„მედიაზონა“ იმ პირების სიას აქვეყნებს, რომლებზეც რუსეთმა ძებნა გამოაცხადა.
ირკვევა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში საქართველოს მოქალაქეებიც შეყვანილი ჰყავს.
მათ შორის არიან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ წევრები, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.
„როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს“, – წერს სოციალურ ქსელში ალეკო ელისაშვილი და ამბობს, რომ ამ ამბავმა „ხასიათზე მოიყვანა“:
„სიმართლე გითხრათ, უხასიათოდ ვიყავი, ადრე იტყოდნენ, უქეიფოდ გახლდით და ეგ ამბავი რომ გავიგე, ხასიათზე მოვედი.
როგორი ამბავია, ამოდენა მტერი რომ დაგაფასებს და პატივს დაგდებს და სახელმწიფოს მტრად გამოგაცხადებს, არ არის პატარა საქმე, ძალიანაც გამიხარდა და ხასიათზე მომიყვანა.
თან რომ ჩავხედე იმ ჩამონათვალს, პირველ ადგილზე ვართ ქართველები, ყველაზე მეტს ჩვენ გვეძებენ რუსები.
ძირითადად საუბარია მათზე, ვინც უკრაინაშია, ან ვინც უკრაინაში იყო. მადლობა რუსეთს ჩემი აღიარებისთვის“. – წერს „ფეისბუკზე“ ალეკო ელისაშვილი.
აღნიშნულს ეხმაურება „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელი, დავით ქაცარავაც:
„მეძებენ რუსები თურმე ზდეს ია, ზდეს“. – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, „მედიაზონა”ასევე წერს, რომ ძებნილთა სიაში საქართველოს 100 მოქალაქეა შეყვანილი.
რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასიც, თუმცა რაიმე კონკრეტული ბრალდება, მითითებული არ არის. ძებნა გამოცხადდა ესტონეთის სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზეც.