მზიკო აზრუმელაშვილი, „სალონი 58“-ის მანიკურის სპეციალისტი, გვიზიარებს რჩევებს ფრჩხილის მოვლასთან და მოდურ ტენდენციებთან დაკავშირებით.
როგორი ფრჩხილის ფორმაა მოდური წელს და რა სიგრძე?
უფრო მეტ შემთხვევაში, ჩვენი მომხმარებელი ანიჭებს უპირატესობას ოთხკუთხედ ფორმას, არა მკაცრს, არამედ გვერდებზე მომრგვალებულს. მოდურია ასევე ნუშისებური ფორმა, შეუმჩნევლად ოვალური.
რაც შეეხება სიგრძეს, ყველა წუხდა, რომ ფრჩხილი არ ეზრდებოდათ. ახლა ეს წუხილი გაქრა. კანს ოდნავ აცილებული ფრჩხილის სიგრძეა აქტუალური.
ყველაზე მეტად ითხოვენ ფრენჩს, რძისფერითა და ვარდისფერით, მაგრამ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ ზაფხულობით სხვადასხვა ფერსაც ისვამენ, მაგალითად, სტაფილოსფერს, ლურჯს, იასამნისფერს, ვერცხლისფერს, ოქროსფერს. წითელი და ალუბლისფერი ყოველთვის მოდური იყო. ასევე მოდაში შემოვიდა შავი ფრენჩი, უფრო კლასიკური, დახვეწილი და თვალში საცემია. შავი ფერიც მოთხოვნადია, რომელიც მოკლე ფრჩხილსაც უხდება.
ხშირად მოდიან ფოტოებით, ასეთი მანიკურის გაკეთება გვინდაო. არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.
არსებობს სამი დე ლაკებიც, რომლებიც ფრჩხილზე წასმის შემდეგ შიგნიდან ანათებს და ძალიან ლამაზია.
ლაკის წასმამდე რა აუცილებელი პროცედურებია საჭირო?
ლაკის წასმამდე ფრჩხილს უნდა წავუსვათ მკვებავი ზეთი, რითაც ზედაპირი დაცულია. შემდეგ ისმევა ფრჩხილის დამცავი ლაკი. ეს აუცილებელია. ცალკე არის მსხვრევადი, მშრალი ფრჩხილისთვის. ფერის წასმის შემდეგ ზედაპირზე ვუსვამთ საშრობს ან ბზინვარების მიმცემ ლაკებს. ეს უკანასკნელი სხვივს აძლევს მანიკიურს.
პარაფინის პროცედურის შესახებაც მოგვიყევით…
პარაფინის ცვილი, ფაქტობრივად, მთლიანად კვებავს კანს. ფრჩხილისთვისაც კარგია, მაგრამ კანისთვის საუკეთესო. ის ინარჩუნებს სინოტივეს დიდი ხნის განმავლობაში. ის კეთდება ფეხებზეც და ხელებზეც. 20 წუთი მიაქვს ამ პროცედურას და ზამთარში, როცა კანი გამომშრალია, განსაკუთრებული ეფექტი აქვს.
პედიკურის კეთებისას, ალბათ, ხშირად ხვდებით ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემას…
მანიკურისგან განსხვავებით, პედიკური კიდევ უფრო სათუთად კეთდება. ხშირად აწუხებთ ფრჩხილის ჩაბრუნება. ეს თავად კლიენტზე არ არის დამოკიდებული, უბრალოდ, ფრჩხილის ფორმაა, როცა ის იწევს კანიდან ცოტა ქვემოთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმტკივნეულოდ ჩაიაროს. სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც იწვალებს ადამიანი. დახურულ ფეხსაცმელზე გადასვლისას ეს პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს. როცა ჩაბრუნებაა, მის გარშემო კანთან დიდი სიფრთხილით ვმუშაობთ. პედიკურზე, რასაკვირველია, უფრო მეტი დრო მიდის.
არსებობს მშრალი მანიკურის ფენომენიც.
ეს არის მანიკურის იარაღის გარეშე გაკეთება. ნუნებს არ ვჭრით, აპარატს აქვს რამდენიმე თავი, იმის მიხედვით, რა ადგილის დამუშავება მოგვიწევს, ნუნების დროს სხვა თავს ვიყენებთ, ზოლებიანი ფრჩხილის შემთხვევაში – სხვა და ა.შ. როცა ღრმად არ იკეთებენ მანიკურს, ამ შემთხვევაში ფრჩხილის გასუფთავება აპარატითაა შესაძლებელი. პედიკურისას ამ აპარატს ნაკლებად იყენებენ.
როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჯანსაღი ფრჩხილები?
ყურადღება უნდა მივაქციოთ ფრჩხილის სიგრძეს. თუკი დრეკადი და რბილი ფრჩხილი გაქვთ, აუცილებლად მოგტყდებათ, ან ოდნავ უნდა დაიმოკლოთ ან გვერდები კარგად დაიმუშავოთ, რომ არ მოტყდეს. აუცილებელია კანის მიხედვაც, პარაფინის აბაზანებითა თუ სკრაბის პროცედურებით. მანიკური მხოლოდ ფრჩხილის გაკეთებით არ შემოიფარგლება…
ნინო მურღულია
