LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნებოდა ძველი მსოფლიოს 7 საოცრება დღეს?

1504
Untitled design

 საოცარი არქიტექტურის, გამაოგნებელი ზომებისა და დიზაინის წყალობით  ხეოფსის პირამიდა, სემირამიდას დაკიდული ბაღები, ფიდიასის შექმნილი ზევსის ქანდაკება, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არტემიდას ტაძარი, ალექსანდრიის შუქურა და როდოსის კოლოსი ძველი მსოფლიოს საოცრებებად იყო მიჩნეული. როგორი იყო ისინი და რა არის მათგან შემორჩენილი? როგორი იქნებოდა ისინი დღეს?

ხეოფსის პირამიდა

„ყველაფერს დედამიწაზე ეშინია დროის, ხოლო დროს ეშინია პირამიდების.“ ფარაონ ხეოფსისათვის დაახლოებით 4500 წლის წინ აგებული პირამიდა ერთადერთია ძველი მსოფლიოს საოცრებათაგან, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. გიგანტურმა პირამიდამ საუკუნეების ქარტეხილებს გაუძლო და დღესაც ამაყად დგას, თუმცა მისი იერ-სახე მაინც შეიცვალა. ხეოფსის პირამიდა მარმარილოს თეთრი ფილებით იყო მოპირკეთებული, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი დაკარგა და შესაბამისად, თეთრ ფერსაც დაემშვიდობა.

 

როდოსის კოლოსი

მზის ღმერთის, ჰელიოსის ქანდაკება ძველ ბერძნულ  კუნძულ როდოსზე იდგა. იგი კუნძულის მფარველად მიიჩნეოდა. ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-3 საუკუნეში აღმართეს, მისი სიმაღლე 37 მეტრს აღწევდა, თუმცა ძვ.წ.აღ-ით 227 წელს როდოსის კოლოსი მიწისძვრამ გაანადგურა. მისი მცირე ნაწილიც კი არ არის შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ თავისუფალი ქალაქის, ბრაავოსის სიმბოლო, უზარმაზარი ქანდაკება სწორედ როდოსის კოლოსითაა შთაგონებული.

სემირამიდას ბაღები

ბაბილონის ლეგენდარული კიდული ბაღები ერთადერთია ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან, რომლის ზუსტი ადგილმდებარეობაც დღემდე უცნობია. დაზუსტებული არ არის ნაგებობის არსებობის ფაქტიც კი. ანტიკური წყაროების თანახმად, კიდული ბაღები ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორ II-მ თავის მეუღლეს, დედოფალ ამიტას აუშენა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული იყო მცდარი შეხედულება იმის შესახებ, რომ ბაღების გაშენება ასურეთის ლეგენდარულ დედოფალს, სემირამიდას უკავშირდება. სწორედ ამიტომ მას დღემდეც „სემირამიდას ბაღებად“ მოიხსენიებენ.

ზევსის ქანდაკება

ლეგენდარული ბერძენი მოქანდაკის, ფიდიასის ყველაზე ცნობილი ქმნილება ძველბერძნულ ქალაქ ოლიმპიაში მდებარეობდა. 13 მეტრის სიმაღლის ძეგლი ხისა და მარმარილოსგან იყო დამზადებული. მოპირკეთებული იყო ოქროთი და სპილოს ძვლით. ძველი მსოფლიოს საოცრება მე-5 საუკუნეში ხანძარს ემსხვეპლა. მისგან მხოლოდ ოქროს და სპილოს ძვლის ფრაგმენტები შემორჩა.

ალექსანდრიის შუქურა

ძველი მსოფლიოს კიდევ ერთი საოცრება ქალაქ ალექსანდრიაში პტოლემაიდების დინასტიის მმართველობისას, უფრო კონკრეტულად კი პტოლემეოს მეორის დროს აიგო. შუქურა 100 მეტრი სიმაღლის გახლდათ და საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი შენობის სტატუსს. ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს საოცრებათაგან რიგით მესამეა, რომელიც ყველაზე დიდხანს არსებობდა. საბოლოოდ იგი მე-14 საუკუნის დასაწყისში მიწისძვრამ შეიწირა.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში აგებული ჰალიკარნასის მავზოლეუმი კარიის მეფე მავსოლეს აკლდამა იყო, რომლემაც გადაწყვიტა აეგო ისეთი განსასვენებელი, როგორიც იქამდე არცერთ მოკვდავს არ ღირსებია. ნაგებობის მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მეფე მის დასრულებას ვერ მოესწრო. ქანდაკებისა და არქიტექტურის შედევრი მე-14 საუკუნემდე არსებობდა. იგი მიწისძვრამ გაანადგურა.

არტემიდას ტაძარი

ანტიკური საბერძნეთის ქალაქ ეფესოში მდებარე უზარმაზარი ნაგებობა ქალღმერთ არტემიდას პატივსაცემად  დაახლოებით ძვ. წ. 550 წელს ააგეს. საინტერესოა, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ტაძარი ჰეროსტრატემ გადაწვა. მას ამ გზით ისტორიაში სამუდამოდ შესვლა სურდა და მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელის ხსენება რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში სიკვდილით ისჯებოდა, მაინც მიაღწია თავისას. დღესდღეობით არტემიდას ტაძრის ნანგრევები თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ტაძრისაგან მხოლოდ რამოდენიმე სვეტია შემორჩენილი.

mazda magti 5g