ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ოპერის თეატრში, სადაც მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ქალაქის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები უნდა გაეცნოთ, მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.
ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან შეხვედრა არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ისურვა:
“ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული.
იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვერა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით.” – წერს ბურჭულაძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძემ გუშინ ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის მხარდასაჭერად ქუთაისში ჩავიდა. “ქუთაისში ცვლილებებისთვის ძალიან კარგი ატმოსფეროა, მთელი ქუთაისი ელოდება 30 ოქტომბერს, წარმატება გარდაუვალია.” – წერდა ბურჭულაძე.