როგორი რეაბილიტაცია სჭირდება თამაშდამოკიდებულ ადამიანს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ გეშტალტთერაპევტმა ნინო მინდორაშვილმა ისაუბრა.
რა არის თამაშდამოკიდებულება?
თამაშდამოკიდებულება – ლუდომანია არის მანიაკალური აკვიატება, განმეორებითი ქცევა, რომელსაც ადამიანი ვეღარ აკონტროლებს. იგი უკვე იქცევა ქრონიკულ, ქცევითად დაფიქსირებულ დაავადებად. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ამ ქცევის ძირი ხშირად ტკივილიან, დაუმუშავებელ ფსიქოტრავმაშია – ბავშვობაში, როცა მშობლებთან არ ჩამოყალიბდა უსაფრთხო ემოციური კავშირი. ასეთ გარემოში ყალიბდება სიცარიელე, შფოთვა და დაბალი თვითშეფასება.
ამ პირობებში ადამიანი ცდილობს იპოვოს გადარჩენის სტრატეგია, და როცა სიტყვებით ვერ გამოხატა საკუთარი შინაგანი სამყარო, ქცევა გახდა მისი ენა – თამაში გახდა მისი თავის გადარჩენის ფორმა.
როგორ იწყება ეს დამოკიდებულება?
თამაშდამოკიდებულება იწყება შიდა დაძაბულობით – სიცარიელით, ტკივილით, გაუცნობიერებელი ემოციებით.
ერთხელ განცდილი დოფამინის მექანიზმი – სიამოვნება, აღგზნება – იქცევა გამეორებად მოთხოვნილებად.
მაგრამ ადამიანი არ ხდება დამოკიდებული თამაშზე – ის ხდება დამოკიდებული დოფამინზე, იმ სწრაფ განცდაზე, რომელიც დროებით „აყუჩებს“ იმ განცდებს, რაც შიგნით აწუხებს. ეს ხდება არაცნობიერად. ციკლი იკვრება:
და ასე – თავიდან…
მიუხედავად დანაშაულის განცდისა, დანაკარგისა, იზოლაციისა და ზოგჯერ სუიციდური სურვილებისაც კი, ადამიანი ვერ წყვეტს. არის შემთხვევები, როდესაც გენეტიკური წინაპირობაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს – როდესაც ოჯახში დამოკიდებული ადამიანი გვხვდება, შესაძლოა წარმოიშვას შაბლონი და დამკვიდრდეს ფსიქოლოგიური მექანიზმი: „ესეც ჩვენი გზაა გადარჩენის“.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას შეუძლია განუვითარდეს დამოკიდებულება, გადამწყვეტია, აკონტროლებს თუ არა ის ჩვენს ცხოვრებას, მართავს თუ არა ჩვენს ქცევას, განგვაცდევინებს თუ არა კრახს.
რა გავლენა აქვს ოჯახს?
დამოკიდებული ადამიანი არ არის ერთადერთი დაზარალებული – მთელი ოჯახი ხდება სისტემურად დაავადებული.
ოჯახის წევრები ცდილობენ გადაარჩინონ – აკონტროლებენ, ემუქრებიან, მალავენ მის ქცევებს სხვებისგან, ზოგჯერ თავადაც უარყოფენ პრობლემის არსებობას.
შვილები იზრდებიან დაუცველობით, ემოციურ გაურკვევლობაში.
მეუღლე ხშირად კარგავს საკუთარი მნიშვნელობის განცდას და თანდათან ხდება თანადამოკიდებული – მისი ცხოვრების ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშის ქცევაზე.
გეშტალტური თვალსაზრისით, თამაშდამოკიდებული ადამიანი ცდილობს დაუსრულებელი გეშტალტების – ძველი, დაუმთავრებელი ემოციური სცენების დასრულებას.
შინაგანი ტრავმა არის სცენის რეჟისორი…
ეს სცენები მისთვის გაუცნობიერებელია, მაგრამ მძაფრად მოქმედებს:
და ეს ყველაფერი გადადის თამაშში – იმ ადგილას, სადაც თითქოს საკუთარ ბედს მართავს, სადაც იგრძნობა გამარჯვება, აღიარება, ძლიერება… თუმცა ეს ილუზია მალევე იფანტება.
დამოკიდებული ადამიანი ცდილობს დაბრუნდეს იმ განცდასთან, სადაც თავი ცოცხლად იგრძნო – მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, მით უფრო შორდება რეალობას.
როგორია გზა გამოჯანმრთელებისკენ?
წარმოიდგინე, რამდენ ენერგიას ხარჯავს ადამიანი არაჯანსაღ გზაზე თავის გადარჩენაში – იმის მაგივრად ეს ენერგია, გამოჯანმრთელებასა და სიცოცხლის დაბრუნებას მოახმაროს…
გადამწყვეტი მომენტი მოდის მაშინ, როცა ადამიანი ამბობს: „მჭირდება დახმარება“ და აღიარებს, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გზა დასრულდა – ეს მხოლოდ საწყისია.
ლუდომანია – თამაშდამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება, რომელიც საჭიროებს სწავლებას, როგორ მართო ის მთელი ცხოვრების განმავლობაში.
გეშტალტთერაპია ეხმარება – დაუბრუნოს ადამიანს კონტაქტი საკუთარ ემოციებთან, ტკივილებთან, და იმ შიგნით დარჩენილ დაუმთავრებელ ამბებთან, რომლებიც თამაშით ავსებდა.
შეიძლება წარსული ვერ შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მომავალი შევცვალოთ.
ბავშვობაში დაწყებული ის ემოციური დაძაბულობა, რასაც ახლა თამაში „უხსნის“, შეიძლებოდა თავიდანვე შეგვენარჩუნებინა უსაფრთხო კავშირით, უპირობო სიყვარულით, ემოციური მხარდაჭერით.
ბედნიერი ბავშვი არასდროს დაიწყებს ბედნიერების ძიებას არაჯანსაღ დამოკიდებულებაში.
ფული ვერ ავსებს იმ სიცარიელეს, სადაც ბავშვმა ვერ იგრძნო საკუთარი მნიშვნელობა.
ამიტომ აუცილებელია, რომ დღეს, როგორც მშობლები, თერაპევტები, მეგობრები, ვასწავლოთ სხვებს – და საკუთარ თავსაც – რომ ჯანმრთელი კავშირი რა რიგ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საყვარელი ადამიანებისთვის…
დამოკიდებულება იბადება იქ ,სადაც კავშირი დაიკარგა – საკუთარ თავთან, სხეულთან, ახლობლებთან და როგორც თერაპევტი არ ვებრძვით თამაშს, არამედ ვეხმარებით აღიდგინოს ეს კონტაქტი საკუთარ თავთან და დაიწყოს სრულფასოვანი გზა რეალურ სამყაროში.