LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორო ვმართოთ ქრონიკული დაავადებები ზაფხულში? – რეკომენდაციები სპეციალისტისგან

824
თოდუას კლინიკა

ზაფხულში, მაღალი ტემპერატურის პირობებში, ყველა ჩვენგანს შეიძლება შეექმნას სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურა საგრძნობლად ზრდის ზოგიერთი დაავადების გამწვავების რისკს.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის თერაპევტთან მაკა ღუჭაშვილთან ერთად გავარკვევთ, რომელი ქრონიკული დაავადებებია განსაკუთრებით საყურადღებო ზაფხულში და როგორ შეიძლება მათი გამწვავების თავიდან აცილება.

ქალბატონო მაკა, რა ტიპის ქრონიკული დაავადებები შეიძლება გამწვავდეს ზაფხულში?

ზოგადად, მაღალმა ტემპერატურამ ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება ჯანმრთელ ადამიანსაც შეუქმნას. მეტად მოსალოდნელია იმ პაციენტების მდგომარეობის გაუარესება, რომლებსაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. თუმცა რეკომენდაციების დაცვით, მათი გამწვავების თავიდან აცილება შესაძლებელია.

ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ზაფხულში მწვავდება, შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებად დავყოთ, ესენია: სასუნთქი სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის, საშარდე სისტემის, კანის დაავადებები და სხვა.

სასუნთქი გზების რომელი დაავადებებია განსაკუთრებულად საყურადღებო?

სასუნთქი სისტემის პათოლოგიებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) და ბრონქული ასთმა. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ჰაერი კიდევ უფრო ბინძურდება, იმატებს ნახშირორჟანგისა და მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია. ამასთანავე, ხშირია შიდა სივრცეების გადაჭარბებული გაგრილება, რაც ჰაერის გამოშრობას განაპირობებს. ეს ყველაფერი კი შეიძლება უარყოფითად აისახოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებზე. დაავადებების გამწვავება შეიძლება ხველით, ცემინებით, ქოშინით, მსტვინავი სუნთქვითა და გულმკერდის არეში შებოჭვის შეგრძნებით გამოვლინდეს.

როგორია გულსისხლძარღვთა სისტემის იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებიც წელიწადის ამ დროს მწვავდება?

ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჰიპერტენზიისა და არითმიის მქონე პირებს. მაღალი ტემპერატურის პირობებში ჭარბად გამოიყოფა ოფლი, ფართოვდება პერიფერიული სისხლძარღვები, ხშირია წნევის ცვალებადობა. იმისათვის, რომ სისხლის ნორმალური მიმოქცევა შენარჩუნდეს, გული უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას, რაც ამ დაავადების მქონე პაციენტებზე განსაკუთრებით უარყოფითად აისახება.

სისხლის მიმოქცევის შეფერხება სითხის დეფიციტითაა განპირობებული, ამიტომ გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტები განსაკუთრებით უნდა ეცადონ, მიიღონ საკმარისი წყალი. არანაკლებ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის მონიტორინგიც.

კანის რომელი ქრონიკული დაავადებების მიმართ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება?

კანის ისეთი ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა ატიპიური დერმატიტი, როზაცეა, ფსორიაზი და სხვა, შესაძლოა არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ წელიწადის ცივ სეზონზეც გამწვავდეს. საქმე ისაა, რომ მათზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურული ცვლილებები და ტენიანობის განსხვავებული დონე. ზაფხულში კანის დაავადებების გამწვავებას ძირითადად ჭარბი ოფლიანობა და ალერგენების სიმრავლე განაპირობებს. შედეგად, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი დაავადების მქონე პაციენტებს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოუვლინდეთ კანზე სიწითლეები, გამონაყარი და აღენიშნებოდეთ ქავილი. ამ ჩივილების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ, კარგად დაიტენიანოთ კანი და დაიცვათ ის მზისგან დამცავი საშუალებებით.

როგორც ვიცით, არანაკლები ყურადღება უნდა გამოიჩინონ დიაბეტის მქონე ადამიანებმაც. რატომ მწვავდება დაავადება ზაფხულში?

ზაფხულში დიაბეტის მქონე პირებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჰიდრატაციას, რადგან არასაკმარისი სითხის მიღების დროს სისხლში შაქრის დონე იზრდება. თავის მხრივ, გლუკოზის მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი შარდვა, რაც გაუწყლოვნებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ამიტომ დიაბეტის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა მიიღონ საკმარისი სითხე.

ცალკე უნდა გამოვყოთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება – ქრონიკული ვენური უკმარისობა. საქმე ისაა, რომ როდესაც ცხელა, ვენების სანათურის კედლები ფართოვდება, უარესდება ლიმფის დრენაჟი და ხდება მიკროცირკულაციური პროცესის მოშლა. შედეგად, სიცხის დროს ვენური შეშუპება კიდევ უფრო მეტადაა გამოხატულია.

რა რეკომენდაციებს მისცემდით პაციენტებს გართულებების პრევენციისთვის?

უპირველესად, მაქსიმალურად ეცადეთ მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას მაღალი ტემპერატურის დროს, განსაკუთრებით შუა დღეს. ასევე, მოერიდეთ მცხუნვარე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, მოხრილ მდგომარეობაში მუშაობას. ასეთ დროს კიდევ უფრო ძლიერდება ოფლდენა და ბევრ სითხეს ვკარგავთ. ამიტომ ფიზიკური აქტივობები უმჯობესია დილას ან საღამოს დაგეგმოთ. არ დაივიწყოთ მზეზე ყოფნის დროს ქუდის ტარება და მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება.

მაღალი ტემპერატურის დროს, სასურველია, გავაგრილოთ შიდა სივრცეები, თუმცა ზომიერად. გირჩევთ ატაროთ ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული და ღია ფერის ტანსაცმელი, რათა მაქსიმალურად დაიცვათ თავი მზის სხივების ზემოქმედებისგან. აუცილებელია მივიღოთ მინიმუმ 1,5 -2 ლიტრი  წყალი, მათ შორის, მინერალური, რათა შევინარჩუნოთ მიკროელემენტების – კალიუმისა და მაგნიუმის თანაფარდობა და კონცენტრაცია.

ზაფხულში არანაკლებ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ კვებასაც. ცხელ პერიოდში შეეცადეთ მიირთვათ ნაკლებად ცხელი, ცხიმიანი და შემწვარი პროდუქტები. გირჩევთ, შეამციროთ ჭარბი ხორცის მოხმარება და მეტად გაამდიდროთ რაციონი ბოსტნეულითა და ხილით.

magti 5g