ქართველი რეჟისორი, ნინო ბასილია რადიო “ფორტუნას” ესტუმრა და საკუთარი ახალი ფილმის, “ანას ცხოვრების” შესახებ და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ნინო ბასილიას მოწვევა მოუვიდა ავსტრალიის Asia Pasific Film Festival-ზე კონკურსში მონაწილეობაზე. APSA მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ფესტივალია და ნოემბრის ბოლოს გაიმართება.
ფილმის 2016 წლის საფესტივალო ცხოვრება ასეთია: სტამბოლის, კოტბუსის და საფრანგეთის “არასის” ფესტივალები. მოგვიანებით “ანას ცხოვრებას” თბილისის საერთაშორისო ფესტივალზეც აჩვენებენ და ამის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ფილმი კინოთეატრებში იხილოს.
მთავარ როლში ეკა დემეტრაძეს ვიხილავთ, რომელიც აუტისტი ბავშვის მშობლის ამპლუაში გვევლინება და ენერგიას არ იშურებს, გააუმჯობესოს საკუთარი თავისა და შვილის ცხოვრება, თუმცა დაკარგავს ყველაფერს და ფილმის განმავლობაში შეეცდება დაიბრუნოს ის, რაც მას ეკუთვნოდა.
ფილმში მონაწილეობენ ლილი ოყროშიძე, ლაშა მურჯიკნელი, ლამზირა ჩხეიძე, სხვები.
ნინო ბასილია ასევე ბერლინში გამგზავრებას აპირებს ახალი პროექტით “ბავშვი”, რომელიც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს წარმოადგენს და ტრილოგიის მეორე ნაწილია.
“უფრო მეტად პროდიუსინგია ჩართული, ვიდრე შემოქმედებითი პროცესი, თუმცა მასტერკლასები ძალიან ძლიერ “სქრიფთ დოქტორებთან” მექნება და ბევრ რჩევასაც მომცემენ”, – აღნიშნა ბასილიამ.