მსახიობ როლანდ ოქროპირიძის წაკითხული ლექსი თუ შესრულებული სიმღერები ბოლო დროს ძალიან აქტუალურია. ახლახან მან „პოსტივის“ დილის გადაცემის წამყვანად დაიწყო მუშაობა, მანამდე კი პაატა გულიაშვილის შოუში შესრულებულმა სიმღერამ მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა.
როლანდი fortuna.ge-ს ესაუბრა რთული პერიოდის შესახებ, რომელსაც უკვე სამი წელია, რაც გადის.
როლანდ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული ხარ… რას მიაწერ ამ ყველაფერს?
დაახლოებით სამი წელიწადი მძიმე პერიოდი მქონდა, საკმაოდ რთული დრო გავიარე, ცხოვრებაში მოდის ხოლმე ასეთი პერიოდი, კითხვის ნიშნებიც მქონდა საკუთარ თავთან და მატერიალური კუთხითაც იყო პრობლემები. რაღაცას რომ ვერ იღებ სამყაროსგან ისე, როგორც გინდა და აქედან გამომდინარე, საკუთარ თავს რომ უშავებ. მძიმე და მტკივნეული ამბები მქონდა.
დღეს გადალახულია ეს პერიოდი?
იგივე გრძელდება ნაწილობრივ, თუმცა ვუბრუნდები ჩემს ნამდვილ მე-ს, რადგან საქმე გამომიჩნდა, რომელიც მიყვარს. სასიამოვნოა, რომ ვიხარჯები. ის სამი წელი საქმეც არ მქონდა. როცა ადამიანს რაღაცები გტკივა და გაწუხებს, უფრო კარგად გამოდის ლექსიც, სიმღერაც და ყველაფერიც. ეს ტკივილი გადადის ხელოვნებაში, უფრო ბასრი ხდება შენი სიტყვაც, ემოციაც უფრო ზუსტია.
პაატა გულიაშვილის შოუში შენ მიერ შესრულებული „ჩემო თელავო“ საზოგადოებამ განსაკუთრებულად აიტაცა…
მე დღეში სამჯერ მაინც ვმღერი ხოლმე ასე, მაგრამ ვის აინტერესებს?!. თავისით მოხდა ისე, რომ ხალხმა აიტაცა. დაგეგმილადაც არ მიმღერია. ნაწყვეტი ვიმღერე. გულიაშვილმა ჯერ სხვა სიმღერა შემომთავაზა, „ჩემო თელავო“ შევთავაზე და ხალხს მოეწონა. ეს არ მიკვირს, კარგი გაგებით. მესმის, ვიცი, რომ ხალხს ვუყვარვარ, რადგან მეც მიყვარს ხალხი. ძალიან თბილად გამოხატავენ, ნაირ-ნაირად, ყველა თავისებურად. ზოგი სასაცილოდ, ზოგი საყვარლად, დიდი სიხარულითაც და შემაწუხებლადაც, მაგრამ მერე რა…
შენ ხარ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, პოპულარულია, პაუზების მიუხედავად. რა არის შენი წარმატების მიზეზი?
ალბათ, რაღაცებს რომ ვაკეთებ დროდადრო, მოსწონს ხალხს და გამომდის კიდეც.
როგორც მსახიობს, რაზე გწყდება გული? დრო ხომ არ დაკარგე?
დრო დაიკარგა, თუნდაც თეატრში, თუმცა თუ რეჟისორს არ უნდა შენთან მუშაობა, რა უნდა ქნა?!.. არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც არ გამოსდის იმის ყვირილი, აი, მე აქ ვარ-მეთქი, მიხარია, რომ ეს არ გამომდის, თუმცა რაღაც დონეზე საჭიროა, რომ არ დაიმალო მაინც. მე პირიქით მემართება. მე, მე, მე-ს ძახილი ჩემი არ არის. მერე შეიძლება, უფრო დიდი დისკომფორტი მქონდეს. სინდისი მაგარი რამეა, გეუბნება, ასე გააკეთე, ასე არ გააკეთოო… მე ჩემს თავს ვენდობი, მიყვარს, როცა თუნდაც ვცდები, მაგრამ თავად ვწყვეტ. სამაგიეროდ, მე რაც გადავწყვიტე, ის გავაკეთე.
ნანობ რამეს?
ხან ვნანობ, ხან – არა. რაც უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ხდება. თუ რამე ტკივილს მიღებ და მძიმე ამბავს გამოივლი, ეს გამოცდილებაა. შეგიძლია, ამ გამოცდილებით უხილავი მშვილდი და ისარი დაამზადო და გაუშვა ხალხში, შენს მაყურებელში. ეს ისრები, ზოგადად, ძალიან ბასრია ხოლმე…
4 შვილის მამა ხარ. ეს ცალკე საქმიანობაა. როგორ ართმევ თავს?
რთული საქმიანობაა და შეიძლება ითქვას, რომ თავს ვერ ვართმევ, ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ უფრო მეტის გაკეთება მინდა მათთვის და ჯერჯერობით ისე ვერ ვაკეთებ, როგორი სურვილიც მაქვს. მინდა, რომ ჩემი შვილები იყვნენ კარგი ქართველები, ქრისტიანები და ღირსეული ადამიანები.
გინდა, რომელიმე მათგანი მსახიობის გზას გაჰყვე?
არა, რადგან რაღაცნაირი პროფესიაა. უფროსს ძალიან უნდოდა, მაგრამ წელს ვერ მოხვდა. მე არანაირი დახმარება არ გამიწევია, ამას არასდროს გავაკეთებ. თუ დაინახავენ მასში საინტერესო რამეს, თავად აიყვანენ. არავის არაფერს ვთხოვ და არც უნდა გაითვალისწინოს ვინმემ, თუკი ამ ინტერვიუს წაიკითხავს. რაც გინდა ნიჭიერი იყოს ადამიანი, რთული პროფესია. თუ არაფერი გააჩნია, მისთვის ორმაგად რთულია ან შესაძლოა, გარეწარი გახდეს, რომ სადმე მოხვდეს. ჩემმა უფროსმა შვილმა სხვაგან ჩააბარა, მაგრამ სამოყვარულო სპექტაკლებში თამაშობს. აშკარად უნდა ეს პროფესია…
კახეთში გაქვს სათევზაო მეურნეობა, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით მიიღე…
მამისგან მაქვს, საბოლოოდ, სახელმწიფოსგან შევისყიდე. ეს არის ადგილი, სოფელ ზიარში, ზიარის ტბაზე გვაქვს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან სათევზაოდ, პიკნიკისთვის. ბოლო ორი წელია, იქაც ცუდი სიტუაციაა, გაჩერებული ვარ, რადგან ფული არის საჭირო განვითარებისთვის. ბანკში რომ მიდიხარ, დიდ პროცენტს გეუბნებიან ან ფულს არ გაძლევენ, რადგან ვერ აჩვენებ შემოსავალს, 800 ლარი რომ გაქვს ხელფასი, რა უნდა აჩვენო? ამ ქვეყნიდან წასვლა არსად მინდა, ამიტომ ვცდილობდი, ეს ადგილი დამოუკიდებლად გამეცოცხლებინა. დამხმარეც არავინ მყავს, სულ ქალბატონები მახვევია გარს და როგორც შეუძლიათ, მეხმარებიან, მაგრამ მამაკაცი რომ მოგეხმარება, რა თქმა უნდა, ისე ქალი ვერ გაგიწევს დახმარებას. ძნელია, თეატრშიც იარო, თან კახეთში მოუარო სახლს, ვენახს და მეურნეობას. ბოლო ორი წელი ისე დავიღალე, რომ გავჩერდი, თუმცა იმედი მაქვს, რომ საინტერესო რამ მოხდება…
10 წლის მერე რას ფიქრობ, როგორი იქნება შენი ცხოვრება?
არ ვიცი, იმედი მაქვს, ასრულდება ჩემი მიზნები და ოცნებები და რაც ჩემს წარმოდგენაში მაქვს, ახდება, მაგალითად, თუნდაც ჩემს სათევზაო მეურნეობასთან დაკავშირებით ან სხვა თემებთან მიმართებაში. წარმომიდგენია, რომ ჯანმრთელად ვიქნები და ყველაფერი კარგად იქნება…
ინტერვიუ: ნინო მურღულია