LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც კი გაგიღიმებდა, შენ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე… არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და შენი მთის კაცობა ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ, დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა“ – ირაკლი კუციას ემოციური მიმართვა ნიკოლოზ ფალიანს

229
ნიკოლოზ ფალიანი

22 მაისს უშბის მთაზე მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა – უშბაზე ექსპედიციის დროს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ცნობილი მთამსვლელი და სამთო გიდი, 29 წლის ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა.

„მთელ ქვეყანას დააკლდება ნიკო ფალიანი, მაგრამ ღმერთო, მესტიას, მესტიას როგორ დააკლდება!“ – სოფიო ბერიძე უშბაზე ექსპედიციის დროს ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელსა და სამთო გიდზე

ნიკოლოზ ფალიანი 27 მაისს დაკრძალეს. მისი მეგობრები და კოლეგები ნიკოლოზის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში უამრავ ემოციურ ამბავს იხსენებენ და მასთან დაკავშირებულ მოგონებებზე წერენ.

სამთო გიდი შაკო მარგიანი ტრაგიკულად დაღუპულ მთამსვლელ ნიკოლოზ ფალიანზე: „პირველი გასეირნება ბანგურიანი იყო! ბოლო უშბა! არ აპირებდი ფრენას! შენ აქ უნდა იყო!“

ნიკოლოზ ფალიანის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს საქართველოს გიდების ასოციაციის და გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი, ირაკლი კუცია და მასთან პირველად შეხვედრას იხსენებს.

„ნიკოს სახელი ბევრად ადრე მოვიდა ჩემთან, ვიდრე უშუალოდ ნიკო გავიცანი.. ის იყო ვარსკვლავი თავის სფეროში, სახელმოხვეჭილი სამთო და ალპური გიდი, ყველას მიერ აღიარებული და პატივცემული, როგორც მესტიის და მთლიანად სვანეთის საუკეთესო სანდო გამყოლი, საერთაშორისო სერტიფიცირებით და რეგალიებით. მაგრამ პირადად შეხვედრა ამ ახალგაზრდა დამსახურებულ სამთო „სტარ“-თან იყო მაინც დაუვიწყარი. შეუძლებელი იყო არ მონუსხულიყავი მისი განუმეორებელი სულიერი ძალით, რომელიც გამოსჭვიოდა მის თვალებში, მის თითოეულ მოძრაობაში, მაშინაც კი როცა ხუმრობდა და ოხუნჯობდა.. და როგორ უხდებოდა ასეთი ხასიათი მის ვიზუალს, ერთი შეხედვით პირქუში გრძელწვერებიანი, კოხტად გაკრეჭილი და ყოველთვის მოწესრიგებული, მთამსვლელურად ფერად sport-casual სამოსში. მაგრამ როგორც კი გაგიღიმებდა იმ წამსვე მისი ეს პირველი შეხედვით სიპირქუშე ქარწყლდებოდა სრულიად, იფანტებოდა უშბას გარშემო შეკრებილი ღრუბლებივით და შენს წინაშე იყო ადამიანი, რომელიც ანათებდა, როგორც მზე და მის გარშემო მუდამ დარი იდგა…

ავსტრიაში სამთო ტურიზმის ავსტრიული მოდელის გაცნობით შეხვედრებზე, რომლის ფარგლებში შევხვდით ბევრ საინტერესო ადამიანს და ორგანიზაციას, როგორ ყურადღებით და შთაგონებით აკვირდებოდა ყველაფერს და ფიქრობდა ამ გამოცდილებების საქართველოში, სვანეთში გადმოტანას. ალპური ასოციაციის (Alpenverein) სათავო ოფისში შეხვედრის მერე ავტობუსში გამოგვიტყდა, ასეთი ასოციაციის გაკეთება მინდა საქართველოშიო. დიდი გეგმები და მასშტაბური ფიქრები ჰქონდა ყოველთვის. სამხრეთ ტიროლში (იტალია) მდებარე რუდოლფ მესნერის მუზეუმში (რომელიც ძველ ციხე-სიმაგრეშია გაკეთებული), როგორ გულდასმით მოიარა ყველა კოშკი და ყველა საკანი, სანამ ბოლოს იმ კოშკს და ოთახს არ მიაგნო, სადაც კედელზე მიხეილ ხერგიანის საშუალო ზომის შავ-თეთრი ფოტო იყო გამოფენილი მთებში დაღუპული სხვა უამრავი მთამსვლელის ფოტოსთან ერთად. რაღაცნაირი სიამაყით და მოწიწებით გადაიღო ფოტო ამ ფოტოებით გადავსებული კედლის წინ. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში თვითონაც ამ საღვთო დასს შეუერთდებოდა.

მისი ბოლო სმს ჩემს დაბადების დღეზე მივიღე შარშან, დეკემბერში. შუა ბრძოლებში ვიყავით მაშინ, რუსთაველზე ვიდექით ლამის ყოველ დღე. „გილოცავო და ისეთ საქართველოში გისურვებ ცხოვრებას, რომლისთვისაც ვიბრძვითო“. ამ პოსტს ჩვენი ერთი კარგი მეგობრის და სვანეთის დიდი ქომაგის რიჩარდ ბერუგის სიტყვებით დავასრულებ, პერიფრაზია, მაგრამ აზრი ეს არის, რომ მისი ხსოვნის ყველაზე დიდი პატივისცემა იქნება, რომ შევეცადოთ მისი საუკეთესო თვისებების განვითარებას ჩვენში და გავამრავლოთ ნიკოს მუხტი პროფესიონალიზმით, პატრიოტიზმით მთელს სვანეთში და საქართველოში.

ვერ გემშვიდობები ნიკო, იმიტომ რომ ნამეტანი ძვირფასი ხარ ჩვენთვის შენ და ის, რასაც შენ წარმოადგენ, რომ დასამშვიდობებლად გავიმეტოთ. არ გემშვიდობებით, რადგან შენი საქმე, სიყვარული და სული, შენი მთის კაცობა, შენეული სიყვარული სვანეთის, მთის და მთლიანად საქართველოსი, ლამპრად უნდა ავინთოთ და წინ გავიმძღვაროთ.

მადლობა ნიკო. მადლობა, რომ ხარ, მადლობა, რომ იყავი და მადლობა, რომ იქნები! დაე არასდროს დაფაროს შენი ნაკვალევი თოვლმა და ის მუდმივად ახალი ნაბიჯებით იყოს გატკეპნილი და განმტკიცებული. დაე იმ საქართველოდან გაგეხაროს ამ საქართველოს და თავისუფლების გამარჯვებით, როგორც ნატრობდი!“, – წერს ირაკლი კუცია სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ფალიანს ცნობილმა პოეტმა ემოციური ლექსი მიუძღვნა: „გულში ჩაიკრავს სვანეთი მთაკაც, ცრემლად იწვეთებს თეთნულდი, უშბა…“

ნიკოს სახელი ბევრად ადრე მოვიდა ჩემთან, ვიდრე უშუალოდ ნიკო გავიცანი.. ის იყო ვარსკვლავი თავის სფეროში, სახელმოხვეჭილი…

Posted by Irakli Rio Kutsia on ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025

„არ ვიცი როგორ გავბედე ამ ვიდეოს გაკეთება…“ – ნიკო ფალიანს დამ ემოციური პოსტი და ვიდეო მიუძღვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g