პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმაურება BBC-ს საგამოძიებო მასალას, რომელშიც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.
ნინო წილოსანის სიტყვებით, „როგორც ჩანს, BBC -იმ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის“.
„თითქოს აღარაფერი უნდა გაგვკვირვებოდა მას მერე, რაც ტელეკომპანია BBC-მ დონალდ ტრამპის სიტყვები პირდაპირ ეთერში შეცვალა და გააყალბა, მაგრამ ეს ანტირეკორდიც თავად მოხსნეს – სრულიად გაუგებარი და უსტატუსო რადიკალების განცხადებებზე დაყრდნობით, რამდენიმე აცრემლებული დემონსტრანტის ჩვენებით და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე, ახლა ქართულ პოლიციას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
როგორც ჩანს, BBC-მ წარსულს ჩააბარა სტანდარტი, სადაც მინიმალური მტკიცებულება მაინც იყო საჭირო დანაშაულის დაბრალებისთვის.
პრინციპში, თეთრი სახლის ვებგვერდზე, უკვე ღიად, დეზინფორმატორების სიაშია ვხედავთ ამ ერთ დროს მაღალრეპუტაციულ მედია საშუალებას“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
