19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა…მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ ზეპელინმა” შექმნა… არცთუ შორეულ წარსულში მოსმენილი მისტიკური მელოდიების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს თუ ცოცხლად მოისმენდნენ, ვერავინ იფიქრებდა…
რობერტ პლანტი საქართველოში ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო ჯაზფესტივალის გახსნისთვის ჩამოვიდა და ფესტივალის წლევანდელი დასაწყისი დაუვიწყარი გახადა…
კონცერტამდე პლანტმა ჯგუფთან ერთად ხმის შემოწმება გაიარა. ამ დროისთვის საზოგადოება გარეთ უკვე იკრიბებოდა და სიამოვნებით ტკბებოდნენ ნაცნობი თუ შედარებით ახალი მელოდიებიდან ნაწყვეტებით, იცოდნენ რა, რომ მთელი კონცერტი ელოდათ წინ.
პლანტი სცენაზე სათამოს ცხრა საათზე გამოვიდა. რა თქმა უნდა, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ მას უდიდესი აპლოდისმენტებით შეხვდნენ, რაც, როგორც ჩანს, თავად ძალიან გაუკვირდა და საღამოს მსვლელობისას რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა სითბოსთვის არენაზე შეკრებილ მაყურებელს.
შესანიშნავი კონცერტი გამოვიდა. 69 წლის პლანტი კვლავ ფორმაშია და მისი ხმა ბრწყინვალედ ჟღერდა.
ყველა კომპოზიციის შემდეგ დარბაზი ზუსტად რეაგირებდა და მუსიკოსებიც კიდევ უფრო მეტი ენერგიით აგრძელებდნენ. ორმა კომპოზიციამ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია – Babe, I’m Gonna Leave You-ს შესრულებისას მსმენელი პლანტთან ერთად მღეროდა, გიტარისტის ხანგრძლივ სოლოს კი ხანგრძლივი ტაში მოჰყვა…
ბისზე გამოსულმა კი ის სიმღერა შეასრულა, რომელსაც მაყურებელი ერთ-ერთ პირველს ელოდა – whole lotta love, “ლედ ზეპელინის” ეს ტრეკი თავისი ჟღერადობით, დღესაც აქტუალური და საინტერესოა მუსიკალურად და ალბათ, არასდროს დაკარგავს თავის ღირებულებას. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა კონცერტზე…
მისი დასრულების შემდეგ დარბაზი ახმაურდა… ერთმანეთს ემოციებს უცვლიდნენ, მეორედ ივსებოდნენ ემოციებით და ისევ იცლებოდნენ.
დარბაზში პოლონელი მსმენელი ვნახეთ, რომელმაც გაგვიმხილა: “ორი კვირაა, აქ ვართ. მოვინახულეთ საოცარი ადგილები, მათ შორის ყაზბეგი… ინტერნეტში ვნახეთ, რომ რობერტ პლანტის კონცერტი იმართებოდა. ხვალ მივდივართ და დღეს, ამ არაჩეულებრივ არენაზე შესანიშნავ კონცერტს დავესწარით. ძალიან ბედნიერები ვართ. აქ გამგზავრებამდე სპეციალურად კონცერტისთვის ჩამოვედით…”
ერთმა ქართველმა მსმენელმა კი, რომელიც როკის დიდი მოყვარული გახლდათ, გვითხრა: “როგორ მომეწონა ეს კონცერტი? კონცერტები საქართველოში ხშირად ტარდება. ეს არ იყო კონცერტი, ეს იყო ლეგენდარული გამოსვლა…”
ნინო მურღულია