როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, იყო უსამართლო, შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის და საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის, – ამის შესახებ პროფესორი სიმონ ჯანაშია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. ჯანაშია თავის მოსაზრებებს რამდენიმე პუნქტად აქვეყნებს:
„როგორც გამოსაშვები, ისე მისაღები გამოცდების სისტემა, რომელიც აქამდე საქართველოში მოქმედებდა იყო:
ა) უსამართლო – დამატებით უპირატესობას აძლევდა იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპირატეს მდგომარეობაში იყვნენ იმით, რომ უკეთეს სკოლაში სწავლობდნენ, უფრო შეძლებული მშობლები ჰყავდათ და უფრო მდიდარ გარემოში იყვნენ დაბადებული.
ბ) საშინლად არახარჯთეფექტური – მრავალი მილიონი ლარი ყოველწლიურად იხარჯებოდა რეპეტიტორობაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს გადაელახათ ისეთი ბარიერი, რაც მათ განათლებასთან კავშირში არ იყო. დღემდე იხარჯება ფული კონკურსის მოწყობაზე იქ, სადაც კონკურსი არ არის (მაგ. 100 ადგილზე რომ 50 აბიტურიენტია იმ პროგრამებზეც სისტემა ცდილობს დაადგინოს, ვინ უკეთსად ჩააბარებს 4 გამოცდას)
გ) შემაფერხებელი სკოლების განვითარებისთვის – კარგ სკოლებს ფოკუსს უცვლიდა და მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილების ნაცვლად მოსწავლეები დაკავებული იყვნენ მხოლოდ იმის დასწავლით, რაც გამოცდაზე ბარდებოდა. მარტივი მაგალითი: ერთ პრესტიჟულ კერძო სკოლას ვთავაზობდი მუზეუმებში წავიყვან ბავშვებს და კლუბების დაარსებაში დავეხმარები-თქო და არა, გამოცდებისთვის ემზადებიან და ამისთვის დრო არ აქვთო.
დ) საზიანო უნივერსიტეტების განვითარებისთვის – აბიტურიენტები არჩევენ უნივერსიტეტებს, მაგრამ უნივერსიტეტები აბიტურიენტებს ვერ. ეს საშუალებას არ აძლევს უნივერსიტეტს, რომ შეიმუშავოს შედარებით რთული პროგრამა, რადგან არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ შესაბამისი კომპეტენციების მქონე აბიტურიენტებს მიიღებს. ასევე, უნივერსიტეტს არ აქვს შესაძლებლობა შეიმუშაოს საკუთარი პროგრამული პრიორიტეტები და შესაბამისი სტუდენტები შეარჩიოს.
ე) მიზნების შეუსაბამო – უზარმაზარი თანხა იხარჯება შემოწმების ბიუროკრატიაზე და ნაკლები განათლების მხარდაჭერაზე. ყოველწლიურად ბაკალავრიატში პირველკურსელების საგრანტო დაფინანსებაზე ნაკლები თანხაა გამოყოფილი, ვიდრე მაგ. გამოცდებისა და შეფასების ცენტრის ბიუჯეტია“, -წერს სიმონ ჯანაშია.
აქედან გამომდინარე, მისი აზრით, რაც ნაკლები ცენტრალიზებული გამოცდა იქნება, მით უფრო სამართლიანი, ხარჯთეფექტური, განვითარებადი სისტემის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. „ის ცვლილებები რაც მოხდა არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რაღაც გაუმჯობესდეს. საჭიროა განათლების ხარისხის მოთხოვნის ზრდის წახალისება. საჭიროა უფრო დიფერენცირებული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება. მნიშვნელოვანია სკოლებში პროგრამების მრავალფეროვნების წახალისება და ა.შ.“, – მიაჩნია სიმონ ჯანაშიას.