პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა.
მან არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულად და დამოკრატიულად ჩატარდა, რაც ასევე აღიარა მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დარღვევებთან დაკავშირებით მინიმალური რაოდენობის საჩივრები შევიდა და ეს საჩივრები ცესკო-ში მხოლოდ მას შემდეგ შეიტანეს, რაც პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში აშკარა უპირატესობა ჰქონდა.
მისი თქმით, კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთსა და იმავე ფაქტს ეხებოდა და ისინი სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო წარდგენილი:
„ამასთან დაკავშირებით, ცესკო-მ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი, არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელსაც შეეძლო უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, არ დაფიქსირებულა“. – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ვინმეს წარმოდგენაში, რაც უნდა ირონიულად და პარადოქსულად ჟღერდეს, ხელახალი გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა მმართველი პარტიის შედეგები და ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, ეს მხოლოდ ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირდებოდა.
მდინარაძემ Facebook-ზე ახლადშექმნილ გვერდზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს გვერდი – „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა.
„ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის, ივანე ბურდულის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა
„არაა გამორიცხული, რომ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ ახლო ურთიერთობაში არიან „ნაცმოძრაობასთან“, შესაძლოა, მათგან დავალებებსაც იღებდნენ, ფონის შესაქმნელად, იგივე გაიმეორონ. შესაძლოა ასეთი ბევრი არ იყოს, მაგრამ რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი, მათ ილუზიას უჩენს, რომ შექმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს, ქვეყანა ჩამოიშალა. საქართველოში არაფერი იმალება. ინფორმაციის გავრცელების ძალიან ბევრი წყარო არსებობს. Facebook-ზე უკვე დაიდო მისი და დიმიტრი შაშკინის ფოტოები. როგორც ჩანს, მისი პროტეჟე იყო. ისინი მეგობრობენ და მისი საქციელი ბუნებრივია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეუძლია მიაწოდოს ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს:
„ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არა საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღებაა, არამედ მათი მიზანია, არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, თავიანთი აზრით, ქმნიან საფუძველს რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის, რაც არ გამოუვათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ბოლოს კი მდინარაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ პოლიციელს, რომელიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდა და აღნიშნა, რომ რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს.