LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი უნდა იყოს სპორტული მაღაზია – ექსკლუზივი მადრიდიდან

103

მადრიდს საამაყო ბევრი რამ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ეს ქალაქი „რეალთან“ ასოცირდება და თუ ესპანეთის დედაქალაქში მოხვდებით, ამას მაშინვე და ყველგან იგრძნობთ, რადგან სამეფო კლუბის ლოგოიან ათასგვარ ნივთს ყველგან წააწყდებით. სპორტულ მადრიდზე საუბრისას კიდევ „ატლეტიკოც“ უნდა ვახსენოთ, რომელსაც არანაკლები რაოდენობის გულშემატკივრები ყავს და ქუჩებში „ატლეტიკოს“ ლოგოიან ნაწარმსაც ასევე ხშირად გადააწყდებით. შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ მადრიდულ კლუბებს არაფრით ჩამოუვარდება მოსისხლე „ბარსელონა“, რომელიც იდენტური რაოდენობითაა წარმოდგენილი.

სპორტულ მადრიდზე საუბრისას კი ცალკე მინდა გამოვყო ერთი მაღაზია, რომელიც ცენტრში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, პუერტა დელ სოლზე მდებარობს და გულგრილს ალბათ ვერავის (თვით არასპორტულ ადამიანებსაც) ვერ დატოვებს. ამ ორსართულიანი მაღაზიის უემოციოდ დატოვება შეუძლებელია.

ეს გახლავთ საფეხბურთო მაღაზია, სადაც უამრავი კლუბის ოფიციალური პროდუქციაა წარმოდგენილი და სულო და გულო რას არ ნახავთ, თან ახალ კოლექციებს და თუ შესაბამისი თანხა არ გაგაჩნიათ, მაშინ ან გული უნდა გაიმაგროთ ან თავი დაარწმუნოთ, რომ მაღაზიაში კი არა მუზეუმში ხართ. სანახავი კი იცოცხლეთ ისეთებია. მაღაზიაში? – დიახ მაღაზიაში! – აქ არის თვით დიეგო მარადონას და პელეს მაისურები ავტოგრაფით, ასევე მესის და რონალდოს ავტოგრაფიანი მაისურები. მარტო ესენიც ხომ საკმარისია, მაგრამ კიდევ სხვებიც არიან: მალდინი, მარიო კემპესი, როი კინი, იან რაში, გარი ლინეკერი და სხვები.
ესენი ბუნებრივია არ იყიდება (დაუკითხავად აღებაც თითქმის შეუძლებელია), სამაგიეროდ იცით რა იყიდება: დიეგო მარადონას ავტოგრაფიანი ბუცი, ოღონდ 600 ევრო ღირს. თან ბუცი ახალია, ფეხბურთის ღმერთის ნაცვამი არ არის.

პირველი სართული „რეალს“ და „ბარსას“ უკავიათ (ერთმანეთს უყურებენ. ალბათ უფრო ედრებიან) და გვერდზეა „ატლეტიკო“, ცოტაც „მანჩესტერი“ და „ბაიერნი“, ქვემო სართულზე კი ისეთ უნდებს გადააწყდებით, რომლის ეკიპირების შოვნა ალბათ ყველგან რომ გაგიჭირდებათ: მთელი სეგუნდა დივიზიონი, „სტოკი“, „ბლექბერნი“, „პალერმო“, „სამპდორია“, „აინტრახტი“, „ჰერტა“, „ჰამბურგი“, „ლილი“, „ტულუზი“, „დენ ჰააგი“, „ბოავიშტა’, „ანდერლეხტი“, „სელტიკი“, „ბოკა ხუნიორსი“, „ფლამენგო“, „კილმარნოკი“, „რაპიდი“ და სხვები.

თქმაც არ უნდა, რა გუნდების რა ეკიპირება იქნება წარმოდგენილი, მაგრამ გულს გაუხარდება და მაინც ჩამოვთვალოთ: „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ტოტენჰემი“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, რომა“, „ბორუსია“, პსჟ, „ბენფიკა“, აიაქსი“ და სხვები და სხვები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სანაკრებო ფორმებიც ემატება.

აი ასეთი დიდი გეოგრაფიის, საოცნებო პროდუქციის მქონე გახლავთ მაღაზია futbolmania, სადაც თუ 85 ევროიან მაისურს ვერ გაწვდებით (ჩემი არ იყოს), მარადონას ნაღდ მაისურს მაინც ხომ ნახავთ.


ვახტანგ დარასელია

მადრიდი-თბილისი

 

https://youtu.be/zS7-B4Iui-U

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g