„პროცესი ვერანაირად ვერ შეფერხდება. როგორც საია ისე პრეზიდენტი როგორც ჩანს ძალიან არაკომპეტენტურები არიან და არ შეუძლიათ საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვნად წაკითხვა და ადეკვატურად გაგება“, – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა.
სეფაშვილი გადაცემაში „დღის თემა“ საიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში. დეპუტატი განმარტავს, რომ ანტიჩიხური მექანიზმი კონსტიტუციაში გათვალისწინებულია.
„თვითონ კონსტიტუციაშივეა გათვალისწინებული ანტიჩიხური მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას 10 დღის ვადაში, პარლამენტი თვითონ მოიწვევს სხდომას და თვითონვე ჩაატარებს. ეს ადასტურების იმას რომ პირველი, პრეზიდენტი თავის ჩვეულ ამპლუაშია და ისევ და ისევ არღვევს კონსტიტუციას. როგორც ჩანს ძალიან მოსწონს კონსტიტუციის დარღვევის პროცესი და მეორე, როგორც ჩანს გარე აქტორებისათვის ცდილობენ სურათის ჩვენებას, რომ ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი. გარე დამკვირვებლისათვის ალბათ ძნელი გასაგებია როგორ შეიძლება სარჩელი შეიტანო ისეთ საკითხზე და ისეთი ნორმა გამოიყენო, რომელიც არ არსებობს კონსტიტუციაში“,- განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. საქმე დასათაურებულია როგორც საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
დღესვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას. დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.
ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას. შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას. ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში“, – წერს საია.