LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“ – ირაკლი კობახიძე ირანში ვიზიტსა და გამოხმაურებებზე

181
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტსა და ამ ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ არაერთგვაროვან შეფასებებს ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

კითხვაზე – შეუქმნა თუ არა უხერხულობა ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნამ, როდესაც ახალმა ლიდერმა ფიცი დადო შეძახილების ფონზე: „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“.

„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო ესწრებოდა. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, იქ შემადგენლობა წარმომადგენლობითი იყო.

რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის, აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი…

იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი, რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას, როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა, მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან, მაგალითად, სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ისმოდა შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g