რეტიროს პარკი – უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მადრიდი შემდგარ ქალაქად მოვიხსენიოთ. მსგავსი ადგილით – დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, სავარჯიშოდ, შვილების წასაყვანად, სიბერეში სასეირნოდ, უბრალოდ სილამაზის სანახავად – ნებისმიერი ქალაქი იამაყებს.
ბუენ რეტიროს პარკი (Buen Retiro Park – Jardines del Buen Retiro) განსაკუთრებით დატვირთული შაბათ-კვირასაა, როდესაც ტურისტებს ადგილობრივებიც აქტიურად უერთდებიან და ყველა თავისებურად ცდილობს დრო სასიამოვნოდ გაატაროს. ახალგაზრდა წყვილებს მდელოზე განმარტოება ურჩევნიათ (საჯარო ამბორი ჩვეულებრივი ამბავია), ტურისტები ნავით სეირნობას ამჯობინებენ, ადგილობრივი ბავშვები და მოზარდები კი ქირაობენ ველოსიპედებს, პატარა მანქანებს, სხვადასხვა სახის გასართობს და ისე ეჯიბრებიან ერთმანეთს.
საერთო სურათი კი ასეთია: აი ეს არის ცხოვრება და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება – ასაკს და სოციალურ მდგომარეობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესი და ღიმილი – აი ევროპული მენტალიტეტის სავიზიტო ბარათი.
მადრიდის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა რეტიროს პარკი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია და 120 ჰექტარი უკავია. თავდაპირველად სამეფო კარის გართობის, მეჯლისების და თეატრალური წარმოდგენებისთვის იყო განკუთვნილი. ბაღი საგრძნობლად დაზიანდა ნაპოლეონთან ომის დროს. თავად სასახლე დაანგრიეს. პარკი ფერდინანდ მეშვიდეს დროს აღადგინეს, ხოლო 1887 წელს საერთაშორისო გამოფენესთვის ორი სასახლე ააგეს – აგურის და ბროლის (ეს ადგილი თავისი პატარა ტბით განსაკუთრებით ლამაზია).
რეტიროს უზარმაზარ პარკში მოწყობილია სხვადასხვა გზა, ხეივანი, რამდენიმე შადრევანი (მათ შორის დაცემული ანგელოზის), დგას უნიკალური თაბაშირის ქანდაკებები, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია დეკორატიული ნაწილი, მოწყობილია ღია კაფეები, ქუჩის მუსიკოსები დიდებულად ასრულებენ ძირითადად ესპანურ და ფრანგულ მელოდიებს. რადგან სიტყვამ მოიტანა, ბარემ გეტყვით, რომ ქუჩაში დაკვრა სპონტანურად როდი ხდება: ყველა მუსიკოსს ქალაქის მერია აძლევს შესაბამის ნებართვას მკაცრი კონკურსის გავლის შემდეგ და სწორედ მუნიციპალიტეტში წყვეტენ ვინ სად, რომელ ქუჩაზე უნდა დაუკრას. ამიტომაც არის, რომ მადრიდის ქუჩის მუსიკოსების მოსმენა ერთ კარგ კონცერტს უტოლდება.
რეტიროს პარკს რამდენიმე შესასვლელი აქვს და შესაბამისად პარკში მოხვედრა სხვადასხვა მხრიდან მარტივად არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ უამრავი ავტობუსი გაივლის ამა თუ იმ შესასვლელს (№ 1, 2, 9, 15, 19, 20, 51, 52, 74, 146 და 202). ამას დაუმატეთ ახლომდებარე სამი მეტროსადგური (Retiro, Ibiza და Atocha) და რეტიროში მოხვედრა პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, პრობლემა იქიდან წამოსვლა და აქაურ რეალობაში დაბრუნებაა.
მოკლედ, ეს ულამაზესი ადგილი ღირსეულად მიიჩნევა მადრიდის მკვიდრთა საყვარელ ადგილად.