ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო როკფელერის ნაძვის ხე განათდა.
ტრადიცია, რომელიც 1931 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო 1951 წლიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემა, წელს განსხვავებულად შესრულდა.
ნაძვის ხის განათების ცერემონიალს, რომელსაც მანჰეტენზე ყოველ წელს ათიათასობით ადამიანი ესწრება, ახლა საზოგადოება ტელეეთერით ადევნებდა თვალს:
ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, მორთულია 50 000 ნათურით და ამშვენებს ბროლის ვარსკვლავი.
უჩვეულო იყო ერთსაათიანი საშობაო მუსიკალური წარმოდგენაც მაყურებლის გარეშე.
როკფელერის ნაძვის ხეს წელს ერთი განსაკუთრებული სიმბოლოც ჰყავს, ამავე სახელწოდების ბუ.
როკფელერის თავგადასავალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მუშებმა მისი ხე მოჭრეს და ნიუ-იორკში, თითქმის 273 კმ-ის მანძილზე გადაიტანეს.
შეშინებული ფრინველი ხის ტოტებში სამი დღის შემდეგ აღმოაჩინეს, გამოკვებეს და რამდენიმე დღეში კვლავ ბუნებაში დააბრუნეს.
თუმცა ის მანამდე მთელმა მსოფლიომ გაიცნო.
ასე გამოიყურება ბუ როკფელერი.
ასე გამოიყურებოდა პირველი ნაძვის ხე როკფელერის ცენტრში, რომელიც 1931 წელს აღმართეს.
89-ე წელია, ნიუ-იორკი ტრადიციას არ ღალატობს, ქალაქის მთავარი საშობა ატრაქციაც წლების გასვლასთან ერთად, უფრო და უფრო იხვეწება.