LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც იქნა, გავბედე და ჩემი ვერსია ჩავწერე: თამუნა ალადაშვილმა ხატვა დაიწყო

14
IMG-0170

რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „ღვინო, დუდუკი, ქალები“ მომღერალი თამუნა ალადაშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და პირდაპირ ეთერში რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

თამუნა, როდის შედგა თქვენი დებიუტი?

2007 წლიდან მთელი 12 წელი სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლ „გორდელაში“ ვმღეროდი, მერე კი, საკუთარ ნამუშევრებს მოვუყარე თავი, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერამ „გოგო, რომელსაც უყვარდა წვიმა“ მოიპოვა და სოლო კარიერა დავიწყე.

სიმღერამ მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

სოციალურ ქსელში ტარიელ ხარხელაურის ლექსი აღმოვაჩინე, ძალიან მომეწონა და სიმღერაც ბუნებრივად დაიწერა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ტარიელს არაჩვეულებრივი ლექსისთვის, სიმღერა კი, უამრავ ადამიანს დაეხმარა ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.

საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა თქვენთვის გასული თვები და განსაკუთრებით კარანტინის პერიოდი. თემატურად მსგავსი სიმღერის შექმნაზე ხომ არ გიფიქრიათ?

პირიქით, მაქსიმალურად გავურბოდი მსგავს თემებს, რადგან არ მინდოდა ისედაც დათრგუნული მსმენელის კიდევ უფრო დამძიმება. ჩავთვალე, რომ მონატრების თემა ბევრად აქტუალური და სასიამოვნო იქნებოდა, რადგან იმ პერიოდში ბევრ წყვილს მოუწია დაშორება. თვითიზოლაცია ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა, ამიტომ ვცდილობდი პოზიტიური განწყობა შემექმნა და თაყვანისმცემლისთვის იგივე განწყობა გადამეცა.

თქვენი სიმღერების შესრულების უფლებას ქართველებთან ერთად, უცხოელი მომღერლებიც ხშირად გთხოვენ მეზობელი ქვეყნებიდან…

რამდენიმე თვის წინ ერევნიდან დამიკავშირდნენ და ახალი სიმღერის „მე შენთან წვიმად მოვალ“ არანჟირება შემომთავაზეს. სიამოვნებით დავთანხმდი და შედეგითაც კმაყოფილი დავრჩი, რადგან სიმღერამ სრულიად განსხვავებული ჟღერადობა შეიძინა.

მუსიკალური კარიერის პარალელურად პედაგოგიური საქმიანობითაც ხართ დაკავებული?

საბავშვო ანსამბლს „თორდას“ ვხელმძღვანელობ, რითაც ძალიან ვამაყობ, რადგან მიმაჩნია, რომ ბავშვები არა მხოლოდ ქართულ სიმღერებს და ხალხურ საკრავებზე დაკვრას, არამედ სამშობლოს სიყვარულსაც სწავლობენ. ანსამბლს საკმაოდ მდიდარი რეპერტუარი აქვს, თუმცა ბავშვებს ყველაზე მეტად სიმღერა „ხმამაღლა ვიტყვი, რომ ქართველი ვარ“ მოსწონთ, რომელსაც ყოველთვის ასრულებენ რეგიონებში მოგზაურობისას.

მართალია, პანდემიამ ყველა აზარალა, მაგრამ მუსიკოსები განსაკუთრებით დაიჩაგრნენ. თქვენც ხომ არ მოგიწიათ გეგმების შეცვლა?

რამდენიმე კონცერტის გადადება მომიწია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და პოლონეთში, სადაც ლუკა მარგველაშვილთან ერთად ვგეგმავდი ინგლისურენოვანი საავტორო სიმღერის შესრულებას.

 

 

როგორც ვიცი, კარანტინის პერიოდში ფერწერაშიც მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები.

ყოველთვის მიყვარდა ხატვა, ახლა კი, სერიოზულად მოვკიდე ხელი. 25 ნამუშევარი შევქმენი, ჯერ სადარბაზო მოვხატე, მერე გამოფენა მოვაწყვე და მეზობლები გავახალისე.

რატომ გადაწყვიტეთ სიმღერის „მხატვარი“ თქვენეული ვერსიის ჩაწერა?

„მხატვარი“ ოთარ რამიშვილის სიმღერაა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს. როგორც იქნა, გავბედე და ჩემი ვერსია ჩავწერე. ვფიქრობ, ბატონი ოთარის შემოქმედება ჩვენი, ქართველების უზარმაზარი განძია, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება და დაფასება სჭირდება. კომპოზიციამ უკვე მოიპოვა პოპულარობა, რადგან მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა სოციალურ ქსელში. მადლობა მინდა გადავუხადო მიშა რამიშვილს, რომელმაც სიმღერის შესრულების უფლება მომცა და ზაზა გოჩიტაშვილს, რომელმაც მისი არანჟირება აიღო საკუთარ თავზე.

თამუნა ალადაშვილი – მხატვარი

გადაცემის სრული ჩანაწერი:

 

 

 

 

თამუნა ალადაშვილი – თუთის ხესთან

თამუნა ალადაშვილი – მაგ თვალებს

თამუნა ალადაშვილი . გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები