საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ორ პაციენტს გამოჯანმრთელებულის პლაზმით მკურნალობენ.
როგორც „ფორტუნას“ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განუცხადა, ორივე პაციენტთან მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ერთი უკვე გაწერისთვის ემზადება, მეორე პაციენტზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი.
„პირველ პაციენტს პლაზმის გადასხმა ორჯერადად ჩაუტარდა. ეს პაციენტი ჩვენთან, ინფექციურ საავადმყოფოში დაახლოებით ერთი თვეა წევს.
პაციენტი 80 წელს გადაცილებულია. აწუხებს ჰიპერტონია, დიაბეტი, რომ შემოვიდა ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. მისი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. ამიტომ ჩატარდა პლაზმის გადასხმა. ამ პაციენტის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია. შეიძლება ითქვას, რომ მისი ასაკიდან და ქრონიკული დაავადებებიდან გამომდინარე, ნელა მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მალე დატოვებს კლინიკას და ბინაზე გაეწერება.
შეიძლება ითქვას, პლაზმით მკურნალობის შედეგი იყო ძალიან კარგი. ის, რომ ეს ადამიანი ცოცხალია, სხვა პრეპარატებთან ერთად, არის პლაზმის დამსახურება.
მეორე პაციენტი, რომელთანაც ეს მეთოდი იქნა გამოყენებული, ჯერ მკურნალობას აგრძელებს. პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, თუმცა მისი მდგომარეობაც მძიმე იყო, მძიმე პნევმონია ჰქონდა, ამიტომ გადაწყდა ასეთი მკურნალობის ჩატარება.
ბოლომდე ვერ ვიტყვით, როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ მდგომარეობა აქაც გაუმჯობესებულია და ველოდებით დადებით შედეგს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ ჩვენთან საუბარში.