომარეობა დაარეგულიროს.

დამოკიდებულება არის ქცევითი და ემოციური დისრეგულაცია, ანუ რეგულაციის დარღვევა და ამ დროს, ადამიანი შინაგანად განიცდის ემოციურ სიცარიელეს, ტკივილს, შფოთვას, აქვს იდენტობასთან აღრევა, არ აქვს ჩამოყალიბებული მისი კონკრეტული მახასიათებლები, უჭირს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა.

ჩვევა არის განმეორებადი ქცევა, ამ დროს, შენარჩუნებული არის კონტროლის მექანიზმი და ადამიანს შეუძლია, რომ თავისი ნებით დაანებოს თავი ამ ჩვევას.

დამოკიდებულების შემთხვევაში, გადავდივართ იმ ეტაპზე, სადაც ადამიანს კონტროლი არ აქვს, სადაც მისი ნება გამქრალია. ასეთ დროს, ადამიანს ხშირად ვადანაშაულებთ, რომ მას თითქოს არ აქვს ნებისყოფა, არ შეუძლია, რომ თავისი ნებით დაანებოს თავი მოხმარებას ან კონკრეტულ დამოკიდებულებას, თუმცა ეს ასე არ არის, რადგან დამოკიდებული ადამიანის პრეფრონტალური კორტექსში ის ზონა, რომელიც პასუხისმგებელია ნებელობაზე დაქვეითებულია, ანუ ფაქტობრივად, დამოკიდებულ ადამიანს საკუთარი ნება აღარ აქვს და მის ნებაზე აღარ არის, შეძლებს თუ არა კონკრეტული დამოკიდებულებისთვის, ქცევისთვის თუ ნივთიერებისთვის თავის დანებებას.

ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა გიწევთ, არის ალკოჰოლი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები… დამოკიდებულების მექანიზმი ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა თუ აბსოლუტურად განსხვავდება და როგორია მიდგომები ამ სამი თითქოს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებასთან მიმართებით?

თამაშსა და ნივთიერებებზე დამოკიდებულებას შორის არის განსხვავება, თუმცა ეს განსხვავება არის მხოლოდ ფორმაში, მექანიზმი ფსიქოლოგიურ დონეზე ერთნაირია, რაც ცოტა უცნაურად ეჩვენებათ ხოლმე, რადგან ნივთიერებების მოხმარების დროს, ნივთიერება შედის ორგანიზმში და ფიზიკურადაც უფრო ზიანდება ის.

ქიმიური დამოკიდებულების შემთხვევაში, იქნება ეს მედიკამენტი, ალკოჰოლი თუ სხვა, ნეირომედიატორებთან გვაქვს საქმე. ნეირომედიატორები ეს არის, ასე ვთქვათ, ტვინის სასაუბრო ენა. ტვინში არსებული ნერვული უჯრედები ერთმანეთთან ნეირომედიატორებით ურთიერთობენ და აქედან გამომდინარე, ქიმიური ნივთიერებების შემთხვევაში, უშუალოდ ამ ნეირომედიატორებზე ხდება ზეგავლენა.

თამაშზე დამოკიდებულების შემთხვევაში, არ ხდება ქიმიური აგენტის შეყვანა, თუმცა მექანიზმის დონეზე, იგივე პროცესი მიმდინარეობს.

თამაშდამოკიდებულების დროს, მძაფრი ემოციები განაპირობებს იმ სიამოვნებას და იმ მდგომარეობას, რაც უკვე დამოკიდებულებას იწვევს.

შეიძლება, რომ ორი დამოკიდებულება თანაცხოვრობდეს და ეს უფრო მძიმე შემთხვევაა თუ არა? მაგალითად, შესაძლებელია, რომ ადამიანი დამოკიდებული იყოს აზარტულ თამაშებზე და წაგების, იმედგაცრუების შემთხვევაში გადადიოდეს ნარკოტიკულ საშუალებებზე, ალკოჰოლზე?

დიახ, ძალიან ხშირად ვაწყდებით ზუსტად ასეთი ტიპის ქეისებს, სადაც ყველაფერი ერთად ვლინდება და ეს ყველაფერი საკმაოდ გადაჯაჭვული არის ერთმანეთთან. თამაშდამოკიდებული ადამიანი შეიძლება, მოიხმარდეს ნივთიერებას იმიტომ, რომ თუნდაც, დანაშაულის განცდა შეიმსუბუქოს, რომ ამ რაღაც ციკლში, ლუპში ყოფნა მარტივად შეძლოს. დანაშაულის განცდა, მოხმარება, თამაში, გამოფხიზლება, მერე ისევ დანაშაულის შეგრძნება და ასე ერთი და იგივე წრეზე დადის ასეთი ადამიანი.

რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მხოლოდ თამაშდამოკიდებულებაა და არ არის გამოკვეთილი ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თუმცა ძირითადად მაინც კომბინირებულად გვხვდება და რა თქმა უნდა, ეს მძიმე შემთხვევაა.

ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ ასეთ პირებთან შეიმჩნევა აგრესიული ქცევა, აკვიატებული აზრები, რომ მათ აქვთ დევნის შეგრძნება და ა.შ. როდესაც ნარკოდამოკიდებულება იმ ტიპის დაზიანებას იწვევს ორგანიზმში, რომ მათ უკვე ეჩვენებათ რაღაცები, ეწყებათ ჰალუცინაციები, ხდებიან აგრესიულები, აღარ არიან ისეთები, როგორებიც ადრე იყვნენ, შესაძლოა, რომ დახმარების მიღების, რეაბილიტაციის შემდეგ, ეს ყველაფერი გაქრეს და ადამიანი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს, ანუ დაბრუნდება ისეთი ადამიანი, როგორიც ის ადრე იყო?

კი, აუცილებლად დაბრუნდება და ზუსტად ამას ემსახურება ჩვენი საქმეც. მთავარი ამომავალი წერტილი ის არის, რომ ადამიანი მის სრულყოფილ მდგომარეობამდე მივიყვანოთ. შეიძლება, სრულყოფილი მდგომარეობა გადაჭარბებული ფრაზაა, მაგრამ ჩვენ ადამიანი უნდა მივიყვანოთ იმ მდგომარეობამდე, სადაც უკვე თვითონ შეძლებს, რომ საკუთარი თავის განვითარება გააგრძელოს.

გამოჯანმრთელების, გამოფხიზლების პროცესს თავისი ეტაპები აქვს, მაგალითად, 6 თვემდე პერიოდი ყველაზე კრიტიკულია, 6-დან 18 თვემდე უკვე დასტაბილურების პერიოდია, 12-დან 18 თვემდე კი უკვე ინტეგრაციის პროცესია. ითვლება, რომ წელიწად ნახევარი სჭირდება ადამიანს, რომ მისი ტვინი ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი როგორ მდგომარეობაშიც დაიწყებს გამოჯანმრთელებას, 18 თვე ამ მდგომარეობაში იქნება, რა თქმა უნდა,  პროგრესი შეინიშნება, არის უკეთესობაც.

მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ, ადამიანი სხვა პატერნებში უნდა გადავიდეს, ის არ უნდა დაბრუნდეს იგივე პირობებში, სოციუმში, ვგულისხმობ მოხმარების აქტიურ სიტუაციებს. მან ახალი ცხოვრების სტილი უნდა დაიწყოს.

ჩვენ ადამიანს კი არ ვკურნავთ, ვეხმარებით, რომ ახალი ცხოვრების სტილი ჩამოიყალიბოს, შექმნას ისეთი ახალი სისტემა, სადაც შეძლებს, რომ ნებისმიერი ნივთიერების თუ მისთვის დამაზიანებელი ქცევის გარეშე იცხოვროს და შექმნას მისი შინაგანი ჰარმონია და სიმშვიდე.

არსებობს ალკოჰოლის, თამაშების უსაფრთხო დოზა?

უსაფრთხო დოზა არ არსებობს, რაც არ უნდა უხეშად და პირდაპირ ჟღერდეს, ასეთი დოზა პრაქტიკაში არ არსებობს. დამოკიდებული ადამიანის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ის სრულ სიფხიზლეში, სრულ სისუფთავეში გადავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ გამოფხიზლების შემდეგ, ადამიანი ძველ ქცევებს არ მიუბრუნდეს. ბიოლოგიურ დონეზე, ძალიან დეტალებში რომ არ ჩავიდე, დოფამინის გამოყოფის პრინციპი განსხვავებულად მიმდინარეობს, ანუ ტვინი სწავლობს იმ მძაფრ ემოციებს, ქიმიურად მიღებული ნივთიერებების შედეგად, მძაფრი ემოციებით მიღებულ სიამოვნებას, ეს არ არის უბრალოდ დასწავლილი ქცევა, ეს არის გამკლავების მექანიზმი, გადარჩენის გზა, აქედან გამომდინარე,

თუ ადამიანი გამოფხიზლების შემდეგ, კონკრეტულ, ნებისმიერ დოზას დაუბრუნდა, მაგალითად გასინჯა, ერთხელ ითამაშა, შესაძლოა, რომ ერთი მოხმარებითაც კი საკმაოდ მძიმე მდგომარეობას დაუბრუნდეს, რადგან ტვინს დასწავლილი აქვს ეს გზა.

ნეირონული ბილიკები, რომელიც ტვინმა იმისთვის გაიყვანა, რომ დიდი რაოდენობით მიღებული ნივთიერება თუ თამაშით მიღებული დიდი რაოდენობით ემოცია გადაემუშავებინა, ის ნეირონული ბილიკები გამოჯანმრთელების შემდეგ არსად ქრება, მხოლოდ და მხოლოდ იძინებს და პირობითად, 5 წლის სიფხიზლის შემდეგაც რომ ერთხელ მოიხმაროს, შესაძლოა, რომ ნერვულმა სისტემამ ის იგივე მდგომარეობაში ჩააგდოს.

არსებობს თუ არა ისეთი დამოკიდებულება, რომელთანაც ყველაზე მეტად გიძნელდებათ სპეციალისტებს მუშაობა?

მაგალითად, თამაშდამოკიდებულება ერთ-ერთ რთულ დამოკიდებულებად ითვლება, რადგან ამ მდგომარეობაში უფრო რთული არის პრობლემის აღიარება, დანახვა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს, ორგანიზმში ქიმიური აგენტი არ შედის. ჩვენ ვიცით, რომ დამოკიდებულების დროს მუშაობს გარკვეული დაცვითი მექანიზმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი არის უარყოფა და თამაშდამოკიდებულების დროს ზუსტად ეს უარყოფა არის უფრო მეტად ძლიერი, თავად დამოკიდებულს ძალიან უჭირს დაინახოს ის კრიზისი, რომელ კრიზისშიც იმყოფება, ამბობს, რომ ის უბრალოდ თამაშობს და ა.შ. საზოგადოებაც სხვანაირად არის სტიგმატიზირებული, თითქოს, თამაში არ აღიქმება იმხელა პრობლემად, რამხელადაც ნარკოტიკების მოხმარება.

ასევე, ერთ-ერთი ძალიან რთული პრობლემა არის ურთიერთობებზე დამოკიდებულება. ადამიანებს იმდენად მორალურად ააქვთ გამჯდარი კონკრეტული ქცევები, ეს მიჯაჭვულობა ურთიერთობაში, რომ ძალიან რთული ხდება ამ ადამიანებისთვის არსებული მდგომარეობის აღიარება, დანახვა.

ურთიერთობებზე დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა რამდენად საშიში ტიპის დამოკიდებულებაა?

შეიძლება, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, როგორც მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა.

მაგალითად, შეიძლება თამაშდამოკიდებულება ქიმიური დამოკიდებულება არ არის, თუმცა სიცოცხლისთვის ესეც საფრთხის შემცველია, რადგან ამ დროს, ისეთ დონეზე მიჰყავთ ადამიანებს თავიანთი თავი, რომ ხშირია სუიციდი, სუიციდის მცდელობები.

ურთიერთობებზე დამოკიდებულება, ასევე კვებითი აშლილობა შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გაიაზროს მისი მხარე, მისი არაჯანსაღი ქმედებები, რომ ის ამ ყველაფრით თავს იზიანებს.

მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ არაცნობიერად ისე არის მოწყობილი, რომ რამდენადაც ჩვენ შინაგანად დესტრუქციულები, დისფუნქციურები და დაზიანებულები ვართ, იმავენაირი დაზიანების მქონე ადამიანებს ვიზიდავთ და ვიწყებთ მათთან ურთიერთობას. დამოკიდებული ადამიანი სადაც არსებობს, იმ ოჯახში, პირობითად, მეუღლე რომ ავიღოთ, ის ემოციებზე არის დამოკიდებული.

მოწყვლად ჯგუფებზე მინდა გკითხოთ, ვინ შეიძლება გახდეს დამოკიდებული?

რაც შეეხება მოწყვლად ჯგუფებს, თუ ვინ ხდება დამოკიდებული და ვინ არა, რა თქმა უნდა, თავისი წინაპირობა აქვს.

შორიდან შეიძლება ჩანდეს, რომ ვიღაცა ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა, კარგი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა აქაც ფრთხილად არის შესაფასებელი მზრუნველობა, მაგალითად, ჰიპერმზრუნველობაში გაიზარდა თუ პირიქით, ყურადღების დეფიციტი ჰქონდა, ცივი მშობლები ჰყავდა თუ პირიქით, გადაჭარბებულად თბილი, ასევე აღსანიშნავია ტრავმები, იყო თუ არა ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.

დამოკიდებულ ადამიანებს უკვე აქვთ წინასწარგანწყობა, ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც ადამიანი, პირობითად, 50 წლამდე არ ავლენდა დამოკიდებულებას, თუმცა მერე დაიწყო ნივთიერებების მოხმარება, თამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ წინასწარგანწყობა არსებობდა, უბრალოდ, მისი ცხოვრება ისე დალაგდა, რომ მანამდე არ გამოვლინდა მისი დამოკიდებულება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამოკიდებულ ადამიანებს თავიდანვე სამყაროს სხვანაირი აღქმა აქვთ, ისე მძაფრად არ უხარიათ რაღაცები, როგორც სხვებს, ისინი იმაზე მძაფრად განიცდიან კონკრეტულ ფაქტებს, ვიდრე სხვები.

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანს რაღაც ტიპის დამოკიდებულება აქვს, არსებობს თუ არა გარკვეული მინიშნებები, ასევე როგორ უნდა ჩავერთოთ პროცესში და როგორია ასეთ დროს, რეაბილიტაციის პროცესში ოჯახის წევრების როლი?

რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ ამ პროცესში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება შევნიშნოთ დამოკიდებული ადამიანის ქცევა, რა თქმა უნდა, ერთი რაღაც კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, თუმცა არის რაღაც ნიშნები, რითაც შეიძლება მივხვდეთ, რომ შეიძლება, ადამიანი მძიმე პერიოდს გადის და ასეთი ნიშნებია: უყურადღებობა, ემოციურობა, გაღიზიანება, შფოთვა, ჭირვეულობა, იზოლაციისკენ მიდრეკილება, ცდილობენ განმარტოებას და კომუნიკაციის არ ქონას, თუნდაც, ოჯახის წევრებთან.

რაც შეეხება თამაშდამოკიდებულებას, იწყებენ ტყუილების თქმას, ტელეფონის დამალვას და ა.შ.

გოგოები უფრო მიდრეკილნი არიან დამოკიდებულებებისკენ თუ ბიჭები?

სქესის ნაწილში არ არის განსხვავება, უბრალოდ, სტატისტიკურად ჩანს, რომ ბიჭებში უფრო მეტად ვლინდება ეს ყველაფერი, რადგან სტიგმა მუშაობს ძლიერად და გოგოებს უჭირთ ამ ყველაფრის აღიარება და გამოტანა, დახმარების თხოვნა.

ჩვენ, ცოტა ხნის წინ, ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრიც გავხსენით, გვყავს გოგონებიც და რა თქმა უნდა, ისინიც ინტენსიურად მუშაობენ საკუთარ თავზე.

როგორ იწყება და როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, როგორ ეხმარებით ასეთ ადამიანებს, რამდენ ხანში შეიძლება, დავინახოთ შედეგი და რაზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფი იქნება პირველადი შედეგი, ასევე ორ აბსოლუტურად ერთნაირი პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება, რომ განსხვავებული მიდგომები დასჭირდეს?

რთულია იმის თქმა, თუ როდის შეიძლება დადგეს საბოლოო გამოჯანმრთელება, რადგან ეს ინდივიდუალურია, ამ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ინდივიდის პროცესში ჩართულობაც, რადგან, მეტწილად, ეს განაპირობებს, თუ როგორ წავა პროცესი და რამდენ ხანში მივიღებთ სასურველ შედეგს.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს დახურული ცენტრიც, ასევე გვაქვს დღის ცენტრიც, სადაც გვაქვს შესაბამისი ჯგუფები. ცოტა ხანში, ჩავუშვებთ კვებითი აშლილობის ახალ პროგრამას, რომელიც საკმაოდ ინოვაციური და განსხვავებული იქნება იმ პროგრამებისგან, რაც დღესდღეობით საქართველოში არსებობს.

რამდენად მწვავედ დგას კვებითი აშლილობის პრობლემა საქართველოში, მსოფლიოში?

ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას მსოფლიოს მასშტაბით.

ჩვენი პროგრამა სხეულთან ურთიერთობის აღდგენისკენ და იმ პრობლემის მოგვარებისკენ არის მიმართული, რის გამოც ადამიანი არაჯანსაღ ურთიერთობას იწყებს კვებასთან და არა კვების მოგვარებისკენ, რომ შინაგანი დაგვილაგდეს.

ჯეკო, ელენემ თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებულები, სულაც არ არიან უნებისყოფო, სუსტი ადამიანები, თქვენც მიგაჩნიათ, რომ აქ ნებისყოფა არაფერ შუაშია? გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები, პირველ ეტაპზე, ყოველთვის უარყოფენ, რომ დამოკიდებულები არიან, ესეც აჩენს იმის განცდას, რომ არიან სუსტები, რომ ერთის მხრივ აღიარონ პრობლემა და მეორეს მხრივ, არ გახდნენ დამოკიდებულნი.

მოგვიყევით, როგორც ცენტრის თანადამფუძნებელს, რატომ გაგიჩნდათ ამ თემაზე ასე აქტიურად მუშაობის სურვილი?

რატომ არ არიან ასეთი ადამიანები უნებისყოფოები, პირველი ნათელი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ხომ ხვდებით ნივთიერებებსა თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულმა ადამიანმა ფინანსები რომ მოიპოვოს, რამდენი რამის კეთება უწევს და თუ მას ნებისყოფა და ძლიერი ხასიათი არ აქვს, ამ ყველაფერს ვერ იზამს. წარმოიდგინეთ, ნარკოტიკის თუ თამაშის გამო, რამდენი ტყუილის თქმა, მანიპულაცია უწევს. სტიგმა არის, რომ დამოკიდებულ ადამიანს ნებისყოფა არ აქვს. თუნდაც, წეღან რომ ახსენეთ, ის რომ პრობლემას არ აღიარებს, მან თვითონაც არც იცის, რომ დამოკიდებულია.

დაავადების განვითარებას რამდენიმე სტადია აქვს. თქვენ გჯერათ, რომ რომელიმე ადამიანი პირდაპირ იღვიძებს და ამბობს, წავალ ახლა მე და ნარკომანი, მოთამაშე ან ალკოჰოლიკი ვიქნები, ეს ყველაფერი ნელ-ნელა პროგრესირებს, იწყება კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, მეგობრებთან ერთად, დაბადების დღეზე, კლუბში, რაზეც ახლა ძალიან პროპაგანდა მიდის, კლუბური ნარკოტიკი, მსუბუქი ნარკოტიკი, რაც არ არსებობს, ყველა ნარკოტიკი არის ნარკოტიკი, ალკოჰოლი არის ნარკოტიკი და ყველა ნივთიერება არის მომაკვდინებელი, არ აქვს მნიშვნელობა არის თუ არა ზედოზირება, პრეპარატს შეუძლია, რომ მე ისე დამიზიანოს ტვინის უჯრედები და ფსიქიკა, რომ სუიციდი ვცადო ან რაღაც საშინელება ჩავიდინო.

ეტაპებს რომ დავუბრუნდეთ, პირველი ეტაპი არის ხოლმე ნარკოტიკი – მეგობარი, ალკოჰოლი – მეგობარი, რომ რაღაც სტრესი მომიხსნა, უფრო თავისუფალი, მშვიდი გავხდი, მომემატა გამბედაობა.

მეორე ეტაპი არის, პატარ-პატარა ტყუილები… ბავშვი მყავს წასაყვანი, ჯერ უნდა მოვიხმარო, სამსახურში ვარ მისასვლელი, ჯერ უნდა მოვიხმარო. ეს ყველაფერი დგას უარყოფასა და ფსიქოლოგიურ თავდაცვაზე. ყველა ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური თავდაცვის ინსტრუმენტი, რომელსაც ნორმატიული, არადამოკიდებული ადამიანი ჯანსაღ რაღაცებში იყენებს, მაგალითად, მშობლის, ბავშვის ავადმყოფობას რომ გაიგებს, იმ მომენტში რომ თავი დაიცვას, ამბობს, რომ არ არის ცუდად, კარგად არის და ა.შ. , რომ იმ მომენტში თავში არ შეუშვას რეალობა. დამოკიდებული ადამიანი კი ყოველდღე იმ პუნქტებით ცხოვრობს, რომ ვიღაცის ბრალია, მე რომ მოვიხმარ, მე ახლა ძალა მჭირდება, რომ სამსახურში წავიდე, მე ახლა ცოლი მეჩხუბა და ამიტომ მოვიხმარ…

და ეს სისუსტე არ არის?

ფსიქოლოგიურ ჭრილში რომ აგიხსნათ, სჯერა ამ ადამიანს ამის, თუნდაც, მომხმარებელი ადამიანი რომ გეუბნებათ, რომ მორჩა, ხვალიდან აღარ მოვიხმარ, მას იმ მომენტში, 100 %-ით სჯერა, რომ ხვალიდან აღარ მოიხმარს, უბრალოდ, არ იცის, რა სჭირს. უნდა, რომ თავი დააღწიოს ამ ყველაფერს, მაგრამ დილით რომ იღვიძებს, იმდენად გაუსაძლისი არის მისთვის სიფხიზლე, აზარტულ თამაშებზე თავშეკავება, რომ ავიწყდება ის ყველაფერი. ფსიქოლოგიური თავდაცვა ასე მუშაობს, მოდი, ორშაბათიდან დავანებებ, მოდი, ერთიც და მორჩა და ა.შ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ გადავწყვიტე ცენტრის გახსნა, ეს ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემაა, მე თვითონ დამოკიდებული ადამიანი ვარ, საერთოდ არ მეთაკილება, რომ ეს ხმამაღლა ვთქვა, ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი ვიყავი ძალიან აქტიურ მოხმარებაში როგორც მძიმე ნარკოტიკის, ალკოჰოლის, ისე აზარტული თამაშების და არც მე არ მინდოდა არასდროს, რომ ვყოფილიყავი ის, ვინც იმ მომენტში ვიყავი. რეალურად, სულ ვგრძნობდი, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი, მაგრამ კვლევებიც არსებობს, რომ დამოკიდებული ადამიანისთვის სიფხიზლე სიკვდილის შიშს უდრის, ის განიცდის იგივე ემოციას, რასაც სიკვდილის წინ, რადგან ვერ აღვიქვამთ რეალობას, დამოკიდებულ ადამიანებს გვიჭირს რაღაცები. რატომ არის ეს ვერაგი, პროგრესირებადი, მომაკვდინებელი და პირველადი დაავადება?! იმიტომ, რომ სადღაც ბავშვობაში, რომელიღაც კორიდორში დაიკარგა ის ბავშვი და იმის მერე გაურბის რაღაცას. ვინ რას გაურბის, ამაზე რამდენიმე თეორია არსებობს, ზოგი შიშს გაურბის, ზოგი პირველ უსიყვარულობას, ზოგი პირველ სირცხვილის გრძნობას.

თქვენს ცენტრს „რესტარტი“ ჰქვია და როგორ ფიქრობთ, რესტარტი  მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსვლის, დამოკიდებულების დასრულების ნაწილში შესაძლებელია?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, მაგალითად, თუ როგორ შეიცვალა ჩვენთან მოსული რეზიდენტების ცხოვრება და როგორ დაამარცხეს პრობლემა. დამარცხება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და მუდმივად იქნება ჩვენთან ერთად, მთელი ცხოვრება, უბრალოდ, ვისწავლეთ ამ ყველაფერთან თანაცხოვრება.

მე ჩემთან მოსულ რეზიდენტს სულ ვეუბნები, რომ მნიშვნელოვანია პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რაც მთელი ცხოვრება აწუხებს, ანუ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დიალოგში, ის რომ თავის თავთან რჩება ღამე, ბალიშზე რომ თავს დებს, რა კითხვებიც აწუხებს, აი იმ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

ელენემ ძალიან კარგად ახსნა, რომ დღეს, თუ ბავშვს კარგად აცვია, კარგს ჭამს, კარგს სვამს, კარგ სკოლაში დადის, მორჩა, კარგი ოჯახის შვილია. აქ ჩვენ ცუდ და კარგ ოჯახზე არ ვლაპარაკობთ, აქ ჩვენ სიყვარულის და ზრუნვის გაცემის ფორმებზე ვლაპარაკობთ.

რაზეა დამოკიდებული რა ტიპის მიმართულებით წავა რეაბილიტაციის პროცესი, დღის ცენტრში გადაწყვეტს ადამიანი მკურნალობას თუ ღამის ცენტრში, ეს დამოკიდებულია თუ არა იმაზე რა ტიპის დამოკიდებულებაზეა საუბარი, როგორ წყდება რეაბილიტაციის პროცესის სქემა?

ადამიანს, რომელიც ჩვენთან მოდის, ჯერ ყოველთვის ხვდება პირველადი კონსულტანტი, რომელიც პირველი კონსულტაციის შემდეგ, ჩატში, სადაც ძალიან ბევრი სპეციალისტია, აგდებს ანამნეზს, თუ რა პრობლემა აქვს ადამიანს, რამდენი ხანი მოიხმარს, რა ინტენსივობით, როდის დაიწყო და ა.შ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გუნდი იღებს გადაწყვეტილებას თუ რა სერვისი არის მისთვის საჭირო, მასზე მორგებული, საჭიროა თუ არა ნარკოლოგის, ფსიქიატრის ჩართულობა და ა.შ.

მე მინდა, რომ ჩემთან მოსული ადამიანისთვის ვიყო გიდი და არა ადამიანი, რომელიც რაღაც კონკრეტულს გადაუწყვეტს. მე ვეუბნები, რომ არის ესა და ეს გზა და ვთავაზობ, რომ აირჩიოს, რომელიც თავად უნდა.

დღის ცენტრის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად დაზიანებულია ადამიანი, რამდენად გაუძლებს გარემოებას, რადგან დღის ცენტრში მოსული საღამოს ხომ ისევ სახლში ბრუნდება, ისევ არიან მეგობრები, ტელეფონი, ყველაფერი ის, რაც მისთვის ტრიგერი იყო და მოხმარებისკენ უბიძგებდა.

მართალია, ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლდამოკიდებულების, თამაშდამოკიდებულების, კვებითი აშლილობის და ა.შ. ამ ყველა დაავადების ფუძე ერთია, მაგრამ ვცდილობთ, რომ დღის ცენტრში ცალ-ცალკე ჯგუფები გავაკეთოთ, რადგან ძალის და მოტივაციის მომცემია, როცა ხვდები მსგავს ადამიანს, ადამიანს, რომელიც იგივე გზას გადის, რასაც შენ.

რეზიდენტულ ცენტრში ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ერთად არიან, მაგრამ იქ მიდის ინდივიდუალური პროცესებიც, ინდივიდუალური დავალებები, სესიები.

დახურულ ცენტრში, გარდა იმისა, რომ  ადამიანი გარემოს ნაწილში შორდება იმ ყველაფერს, რაც ტრიგერი იყო, არის თუ არა ცენტრში სხვა დამატებითი ტიპის დახმარება, ფიზიკურ, ბიოლოგიურ ნაწილში, მაგალითად, თუ უტარდება გარკვეული დეტოქსიკაციის პროცედურები, გადასხმები?

ბიოლოგიური კუთხით, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კლინიკასთან „მეტამორფოზა“, ჯერ იქ ვათავსებთ ადამიანს და დეტოქსიკაციის შემდეგ ის უკვე დახურულ სარეაბილიტაციო ცენტრში გადმოინაცვლებს. დახურულ სარეაბილიტაციო ცენტრში მთავარი არის უსაფრთხო გარემო, რომელიც ადამიანს ეძლევა, სადაც დრო, ადგილი, ყველაფერი მასზე არის მორგებული, რომ ის გულწრფელი იყოს თავის თავთან. დღის ცენტრში შეიძლება, ადამიანს მაინც გაუჭირდეს იმ დონის გულწრფელობა. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დატრავმულ ადამიანებზე, ადამიანებზე, რომლებიც მთელი ცხოვრება გაურბიან სიმართლეს და ამ სიმართლის გულწრფელად, ხმამაღლა ლაპარაკს სჭირდება ძალიან უსაფრთხო გარემო, სადაც იქნება თანაგრძნობაც, გაგებაც, სიყვარულიც და გვერდში დგომაც.

რაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანში გამოვა ადამიანი მდგომარეობიდან, რამდენ ხანში დადგება პირველი შედეგი?

ყველა ქეისი ინდივიდუალურია, მაგრამ შაბლონი ასეთია, სრული კურსი არის სამი თვე და შემდეგ, სამი თვე არის პოსტრეაბილიტაცია.

ჩვენთან მოსულ რეზიდენტს ერთი თვე სჭირდება იმისთვის, რომ დაამსხვრიოს ეს უარყოფა, ეს ფსიქოლოგიური თავდაცვა, რომ დაინახოს მისი დაავადება და მოახდინოს იდენტიფიკაცია.

მეორე ეტაპი არის უკვე დახმარების მიღება, თხოვნა.

მესამე ეტაპი არის უკვე თვითანალიზი, როცა ჩვენთან მოსული ადამიანი მთელ იმ განვლილ ორ თვეს უკეთებს ანალიზს და ცდილობს, რომ სხვა ადამიანებს დაეხმაროს და თავის თავს რაღაცებზე გასცეს პასუხი. აქ უკვე წერითი დავალებებიც ისეთია, წყენები, სირცხვილის გრძნობა, დანაშაულის გრძნობა, სირთულეები ოჯახის წევრებთან, რომ ამ ყველაფერზე მუშაობისთვის მზაობა გამოაცხადოს.

პოსტრეაბილიტაცია არის ადაპტაცია რესოციალიზაციის თვალსაზრისით. მათ აქვთ ინდივიდუალური პროგრამა, ჰყავთ პოსტრეაბილიტაციის ხელმძღვანელი, რომელიც მათთან ერთად ინდივიდუალურად გადის წერით დავალებებს, ლექციებს, სესიებს, აქვთ გასვლითი დღეები, მაგალითად, თეატრში, კაფეში, კინოში, რათა ადამიანმა ნახოს, რომ დროის კარგად გასატარებლად არცერთი ნივთიერება არ სჭირდება.

ხშირად ოჯახის წევრები, მეგობრები ცდილობენ, რომ ძალით მიიყვანონ ადამიანი სპეციალისტამდე, სარეაბილიტაციო ცენტრამდე… ასეთი ტიპის შემთხვევები თუ გქონიათ თქვენს სარეაბილიტაციო ცენტრში?

კი, მოსულან გარეგანი მოტივაციით. გარეგანი მოტივაცია არის, როცა მაგალითად, ცოლი ეუბნება, რომ გაშორდება, დედა ეუბნება, რომ სახლიდან წავა და ა.შ.

და ეს მუშაობს?

კი, თუ ადამიანს ეს გარეგანი მოტივაცია შინაგანში გადაუვა.

სიმართლე, რომ გითხრათ, მე საერთოდ არ მჯერა ძალით, იძულებით რეაბილიტაციის. როდესაც ადამიანი მოდის და ამბობს, რომ ცოლის ხათრით მოვიდა, მე ვაჩვენებ იმას, რომ კი, შეიძლება, ცოლმა გაუღვივა მოტივაცია, მაგრამ რეალურად, ეს თავადაც უნდოდა. გვჯერა, რომ ვინმე რამეს ძალით გაგვაკეთებინებს, თუ ჩვენ არ გვინდა?! იმის თქმა მინდა, რომ ნაწილობრივ მასაც უნდოდა, მაგრამ ცოლის, დედის ხათრით მოვიდა. როცა ადამიანი ახდენს პრობლემასთან იდენტიფიკაციას და ეს ყველაფერი შინაგან მოტივაციაში გადადის, ხვდება, რომ ის არც ცოლის, არც დედის, არავის გამო, არამედ თავისი თავის გამო უნდა იყოს იქ, რომ შეძლოს, იყოს ჯანსაღი, პროდუქტიული, იცხოვროს ბედნიერად და აი აქ იწყება უკვე ახალი, ძალიან საინტერესო პროცესი. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მოტივაცია აი ამ ცვლილების ყურებაა. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებას განვიცდი, რომ ვუყურებ როგორი მოდის ადამიანი, შინაგანად თუ გარეგნულად და ყოველდღიურად როგორ იცვლება მისი სახე, ნაკვთები, ქცევა, საუბარი, თვალები…  ადამიანი რეაბილიტაციის პროცესში 180 გრადუსით იცვლება.

მუშაობთ თუ არა დამოკიდებული ადამიანების ოჯახის წევრებთან, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მათთან?

ჩემთან მოსული ადამიანს ოჯახის წევრს სულ ვეუბნები, რომ ისიც ძალიან დაზიანებულია. ბუნებრივია, 10-20 წელი რომ მომხმარებელი არის ადამიანი, ზიანდება მისი ვიწრო სოციუმი, დედა, მამა, ცოლი, შვილი, მეგობარი. მათ სულ ვუხსნი, რომ პირველი ხაზის ახლობლები, ცოლი, დედა უნდა ჩაერთონ ამ პროცესში და ეს სერვისიც შედის ჩვენს შეთავაზებაში. როდესაც რეზიდენტი მოდის ჩვენთან, მისი ოჯახის წევრებს ვთავაზობთ, რომ იარონ ჩვენთან და ასე ვთქვათ, ისწავლონ თანაცხოვრება, დაინახონ თავისი მხარე, გააზიარონ თავისი ტკივილი, დაიცალონ, რადგან ზღაპარია, რომ მომხმარებელი რეაბილიტაციას გაივლის, გამოვა და ცისარტყელაზე ერთად ვირბენთ ყველა, რადგან ის ტყუილები, წყენები, ბრაზი, დანაშაულის, სირცხვილის გრძნობა არსად წავა.

მსოფლიო სტატისტიკა არის, რომ 70 % ჩავარდნა, რელაფსი ხდება დედასთან და მეუღლესთან ურთიერთობისას და ჩემი პირადი დაკვირვებით, 99 % ვარდება მაგ დროს.

ახლაც, გვყავდა რამდენიმე ბენეფიციარი, რომელთა დედებსაც ვეხვეწებოდი, რომ ევლოთ ჩვენთან, მაგრამ ამბობდნენ, რომ დრო არ აქვთ, მესმის, სამსახური და ა.შ. , მაგრამ მათ ვუხსნი, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დევს სასწორზე და კი ბატონო, თუ ერთი საათი არ გაქვთ, რომ სიცოცხლისთვის გამოყოთ, თქვენი არჩევანია. ასეთი ხისტი და უხეში ლაპარაკი იმიტომ მაქვს, რომ ეს ჩემთვის თამაში არ არის. ახლაც, რამდენიმე ხნის წინ, ჩვენთან მოსულმა ადამიანმა, რომელმაც თვითნებურად დატოვა ცენტრი და გააგრძელა „მე ვიცი“-ში ყოფნა, ზედოზირებით დაასრულა და არ არის ეს ჩემთვის მარტივი, ვიცი, რომ ადამიანი ყოველ დღე სიკვდილ-სიცოცხლის გზაზეა.

მართლაც არის თუ არა იმის იმედი, რომ თუ ადამიანი დიდი დახმარების მერე მოვა, გაივლის რეაბილიტაციას, ის გამოვა ამ მდგომარეობიდან? დამოკიდებულებიდან გამოსვლის შემდეგ თუ არსებობს კრიტიკული პერიოდი და რას უნდა მოერიდოს ადამიანი, რომ ძველ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს ისეთი დაავადებაა, რომ პროგნოზს ვერ გააკეთებ. კრიზისი სულ არის, პირველი სამი დღე, მერე, ყოველი თვის ბოლოს, მერე, ყოველ სამ თვეში ერთხელ, ყოველი წლის ბოლოს…

რაც შეეხება პირველ კითხვას, ჩვენთან მოსულ ადამიანს სულ ვეუბნები, რომ ის თუ მაქსიმალურად  გააკეთებს ყველაფერს, რასაც ვთავაზობთ, თუ თვალდახუჭული გვენდობა, ვპირდები, რომ იქნება ფხიზელი და ბედნიერი და მე ამას ვიძახი პრაქტიკით, ცოდნით და გამოცდილებით.

დამოკიდებული ადამიანის მთავარი პრობლემა არის „მე ვიცი“, „მე ვიცი, ასე ჯობია ჩემთვის“ და ა.შ. თუ იცი, რატომ მიხვედი იქ, სადაც მიხვედი, თუ ასე ყველაფერი იცოდი, რატომ მიიყვანე შენი ცხოვრება იქ, სადაც მიიყვანე…

რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, ვინც სრულ კურსს გაივლის ჩვენთან, მერე, სულ აქვს ჩვენთან კონტაქტი, მერე, ვამისამართებთ თვითდახმარების ჯგუფებზე, სადაც ჩვენ თვითონაც დავდივართ, იქ ვხვდებით ერთმანეთს, ზოგი მოხალისედ რჩება ჩვენთან, ზოგი მუშაობას იწყებს. შეიძლება კონტროლის მექანიზმი რაღაც ინსტრუმენტი არ არის, მაგრამ ეს ადამიანი სულ ჩვენთან არის. თუ ვინმე იკარგება ამ კონტაქტიდან და ამ კონკრეტული სოციუმიდან, ესე იგი, მოხმარებას დაუბრუნდა.

გამოჯანმრთელებაში მყოფი ადამიანი თავიდან იბადება… ამ ტკივილში, ამ განსაცდელში იბადება ახალი პიროვნება, რომელიც იმ თავის დადებით თვისებებს, რაც ჰქონდა, ახალ დადებით თვისებებს აწებებს და ჩნდება ახალი პიროვნება, რომელიც წინაზე ბევრად კარგი ვარიანტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები